
ევროპაში საფეხბურთო ჩემპიონატები ნელ-ნელა იქოქება. 28 აგვისტოს ქართული ლეგიონის ნაწილის კლუბებმა მორიგი მატჩები გამართეს. დავიწყოთ ესპანეთის ჩემპიონატით, სადაც ლა ლიგაში დებიტი ჰქონდა გიორგი გულიაშვილს. მოგეხსენებათ, ქართველი ტრავმის შემდეგ, ხანგრძლივ რეაბილიტაციას გადიოდა. ამჯერად კი, ლა ლიგის მე-3 ტურში, საშინაო შეხვედრაში „ელჩეს" წინააღმდეგ გამოჩნდა. ქართველი მოედანზე 69-ე წუთზე შემოვიდა. ამ მომენტში, პირველ ტაიმში, ზაბირის შესრულებული ჰეთ-თრიქის წყალობით, სანტანდერის „რასინგი" უკვე 3-0 იგებდა. თუმცა, სტუმრებმა მატჩის მიწურულს ორი გოლი გაქვითეს და შეხვედრა საბოლოოდ 3-2 დასრულდა. „რასინგი" კი, სამი ტურის შემდეგ, მე-8 ადგილზეა.
უჩვეულოდ, სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში, მე-14 ადგილზეა გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი". გასვლით შეხვედრაში „ალავესის" წინააღმდეგ, ქართველის გუნდი პირველ ტაიმში გაშვებული გოლის წყალობით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დამარცხდა. ჟორჟმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და ისე არ წაუვიდა თამაში, როგორც მისგან ჩვეულნი ვართ. ქართველი 82-ე წუთზე შეცვალეს.
აქვე გეტყვით, რომ ხვალ, თბილისის დროით 21:00 საათზე გიორგი გოჩოლეიშვილის „კადიზი" „ვალიადოლოდს" უმასპინძლებს. 31 აგვისტო კი, საბა საზონოვის „ხეტაფე" გასვლაზე „ოსასუნას" (21:30), გიორგი წიტაიშვილის ახალი კლუბი „რაიო ვაკეკანო" კი, „ბარსელონას" (23:30) დაუპირისპირდება.
ლა ლიგადან საფრანგეთის ლიგა 1-ში გადავინაცვლოთ, სადაც მე-2 ტური დაიწყო და სადაც, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ, ცოტა მძიმედ იწყებს. ევროპის საუკეთესო კლუბი, ზედიზედ მეორე მატჩს ატარებს გასვლაზე და ამჯერადაც, მხოლოდ ქულას სჯერდება. ქართველის გუნდმა ამჯერად, ქულები „ლილთან" გაიყო. „კვარა" კი, მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა. იმისდა მიუხედავად, რომ ჯერ მხოლოდ მე-2 ტური დასრულდა, პსჟ უჩვეულოდ მე-9 ადგილზეა.
აქვე გეტყვით, რომ ბულგარეთის პირველ ლიგაში მე-7 ტური გაიმართა. სოფიის ცსკა 1948-ის შემადგენლობაში ისევ არ იყო ქართველი მცველი ლაშა დვალი.
ამ დროისთვის სულ ეს იყო, ვნახოთ, ხვალ როგორ განვითარდება მოვლენები ქართული ლეგიონისთვის.





ჩვენ







