
დღეს თბილისი ახალ სპორტის სასახლეში საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე ბოლო ამხანაგური შეხვედრა გამართა საკმაოდ უხერხულ მეტოქესთან, ისრაელის ნაკრებთან, თუმცა, კვლავ გაიმარჯვა, ამჯერად 101-90 გაიმარჯვა.
ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდმა საკმაოდ მძიმედ დაიწყო და პირველი მეოთხედი 8 ქულიანი სხვაობით, 17-25 წააგო. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ამ მონაკვეთში, სტუმრებმა ძირითადად პერიმეტრიდან კარგი თამაშის წყალობით მოახერხეს ქულების აღება. აი, ჩვენ, კი ხარვეზები გვგქონდა სამწამიან ზონაში. საქართველოს ნაკრებმა თამაში შემდეგი ხუთეულით დაიწყო: მარკის რიდი, სანდრო მამუკელაშვილი, თორნიკე შენგელია, გოგა ბითაძე, გიორგი ოჩხიკიძე. სკამზე კი, ჯიკიჩს შემდეგი მოთამაშეები ჰყავდა: ალექსანდრე მერკვილაძე, რატი ანდრონიკაშვილი, კახაბერ ჯინჭარაძე, გიორგი კობახიძე, ვილი ისიანი, დუდა სანაძე, გიორგი ტურძილაძე, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე. რომელთაგან, მოვლენებს წინ გადავასწრებ და გეტყვით, რომ სამი კახაბერ ჯინჭარაძე, გიორგი კობახიძე და ვილის ისიანი დღეს სათამაშოდ არ შემოსულან.
მეორე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა 26-16, შესაბამისად, პირველი ტაიმიც ორი ქულით, 43-41 მოიგო. შეხვედრის ამ მონაკვეთში ჩვენი გუნდიდან, რამდენიმე კალათბურთელს უკვე 10-10 ქულა ჰქონდა დაგროვილი.
მესამე მეოთხედი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა, ლიდერიც რამდენჯერმე შეიცვალა, საბოლოოდ, მონაკვეთი სტუმართა გამარჯვებით, 25-28 დასრულდა და გადამწყვეტი პერიოდის წინ, სტუმრები ერთი ქულით წინ იყვნენ, 68-69.
ბუნებრივია, ამხანაგური თამაშები იმისთვის ტარდება, რომ გუნდმა გარკვეული კომბინაციები დაამუშაოს, გარდა იმისა, რომ გამოსცადოს რიგი მოთამაშეები, საერთო მონახაზში, მათი შეთამაშებაც მოახერხოს. სხვისი არ ვიცი, მაგრამ პირადად ჩვენთვის, ალბათ, უფრო საინტერესო იყო, NBA-ს მოთამაშეების ხილვა, ქართველთა ნაკრების საერთო ჭრილში, რადგან დიდი ალბათობით, მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, სწორედ მათზე გადაივლის უდიდესი დატვირთვა. რა თქმა უნდა თოკო შენგელიასთან ერთად, რომელმაც დღეს, მოედანზე გატარებულ 22:09 წუთში 17 ქულა დააგროვა (9 მოხსნა, 3 ასისტი).
აღსანიშნავია, რომ პირველი მეოთხედისგან განსხვავებით, თამაშის მსვლელობისას საქართველოს ნაკრებმა მოახერხა პერიმეტრიდან სროლების პრობლემა და თუკი, მატჩის შემდეგ, ისრაელის მაჩვენებელი 34-შესაძლებლობიდან, 12 ზუსტად ჩაგდებული სამქულიანი იყო, ჩვენებს 22 მცდელობიდან, 10 სამქულიანი ჰქონდა ჩაგდებული. ამ მაჩვენებლით, ქართველთა გუნდიდან საუკეთესო მაჩვენებელი სანდრო მამუკელაშვილს ჰქონდა, 5 მცდელობიდან 3 ზუსტი. ამას გარდა, მამუკელაშვილმა პარკეტზეც ყველაზე მეტი 29:13 წუთი გაატარა. ამ დროში დააგროვა 20 ქულა 6 მოხსნასთან და 6 ასისტთან ერთად.
ქართველთა ნაკრებიდან საუკეთესო მაჩვენებელი კი, გოგა ბითაძემ დააფიქსირა 22 ქულა (6 მოხსნა, 3 ასტისტი).
ბოლო პერიოდში კი, ჩვენმა ნაკრებმა 12 ქულიანი სხვაობით მოახერხა მოგება, 33- 21. ხსენებული კალათბურთელების გარდა, ქართველთა გუნდის წევრთა მაჩვენებელი ასეთია: რატი ანდრონიკაშვილი (12 ქულა), დუდა სანაძე (11 ქულა), მარკიზ რიდი (5 ქულა), გიორგი ოჩხიკიძე (5 ქულა), გიორგი ტურძილაძე (4 ქულა, 3 მოხსნა), ალექსანდრე ფევაძე (3 ქულა), ალექსანდრე მერკვილაძე (2 ქულა), გიორგი კორსანტია (2 მოხსნა).
აქვე გეტყვით, რომ რამდენიმე დღეში, საქართველოს ნაკრები თბილისში, ამავე დარბაზში, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას გამართავს. 28 აგვისტოს თბილისში მონტენეგროს ნაკრებს დავუპირისპირდებით, 31 აგვისტოს კი, სტუმრად პორტუგალიას შევხდებით გასვლაზე.
და ბოლოს გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრებმა აღნიშნული თამაშებისთვის მზადება 12 აგვისტოდან დაიწყო. გუნდმა დღევანდელ თამაშამდე, ერთი სპარინგიც გამართა ლიბანის ნაკრებთან და 93-74 გაიმარჯვა. ახლა, მთავარია ეს განწყობა, ოფიციალურ თამაშებზეც გადავიტანოთ.





ჩვენ







