კსუ-მ არც ერთი თამაში წააგო, თუმცა, ჯგუფიდან ვერ გავიდა
კსუ-მ არც ერთი თამაში წააგო, თუმცა, ჯგუფიდან ვერ გავიდა
30.08.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ფუტსალში საქართველოს ჩემპიონს კსუ-ს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ჯგუფის მოსაგებად 10 წუთი დააკლდა. საკვალიფიკაციო მინი-ტურნირის ბოლო საასპარეზო დღემდე, C ჯგუფში, რომელსაც ბოსნია და ჰერცეგოვინა მასპინძლობდა, ადგილობრივი „ბუბა მარა" და ჩვენი კსუ, 6-6 ქულით ლიდერობდნენ. თუმცა, გატანილი გოლების მაჩვენებლით პირველ ადგილზე მასპინძელი გუნდი იყო. შესაბამისად, ჯგუფის მოსაგებად, დღევანდელ, ჯგუფის ბოლო შეხვედრაში „ბუბა მარას" ფრე, ჩვენს გუნდს კი, მხოლოდ მოგება აძლევდა ხელს.


აქედან გამომდინარეობდა თამაშის დაძაბული და პრინციპული ხასიათიც. მეორე ტაიმში ორივე გუნდს მოთამაშეები გაუძევეს. ჩვენგან, რონინიო. ანგარიში კი, მატჩის დაწყებიდან ძალიან მალე, 2'13'' წუთზე ვახტანგ კეკელიამ გახსნა. 10'15'' წუთზე მასპინძელთაგან კოსტომ პენალტით გაათანაბრა. ზოგადად, ამ ფეხბურთელმა დღევანდელ შეხვედრაში კიდევ ორი პენალტი გაიტანა 17'16'' და 24'19'' წუთებზე. თუმცა, ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ შუალედში ბოსნიელებმა ორი ავტოგოლიც გაიტანეს - ამ მხრივ პერიჩი გამოირჩა ავტო-დუბლით (10'22'', 21'18''). როგორც ხედავთ, „ბუბა მარას" „დახმარებით" 25-ე წუთისთვის ანგარიში ფრე იყო, 3-3. 25'08'' წუთზე კი, დუბლი კეკელიამ გაიფორმა და საქართველოს ჩემპიონი ერთბურთიანი სხვაობით დააწინაურა. ქართული კლუბი უტევდა, თუმცა, მიზანმიმართულ დარტყმამდე საქმე არ მიდიოდა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ უფრო მწვავე მომენტები „ბუბა მარას" ჰქონდა და უკვე ტრადიციულად ფუტსალის ქართველი ქომაგისთვის კარგად ნაცნობი მეკარეც, ალი ასლანიც მორიგ სასწაულებს ახდენდა. ალის, თამაშის შემდეგ, 20-ზე მეტი სეივი დაუგროვდა. თუმცა, 30'33'' წუთზე დარტყმულ ბურთს კსუ-ს მეკარე უფრო ვერ ხედავდა, რადგან მისი წინ საკმაოდ ხალხმრავლობა იყო. სამწუხაროდ, პედრო სილვას გატანილი ეს გოლი, ამ თამაშის და ზოგადად, ამ „ფინალურ" შეხვედრაში გადამწყვეტი გამოდგა. ბოსნიელებმა გაათანაბრეს, 4-4 და მატჩის შემდეგაც ორივე გუნდს, თანაბარი 7-7 ქულა ეწერა ცხრილში, თუმცა მეტი გატანილი გოლის წყალობით, გათამაშების მომდევნო ეტაპზე „ბუმა მარა" გავიდა.


აქვე გეტყვით, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინამ საკვალიფიკაციო ტურნირს მეორედ უმასპინძლა. ალბათ, კარგი იქნება, თუ მომავალში საკვალიფიკაციო მინი-ტურნის საქართველოში „წამოღებას" ფუტსალში, საქართველოს ჩემპიონი შეეცდება - სახლში მაინც, ყველაფერი უფრო ჩვენს წისქვილზე დაასხამს წყალს.