
მოქმედმა მსოფლიო და ევროპის ჩემპიონმა ეთერ ლიპარტელიანმა, აპრილში თბილიში დასრულებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, პირველ შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა და კვლავ გაიმარჯვა. ამჯერად, ქართული ქალთა ჯუდოს ისტორიის მწერალმა, ლოზანაში მიმდინარე გრან-სლემზე -57 კგ წონითი კატეგორია მოიგო. ამასთან, ქართველმა მისთვის ყველაზე უხერხული მეტოქე, ფრანგი სარა-ლეონ სისიკი დაამარცხა. ჯუდოკა, რომელსაც დღემდე 10-ჯერ იყო შეხვედრილი და მხოლოდ ერთხელ, 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ჰყავდა დამარცხებული.
„ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ჩემთვის პირველი შეჯიბრი იყო და რთული იყო. პირველი შეხვედრა, რა თქმა უნდა გამიჭირდა, მაგრამ ყველანაირად მზად ვიყავი, გავმხდარიყავი ჩემპიონი.
სისიკი რა თქმა უნდა არის ძალიან ძლიერი სპორტსმენი. ჩვენ ბევრჯერ შევხვედრილვართ ერთმანეთს და ბევრჯერ მაქვს წაგებული მასთან. ყოველთვის ჩვენი შეხვედრა არის უძლიერესი, უმაგრესი და ყოველთვის ვცდილობ, რომ მაქსიმალური ჩავდო ამ ბრძოლაში. შიში, რა თქმა უნდა არასდროს არავის წინააღმდეგ არ მქონია და არც აქ არ მქონდა, არც შიში, არც განცდა. უბრალოდ, ერთი მიზანი მქონდა, გავმხდარიყავი ჩემპიონი, არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ იქნებოდა მოწინააღმდეგე ფინალში. უკვე ძალიან დიდი გამოცდილება დავაგროვე, მივხვდი, როგორ უნდა მებრძოლა სისიკთან და შესაბამისად, ამ ტაქტიკურმა ბრძოლამ გაამართლა.
წამოსვლის წინ, ჩემს მეუღლესთან ერთად ვვარჯიშობდი და ჩემს მეუღლეს, ხშირად ვაგდებდი ამ ილეთზე და შესაბამისად, ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ეს ილეთი აქაც გამომივიდოდა. მართლაც, გაამართლა. ძალიან ვიყავი დარწმუნებული, რომ ეს ილეთი ძალიან კარგად გამომივიდოდა.
შემდეგი გეგმები, რა თქმა უნდა მსოფლიო ჩემპიონატი იქნება. კარგი სტარტი მქონდა და შევეცდები ეს ფორმა შევინარჩუნო, უფრო გავაუმჯობესო და მსოფლიო ჩემპიონატზე უფრო მაგარ ფორმაში წარვდგე", - ამბობს ეთერ ლიპარტელიანი.
მსოფლიო ჩემპიონატამდე უნგრეთის გრან სლემიღა რჩება, სადაც ჯერ საქართველოს ნაკრებიდან არც ერთი სპორტსმენი არ არის დარეგისტრირებული. უკვე მომდევნო შეჯიბრი კი, ბაქოში 4-11 ოქტომბერს გაიმართება, სადაც ეთოს ასპარეზობა 6 ოქტომბერს მოუწევს.
ფოტო:(c) IJF/ თამუნა ყულუმბეგაშვილი





ჩვენ







