
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ფიბა-ს, 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაიწყო. ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდმა მონტენეგრო 101-74 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ თამაში დაძაბული გამოდგა და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. თუმცა, საერთო ჯამში საქართველოს ნაკრებმა პირველ მეოთხედში მიღწეული უპირატესობა ხელიდან არ გაუშვა, მეტოქეს არ მისაცა შესაძლებლობა არც ერთ მონაკვეთში დაწინაურებულიყო და საბოლოოდ, დამაჯერებლადაც გაიმარჯვა. თუმცა, იყო ჩავარდნები, მაგალითად მეორე მეოთხედში, როდესაც, 17-ქულიანი უპირატესობა მეორე მეოთხედის დასრულებამდე დაახლოებით წუთნახევრით ადრე, სადღაც გაქრა და ტაბლოზე ანგარიში 41-40 იყო.
პირველი მეოთხედი კი, რომელიც საქართველოს ნაკრებმა შემდეგი ხუთეულით - რატი ანდრონიკაშვილი, მარკის რიდი, სანდრო მამუკალეშვილი, თორნიკე შენგელია და გოგა ბითაძის შემადგენლობით დაიწყო, 10 ქულით, 27-17 მოიგო. ჩვენი ნაკრებიდან ყველაზე შედეგიანი ამ მონაკვეთში გოგა ბითაძე იყო. განსაკუთრებით ამ და მომდევნო მეოთხედში თამაში წაუვიდა რატი ანდრონიკაშვილსაც. მატჩის მერე გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჯიკიჩს ჰკითხავენ, სწორი გადაწყვეტილება იყო თუ არა მისგან სასტარტო ხუთეულში ანდრონიკაშვილის დაყენება, რაზეც ჩვენი ეროვნული ნაკრების სერბი სპეციალისტი გადაჭრით უპასუხებს, რომ სწორი იყო და ეს რატის მიერ მთელი მოსამზადებელი ციკლის მანძილზე
„ანდრონიკაშვილმა რომ სასტარტოდან დაიწო, მჯერა სწორი გადაწყვეტილება იყო. მომწონს ის, როგორ მუშაობდა ამ შეკრებაზე, როგორ ითამაშა ისრაელთან. მე ვთვლი, რომ რატი კარგად არის შეთამაშებული რიდთან და ეს ორი კალათბურთელი ერთად გუნდისთვის კარგად ითამაშებს", - ამბობს ჯიკიჩი.
სხვათა შორის, ჯიკიჩი მატჩის შემდეგ იმასაც იტყვის, რომ ბევრის აზრით გუნდს შეეძლო უკეთესად ეთამაშაო. დიახ შეეძლო, მაგრამ მის გუნდს საკმაოდ ძლიერ, ფიზიკურად ძლიერ გუნდთან მოუწია თამაში. ჯიკიჩმა ისიც თქვა, რომ ამ გუნდს, იმ შემადგენლობით, რომელიც დღეს იყო მოედანზე უფრო უკეთესადაც შეუძლია თამაში. დღეს კი, რთული თამაში იყო, მაგრამ საბოლოოდ, ბოლო მეოთხედში მოწინააღმდეგე გავტეხეთო.
მეორე მეოთხედში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მონტენეგროელები ახლოს იყვნენ ანგარიშის გათანაბრებასთან, თუმცა, სანდრო მამუკელაშვილისა და თორნიკე შენგელიას წყალობით, ნაკრებმა ტაიმი მოიგო 48-42, თუმცა, მეოთხედი 4 ქულით 21-25 წავაგეთ. ქართველთა შემადგენლობიდან 11 ქულა ბითაძის ანგარიშზე იყო, აი, თორნიკე შენგელიას გვარის გასწვრივ კი, მხოლოდ 6 ქულა ეწერა და ისიც, მეოთხედის ბოლოსკენ დაგროვებული. რეალურად, შეხვედრის ეს მონაკვეთი ჩავაგდეთ და რაც ძირითადად, მოწინააღმდეგის რიგებში იგორ დრობნიაკის კარგი თამაშით იყო გამოწვეული. ამას გარდა, მატჩის შემდეგ კი, იტყვის, რომ ის როტაციას მიმართავდა, რეალურად როტაციის შესაძლებლობას მოკლებული იყო.
მესამე პერიოდი მოკლედ, შეიძლება ასე დავახასიათოთ, თოკოსა და ბითაძის მონაკვეთი, სადაც მამუკელაშვილი, კარგი „მომმარაგებელი" იყო. ამ მონაკვეთის შემდეგ, გოგას ანგარიშზე უკვე 23 ქულა იყო, თოკოს კი, 16 ქულა ჰქონდა. მამუკელაშვილის 12 ქულა 6 მოხსნა და 5 პასი. მონაკვეთი 29-25 მოვიგეთ, ბოლო პერიოდის წინ კი, ტაბლოზე 77-67 ეწერა, რაც ერთის შეხედვით საკმარისი უნდა ყოფილიყო თამაშის მოსაგებად, თუმცა, მეორე მეოთხედიდან გამომდინარე, ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო. ჩვენთვის ყველა თამაში ფინალი იქნებაო - ეს ჯიკიჩის მატჩამდე ნათქვამი სიტყვებია და რეალურად, დღეს, გუნდი ბოლომდე ბრძოლაში იყო.
„ჩვენი გეგმაა, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი საუკეთესო მოთამაშეების შესაძლებლობები. უბრალოდ, უნდა გააანალიზოთ და ძალიან მკაფიოდ მინდა აგიხსნათ, რომ მათ მხოლოდ ხუთი კვირა ჰქონდათ დასასვენებლად. 100%-ით დარწმუნებული ვარ, არიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან: „მე წლის განმავლობაში ორი კვირა ვისვენებდი" ან „სამი კვირა ვისვენებდი", მაგრამ ასე არაა. ისინი პროფესიონალი სპორტსმენები არიან. ყოველი თამაშის შემდეგ მათ დასვენება სჭირდებათ. ამ ყველაფერზე რომ ვფიქრობ, მართლა ძალიან ბედნიერი და მოხარული ვარ, რომ ისინი ჩამოვიდნენ და საკუთარი ქვეყნისთვის თამაშობენ, წარმოადგენენ ქვეყანას, საკუთარ თავს", - ამბობს ჯიკიჩი.
ჯიკიჩს ან სწორად არ უთარგმნიან, თუ რა იწერება ქართულ მედიაში, ან რაღაც მომენტებში რეალობას აცდენილია, თუმცა, უფრო პირველი ვარიანტი მგონია, რადგან სერბი, ალბათ იმ მწვრთნელების კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც არ ერიდება სიმართლისთვის თვალის გასწორებას. ამიტომ, კარგი იქნება, თუ მწვრთნელამდე, რომელიც დღეს ქართულ ენაზე შეეცადა მარიამობის მოლოცვას და ამასთან, განმარტა, რომ ისიც მორწმუნე ქვეყნიდან არის და მისი ქვეყანაც დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღეს, „ველიკა გოსპოინა"-ს (Velika Gospojina) აღნიშნავს.
ამასობაში, ბოლო პერიოდამდეც მივედით. ვიდრე, უშუალოდ ამ ბოლო მონაკვეთზე ვილაპარაკებთ, უნდა ვთქვათ, რომ დღეს, ხსენებული კალათბურთელების გარდა, ყველამ ვინც, პარკეტზე გამოვიდა „თითო" აგური დადო. მხედველობაში ალექსანდრე მერკვილაძე, დუდა სანაძე, გიორგი ტურძილაძე და გიორგი ოჩხიკიძე მყავს, ამ უკანასკნელმა, ქართული გუნდისთვის მე-100 და 101-ე ქულები ჩააგდო... ეს მეოთხედი 24-7 მოვიგეთ, 17 ქულით, რაც თუკი, მეორე საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, შესაძლოა ძალიან გამოგვადგეს, თუკი, რა თქმა უნდა ქულებს დაითვლიან.
ზოგადად, თუკი, რამდენიმე სტატისტიკურ მაჩვენებელს მოვიშველიებთ, მაგალითად, დაკარგვებს, მთელს თამაშში მხოლოდ 3, 12 ჩაჭრასთან და 23 შედეგიან გადაცემასთან ერთად, ამასთან მეორე მეოთხედს არ გავითვალისწინებთ, ჩანდა რომ ჯიკიჩის გუნდს თამაში სოლიდური სხვაობით ინდა მოეგო. თუმცა, ამ მეორე მეოთხედმა, ცოტა არ იყოს დაგვძაბა ჩვენ, თუმცა, არა საქართველოს ნაკრების მოთამაშეები.
„რთული თამაში გვქონდა. მართალია, ჩვენ მოვახერხეთ, ლიდერები ვყოფილიყავით, თუმცა, მოწინააღმდეგემ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა და თამაშში დაბრუნება. მეორე ტაიმში შევეცადეთ, უფრო მეტად აგრესიულები ვყოფილიყავით, ძირითადად დაცვაში. შეტევაში კი ბურთს ერთმანეთს გადაცემებით ვამარაგებდით. თუ ორივე კომპონენტს კარგად ვასრულებთ, მაშინ კარგი შედეგიც მოდის. ეს იყო მთავარი", - ამბობს თოკო შენგელია, რომელიც მოგვიანებით დასძენს, რომ „ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ და ვიცოდით, რომ 17-ქულიან უპირატესობას კიდევ უფრო ვერ გაზრდიდით, ისინიც ჩააგდებდნენ ბურთებს, მაგრამ შესვენებაზე ძალიან კარგი საუბარი გვქონდა, კონცენტრირებულები გამოვედით და გვინდოდა სასურველი შედეგის მიღწევა". იქვე, შენგელია იტყვის, რომ ის ამ ეტაპზე, კონკრეტულად საქართველოს ნაკრების თამაშითა და შედეგით არის კონცენტრირებული. ისევე, როგორც მთლიანად გუნდი.
მატჩის შემდეგ, ფიბა-ს ოფიციალურ სტატისტიკის მიხედვით, მარგი ქმედების კოეფიციენტით, ორივე გუნდში საუკეთესო გოგა ბითაძე იყო 24%-ით , 8 მოხსნით, 2 ბლოკითა და 23 ქულით და საუკეთესო მექულე კი, თოკო შენგელია გახდა - 24 ქულით, 21% მარგი ქმედების კოეფიციენტითა და 7 მოხსნით. 8 შედეგიანი გადაცემითა და 5 მოპარვით, ორივე გუნდში საუკეთესო ოყო მარკის რიდი (12 ქულა). საქართველოს ნაკრებიდან 17 ქულა, რაც მესამე შედეგი იყო, სანდრო მამუკელაშვილმა დააგროვა.





ჩვენ







