სალიამ ინგლისში გაიტანა, ბუდუმ პენალტი გააცუდა, „ლოჩო“ შეცვალეს
სალიამ ინგლისში გაიტანა, ბუდუმ პენალტი გააცუდა, „ლოჩო“ შეცვალეს
25.08.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

გუშინ და დღეს გერმანიაში მოთამაშე ქართველმა ლეგიონერებმა გერმანიის თასის გათამაშებაში დაიწყეს ასპარეზობა. ლუკა ლოჩოშვილის „კიოლნი" DFB თასის გათამაშების მომდევნო ეტაპზეა. 1/32 ფინალში ქართველი მცველის გუნდი გასვლაზე, „ვურცბურგერ კიკერსს" ეთამაშა და 1-2 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, თუმცა, „ლოჩოს" გუნდელებმა ჯერ გაათანაბრეს, შემდეგ კი, თამაში მოიგეს. ჩვენთვის, ალბათ, ყველაზე საყურადღებო ის გარემოებაა, რომ 82-ე წუთზე ქართველი ტრავმის მიზეზით შეცვალეს. იმედია, ლოჩოშვილის ტრავმა არ იქნება სერიოზული, მითუმეტეს ახლა, როცა სანაკრებო თამაშები ახლოვდება.  


თასის გათამაშებას გამოეთიშა ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი". გასვლით შეხვედრაში ქართველის გუნდი „ედელოსთან" 5-2 დამარცხდა. ზოგადად, ეს თამაში ბუდუს გუნდელებისთვის არ გამოდგა იღბლიანი. პირველ ტაიმში, რომელიც „ჰაიდენჰაიმმა" 3-1 წააგო, სამიდან ერთი გოლი სტუმრებმა საკუთარ კარში გაიტანეს. მეორე ტაიმში კი, 11 მეტრიანი გააცუდა ბუდუ ზივზივაძემ.


DFB თასზე ასპარეზობას აგრძელებს, გიორგი ქვილითაიას „ჰოლშტაინ კილი", რომელმაც გასვლით შეხვედრაში 0-2 დაამარცხა „მიუნხენი 1860". ქართველმა, რომელსაც კუნთის ტრავმა აქვს, სამწუხაროდ ეს შეხვედრაც გამოტოვა.


ინგლისის პრემიერ ლიგა 2-ში ვახტანგ სალიას „ნიუკასლ იუნაიტედის U21" 1-3 დამარცხდა  „ტოტენჰემ U21"-თან. აღსანიშნავია, რომ ანგარიში მე-8 წუთზე, სალიას გოლით გაიხსნა. თუმცა, ამის შემდეგ, სტუმრებმა სამი გაიტანეს. სალია კი, 68-ე წუთზე შეცვალეს.