
ფრედ დასრულებული შეხვედრით დაიწყო საფრანგეთის ჩემპიონატი ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა". „კვარამ" მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვალეს. პსჟ-მ კი, პირველი ტაიმი „რენთან" 0-2 წააგო, თუმცა, პარიზულ გუნდს, ქულა გუნდში ახლად მოსულმა ფერან ტორესმა გადაარჩინა. „ბარსელონადან" გადმოსულმა ესპანელმა ფორვარდმა დუბლი გაიფორმა, რომლის წყალობითაც პსჟ-მ პირველ ტურში 1 ქულა მოიპოვა. შეხვედრა ფრედ, 2-2 დასრულდა.
იტალიის სერია A-ს პირველ ტურში, მეორე სათამაშო დღეს გიორგი კვერნაძის "ფროზინონემ" ტურინის "იუვენტუსს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით, 0-1 დამარცხდა. კვერნაძემ მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა.
რუმინეთის ჩემპიონატის მეექვსე ტურში ანრი მექვაბიშვილის კრაიოვას „უნივერსიტატიამ" შინ „ვოლუნტარი" 3-1 დაამარცხა. ქართველი ნახევარმცველი მატჩში 61-ე წუთიდან ჩაერთო. სუპერლიგის მეექვსე ტურის შემდეგ, მექვაბიშვილის „უნივერსიტატია" 10 ქულით მეხუთე ადგილზეა და პირველადგილოსან „დინამო ბუქარესტს", მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.
თურქეთის სუპერლიგის მეორე ტურში ლუკა გუგეშაშვილის „გიოზთეფემ", „გენჩლერბირლიგს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდა. ქართველი მეკარე ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. თურქული სპორტული მედიის აზრით, რომელიც ტრადიციულად საკმაოდ კრიტიკულია, ქართველ მეკარეს ფიზიკურად არ ჰქონდა ბურთზე რეაგირების შანსი. დაცვის ხაზმა ის სრულიად უმეთვალყურეოდ დატოვა. მედიისა და ფანების მთავარი კრიტიკა კი, ძირითადად, მიმართულია „გიოზთეფეს" შემტევებსა და გაფუჭებული პენალტის ავტორზე (ბოკელემ 49-ე წუთზე ვერ გაიტანა), რასაც ორ წუთში მეტოქის გოლი მოჰყვა. ორი ტურის შემდეგ კი გუგეშაშვილის გუნდი 1 ქულით მეცამეტე ადგილზეა.
აქვე გეტყვით, რომ დღესვე, თურქეთის სუპერლიგაში „თრაბზონსფორიმა" სტამბოლის „ბაშაქშეჰირს" უმასპინძლა, სადაც ქართველი ლეგიონერი საბა ხარებაშვილი, ჯერ კიდევ სრულწლოვანებას ელოდება. ქართველი 3 სექტემბერს ხდება 18 წლის და დიდი ალბათობით, ამის შემდეგ, ის გუნდის შემადგენლობაშიც გამოჩნდება. მანამდე კი, შავი ზღვისპირელებმა ამ გუნდში, ახლადგადმობარგებული სალაჰის გოლი მოახერხეს გამარჯვება, 2-1.
დღეს დაიწყო პრემიერ ლიგა და დაიწყო გიორგი მამარდაშვილის „მოლოდინიც". როგორც სავარაუდო იყო, I ტურში, „ლივერპულის" კარს ალისონი იცავდა, ქართველმა კი, გასული წლის ტრადიცია გააგრძელა. „ნიუკასლ იუნაიტედი" - „ლივერპულის" თამაში კი, ფრედ, 2-2 დასრულდა.
ბულგარეთის პირველი ლიგის მე-6 ტური კვლავ გამოტოვა ლაშა დვალმა. სოფიის „ცსკა 1948"-ის კაპიტანმა, შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს, უეფა-ს კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში მცირე ტრავმა მიიღო. ქართველმა მცველმა, შეგახსენებთ, რომ იმ შემთხვევაში გოლიც გაიტანა, რომლის წყალობითაც, თამაში დამატებით დროში გადავიდა. თუმცა, ბულგარელები მაინც დაემშვიდობნენ ევროტურნირებს. ამის შემდეგ კი, ქართველს, როგორც ჩანს დასვენების და სრულად გამოჯანმრთელების საშუალება მისცეს, რაც რაღა დავმალოთ და სანაკრებო გადმოსახედიდან და მოახლოებული თამაშებიდან ძალიანაც გვაწყობს. მის გარეშე კი, სოფიელებმა კიდევ ერთი თამაში წააგეს დრეს, გასვლაზე თანაქალაქელებთან, „სეპტემვრი სოფიასთან" 1-0.





ჩვენ







