ორი ქართული დერბი უეფა-ს კონფერენს ლიგის მთავარ ბადეში
ორი ქართული დერბი უეფა-ს კონფერენს ლიგის მთავარ ბადეში
28.08.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღესვე, მონაკოში, უეფა-ს კონფერენს ლიგის ძირითად ეტაპზე თბილისის „იბერია 1999"-ის მეტოქეებიც გაირკვა. ევროპის რანგით მესამე ტურნირის ძირითად ბადეში 36 გუნდი 6 ჯგუფში გადანაწილდა. 22 წლის შემდეგ, ამ ეტაპზე მოასპარეზე ქართულ გუნდს, საკმაოდ საინტერესო მეტოქეები შეგვხვდა და უკვე ვიცით, რომ თბილისში სათამაშოდ საბა საზონოვის „ხეტაფეც" ჩამოვა.


„იბერია 1999"-ი ისევე როგორც გათამაშების ამ ეტაპზე, სამ საშინაო და სამ გასვლით შეხვედრას ჩაატარებენ. საზონოვის „ხეტაფეს" გარდა, თბილისში ჩამოსვლა სერბულ გრანდს „ცრვენა ზვეზდასა" და შვედურ „მიალბის" მოუწევთ. აი, გასვლით მატჩებს კი, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი დანიაში „კოპენჰაგენთან", ბელგიაში „სენტ-ტრუიდენისთან" და ჩეხურ „იაბლონეცთან" გამართავს.


აი, აქ კიდევ ერთი ქართული დერბის მოწმენი გავხდებით, რადგან „იაბლონეცში" ქართველი ვახტანგ ჭანტურიშვილი თამაშობს, რომელსაც საკმაოდ კარგი და საინტერესო სეზონი აქვს.


აქვე ვნახოთ, რომელ გუნდებთან მოუწევთ ასპარეზობა, საბასა და ვახოს გუნდებს.


„ხეტაფეს" და შესაბამისად, საბა საზონოვის მეტოქეები იქნებიან: საშინაო შეხვედრებში - „ბრაიტონი" (ინგლისი), „ლუგანო" (შვეიცარია), „ინტერ კლუბ ესკალდესი" (ანდორა) და გასვლით შეხვედრებს კი, „აიაქსის" (ნიდერლანდები), „უნივერსიტატია კრაიოვასა" (რუმინეთი) და ჩვენი „იბერია 1999"-ის წინააღმდეგ ჩაატარებს.


აქვე, წესით, კიდევ ერთი ქართული დერბი იყო მოსალოდნელი, თუმცა, დიდი ალბათობით, რუმინული კრაიოვას „უნივერსიტატია" მალე ქართველ ნახევარმცველს, ანრი მექვაბიშვილს შეელევა და შესაბამისად, ეს დერბი აღარ შედგება. თემას მოგვიანებით და უფრო დეტალურად კიდევ დავუბრუნდებით.


მანამდე კი, აქვე ვთქვათ ჩეხური „იაბლონეცის" მომავალი სპარინგების შესახებ. მაშ ასე, ვახტანგ ჭანტურიშვილის გუნდი საშინაო შეხვედრებს თბილისური „იბერია 1999"-ის, „ბრაიტონისა" და „ლუგანოს" წინააღმდეგ გამართავს. აი, გასვლით შეხვედრებს კი, „ფრაიბურგის" (გერმანია), „თრაბზონსფორისა" (თურქეთი) და „რიგას" (ლატვია") წინააღმდეგ მოწევს.


კალენდარი დეტალურად რამდენიმე დღეში დაზუსტდება. მანამდე კი, უეფა-ს მიერ გამოცხადებულ სათამაშო დღეებს გთავაზობთ:


1 ტური: 15 ოქტომბერი, 2026

2 ტური: 22 ოქტომბერი, 2026

3 ტური: 5 ნოემბერი, 2026

4 ტური: 26 ნოემბერი, 2026

5 ტური: 10 დეკემბერი, 2026

6 ტური: 17 დეკემბერი, 2026


უეფა-ს კონფერენს ლიგის ფინალი, 2027 წლის 2 ივნისს გაიმართება თურქეთში, სტამბოლში „ბეშიქთაშის" სტადიონზე.


ფოტო: (c) UEFA.com