
ხვალ თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უეფა-ს ევროპა ლიგის ფლეი-ოფის საპასუხო შეხვედრა გაიმართება. რამდენად მოახერხებს თბილისის „იბერია 1999", „იაგელონიასთან" ჯერ ოთხბურთიანი სხვაობის გათანაბრებას თან ისე, რომ გოლი არ გაუშვას და შემდეგ, მატჩის მოგებას ნამდვილად ჭირს პასუხი. თუმცა, ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დღეს მედიასთან შეხვედრისასა განაცხადა, რომ ორ-რაუნდიან დაპირისპირებაში, მოგებული პირველი მატჩი ბევრს არაფერს წყვეტს.
„პირველ თამაშთან დაკავშირებით, არ ვთვლი, რომ ის ასახავდა, იმ შედეგს, რაც საბოლოოდ დაფიქსირდა. „იბერია 1999"-მა აჩვენა, რომ მენტალურად გუნდი საკმაოდ კარგად ითამაშეს. ჩემი გუნდისგან მინდა, რომ ხვალინდელ თამაშზე ფოკუსირდნენ, რადგან იყო შეცდომები და ეს შეცდომები ხვალინდელ თამაშში უნდა გამოვასწოროთ. რა თქმა უნდა, ორივე გუნდს შეუძლია სათავისოდ ილაპარაკოს, მაგრამ მთავარია გამოვასწოროთ და ხვალ, ამ სტადიონზე ვაჩვენოთ უკეთესი თამაში. ჩვენ, შევეცდებით მოვიგოთ, რადგან აქ, ანგარიშის შესანარჩუნებლად არ ჩამოვსულვართ. ვეცდებით, ვიყოთ უკეთესი, ვიდრე პირველი თამაშის დროს", - ამბობს ადრიან სემენეცი, „იაგელონიას" მთავარი მწვრთნელი.
სხვათა შორის, დღეს, როდესაც პოლონელ სპეციალისტს შევეკითხეთ რას ფიქრობდა, პირველი შეხვედრის მსაჯობაზე, მისგან ის პასუხი მოვისმინეთ, რომელსაც ნებისმიერი მწვრთნელისგან მოვისმენდით - მსაჯების „განსჯა" მისი საქმე არაა, არც მაშინ, როცა საქმე ჩემს გუნდს ეხებაო და, საწინააღმდეგოს, ხომ ისედაც არ იტყოდა. მხოლოდ, იმაზე ვლაპარაკობ, რის შეცვლაც მე შემიძლიაო. სამაგიეროდ, მსაჯების თემას შეეხო ანდრი დემჩენკო, თბილისური კლუბის მთავარი მწვრთნელი.
„პოლონეთში, თამაშის დასრულების შემდეგ, მსაჯები გავაკრიტიკე. მსგავს მსაჯობას პირველად არ გადავაწყდი. როდესაც ევროპაში გიწევს თამაში, გგონია, რომ კარგი, მაღალი დონის მსაჯობა იქნება, მაგრამ რეალურად ძალიან დაბალი დონის მსაჯობაა. ხშირად, ბევრად უფრო სუსტი ვიდრე საქართველოში (იგულისხმა ეროვნული ლიგა). ბოლო წლებში, აქ, მსაჯთა კორპუსი ძალიან გაიზარდა. ბათუმში, მწვრთნელობის პერიოდშიც მახსოვს, მსაჯისგან არასწორად შეფასებული მომენტი. ისე გამოდის, რომ ერთ შემთხვევაში ამოწმებს VAR-ზე, მეორეში არა. აქაც, ყველა ვარიანტში უნდა გადაემოწმებინა მომენტი. რეალურად, ევროპაშიც მსაჯების მხრივ სერიოზული პრობლემებია", - ამბობს ანდრი დემჩენკო.
ორივე გუნდის მწვრთნელმა ილაპარაკა შეცდომებზე, რომელიც პირველი შეხვედრისას დაუშვეს და რომლის გამოსწორების შანსიც ხვალ, მათ გუნდებს მიეცემათ.
„თუკი გულწრფელი ვიქნები, პირველ შეხვედრაში დაფიქსირებული სხვაობა ნამდვილად არ ასახავდა მოედანზე 4-0-ზე თამაშს. იბერიამ აჩვენა, რომ სახიფათო გუნდია, მათ ბევრი კარგი მომენტი ჰქონდათ და დაგვანახეს, თუ სად გვჭირდება განვითარება. რთულია თქმა, რა ანგარიში იქნებოდა სამართლიანი, რადგან ფეხბურთი ხშირად უსამართლოა, მაგრამ ვფიქრობ, მეტოქემ თავი კარგი მხრიდან გამოიჩინა", - ამბობს სტუმართა მწვრთნელი, რომელიც აქვე ლაპარაკობს, თუ როგორ თამაშს ელოდება ხვალ ქართული გუნდისგან, რომელსაც საკუთარი გულშემატკივარიც გაუმაგრებს ზურგს. „იბერია 1999", შეეცდება ითამაშოს ფლანგებიდან და ამას მივაქცევთ ყურადღებას. გავაანალიზეთ წინა შეხვედრა ჩვენი პრესინგი უნდა იყოს ინტენსიური, უნდა ვიყოთ უფრო აგრესიულები და ჩვენს გეგმას უნდა მივყვეთ, უნდა შევცვალოთ რაღაც დეტალები, რომელმაც პირველ თამაშში არ იმუშავა. შევეცდებით გავაკონტროლოთ ბურთი. გვინდა მეტი ბურთი წავართვათ მეტოქეს მისსავე ნახევარზე და მოვახერხოთ მეტი კონტროლისკენ. დაცვაში კი გვსურს უფრო ეფექტურები ვიყოთ ორთაბრძოლებში. ჩვენი სათამაშო სტრუქტურა და მოედანზე აქტიურობა იქნება უფრო ინტენსიური".
სხვათა შორის, ქართულთან არა, რადგან ნახევარი პრეს-კონფერენცია პოლონურ ენაზე წარიმართა სტუმარი მედიისთვის და ყველაფერი არ თარგმნეს, თუმცა, ბავშვობაში იმდენჯერ ვუყურეთ პოლონურ სერიალს „ოთხ ტანკისტი და ძაღლი", რომ ცოტა პოლონური ჩვენც გვესმის. ჰოდა, სემენეცმა პოლონურ მედიას ცოცხალი თავით არ უთხრა, კონკრეტული გვარი აკლდა თუ არა რომელიმე ფეხბურთელი. თუმცა, ის კი თქვა, რომ ვინც ერთი კვირის წინ იყო, ყველა აქაა, თუმცა, ერთის მზადყოფნაზე კითხვის ნიშნებიაო. სამაგიეროდ, ანდრი დემჩენკომ აღნიშნა, რომ ხვალ „იბერია 1999"-ის შემადგენლობაში არ იქნებიან ანდრია ბართიშვილი და ვახო ბედოშვილის, რომელმაც ბოლოს გოლი გაიტანა, თუმცა, ტრავმა არ ჰქონდა ბოლომდე მოშუშებული და გაუღიზიანდა.
„ხვალ რეაბილიტაცია გვინდა მოვახდინოთ ჩვენი გულშემატკივრის წინაშე. პირველ შეხვედრაში კარგად ვითამაშეთ და ანგარიში არ იყო რეალურად თამაშიდან გამოდინარე. არ ვიმსახურებდით, ასეთ შედეგს და რომ არა ჩარევა, სხვა შედეგი იქნებოდა. ხვალ გვაქვს ამის რეაბილიტაციის შანსი. სენსაციები ხდება, „ბარსელონა" - პსჟ, „ლივერპული"-„ბარსელონა"... სენსაციები არის და ამისი უნდა გჯეროდეს. ბიჭებს ვეუბნები, რომ სუფთა ფურცელიდან უნდა დავიწყოთ. კი არის 4-0, მაგრამ ხვალ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ", - ამბობს დემჩენკო და მოგვიანებით დასძენს, რომ „20-25 წუთი კარგად ვიმუშავეთ არ გვეშინოდა, კარგად ვაპრესინგებდით, ვუტევდით... ეს არის ფსიქოლოგია, ჩვენ ვერ დავიჯერეთ, რომ შეგვიძლია... მაგრამ შემდეგ, დაგვიდეს პენალტი. რაღაც შეიცვალა, შეგვეშინდა და რაღაც მომენტში, ჩვენ თვითონ მივეცით უპირატესობა მეტოქეს. ჩვენ უნდა ვითამაშოთ თავდაჯერებულად მთელი 90 წუთო. გუნდს უნდა ვაიძულოთ და მეტოქესაც ვითამაშოთ ჩვენი თამაში მთელი 90 წუთი".
ორივე გუნდის ფეხბურთელებმა აღნიშნეს, რომ ხვალინდელი თამაშისთვის 100 %-ით მობილიზებულები და მომზადებულები არიან. არც ერთი გუნდი, ხვალ მოედანზე „სასეირნოდ" არ გამოვა. ორივე გუნდში იციან, რომ 4-0 სოლიდური ანგარიშია, თუმცა, ფეხბურთი ის თამაშია, სადაც ბევრი გაუთვალისწინებელი და აუხსნელი ხდება.
აი, დემჩენკო კი, შეეცადა ბიჭებზე დადებითი ელაპარაკა, იმ გარემოებსაც კი გაუსვა ხაზის, რომ „იბერია 1999"-ში ყველაზე მეტად გაუადვილდა, თავისი ხედვა, საქმეში გაეტარებინა და გუნდი თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებსო, ეს კი, კანონზომიერებად მიიჩნია. ისევე, როგორც ის გარემოება, რომ კონკრეტული ფეხბურთელები, მაგალითად ნიკა სიხარულაშვილი სწრაფად პროგრესირებს, კარგად თამაშობს გააქვს გოლები, მაგრამ იმავეს აკეთებს ვარჯიშებზეო და შემდეგ მოედანზეც კარგად ჩანს, თუმცა, გუნდში ბევრია ასეთი ახალგაზრდა ფეხბურთელიო.
და ბოლოს ერთი საინტერესო გარემოება, გუნდებში ლეგიონერებზე - ამ საკითხთან დაკავშირებით პოლონელმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ამ მხრივ, უპირატესობა ქართულ კლუბს, აქვს, რომელსაც მიულოცა, ორი ათწლეული შემდეგ, ევროპის ევროტურნირების ჯგუფში მოხვედრა.





ჩვენ







