
ვიდრე „იბერია 1999" და „დინამო თბილისი" „ისვენებენ", შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების 22-ე ტურის შეხვედრა, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის თხოვნით გადაიდო, რადგან 27 აგვისტოს გუნდს, უეფა-ს ევროპა ლიგის ფლეი-ოფის საპასუხო შეხვედრა ელის. თუმცა, ალბათ აქვე უნდა ვთქვათ, რომ ამ შეხვედრის გადატანა დინამოელებსაც აწყობდათ - ქეცბაიას გუნდში, რამდენიმე ტრავმირებული მოთამაშეა. ახალი ლეგიონერები კი, ჯერ კიდევ ბოლომდე, არ არიან გუნდს მორგებულნი. მოკლედ, ვიდრე აღნიშნული თბილისური დერბი გადადებულია, სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფმა „რუსთავმა" კიდევ უფრო გაზარდა უპირატესობა.
ეროვნული ლიგის 22-ე ტურში გია ცეცაძის შეგირდებმა „პეტრო არენაზე" 3-0 დაამარცხეს „გაგრა". ფრედ, 0-0 დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში კახაბერ კაკაშვილმა გახსნა. თამაშის ბედი კი, 85-ე წუთზე გადაწყვიტა, როდესაც სოლომონ კესიმ „რუსთავი" ორი გოლით დააწინაურა. მატჩისთვის მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, დავით ოლივეირამ მესამედ აიღო გაგრელთა კარი. „რუსთავმა" მორიგი მატჩი მოიგო, 3-0, გუნდის მეკარეს პაპუნა ბერუაშვილს კი, მორიგი მშრალი მატჩი შეემატა აქტივში.
ტური კი, წყალტუბოში, „26 მაისის" სახელობის სტადიონზე „მეშახტისა" და ბათუმის „დინამოს" შეხვედრით დაიწყო, რომელიც საბოლოოდ, 23-ე წუთზე უერდი მარას გატანილი გოლის წყალობით, სტუმართა სასარგებლოდ დასრულდა. ზოგადად, ამ შეხვედრაშიც, ისევე, როგორც განსაკუთრებით ბოლო ტურებში, ბათუმელთა რიგებში თორნიკე კირკიტაძეს გამოვარჩევდით, რომელმაც დღევანდელ მატჩში, მორიგი საგოლე გადაცემა ჩაითვალა. შეხვედრა 0-1 დასრულდა და აჭარულმა კლუბმაც, საჭირო 3 ქულა მოიპოვა, დააგროვა 34 ქულა და „დინამო თბილისსა" და „იბერია 1999"-ს გაუთანაბრდა.
სატურნირო ცხრილში, ლიდერებთან ერთ ქულამდე შეეძლო სხვაობის შემცირება ქუთაისის „ტორპედოს", რომელმაც ქულა მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-5 წუთზე გადაარჩინა. ანგარიში კი, გორის „დილასთან" დღევანდელ შეხვედრაში 24-ე წუთზე მოჰამედ კანტეს გოლით გახსნეს მასპინძლებმა. 77-ე წუთზე კი, ბადრი გოგობერიშვილის გოლის შემდეგ, მასპინძლებს რეალურად სამი ქულა „ჯიბეში" ედოთ, თუმცა, ქუთაისელებმა ბოლომდე იბრძოლეს და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ორი ბურთი გაიტანეს. ჯერ გიორგი არაბიძის გადაცემით კომნენ ადნრიჩმა, კომპენსირებული დროის მე-5 წუთზე კი, არაბიძემ თავადაც გაიტანა. შეხვედრა ფრედ, 2-2 დასრულდა.
დრამატული და უხვგოლიანი გამოდგა შეხვედრა თბილისში, „მიხეილ მესხი 2"-ზე, სადაც „სპაერი" წყალტუბოს „სამგურალს" დაუპირისპირდა. ანგარიში პირველივე წუთზე სტუმრებმა გახსნეს, თუმცა, დავით კრასოვსკის სწრაფ გოლს, ლაშა კოხრეიძემ მე-11 წუთზე უპასუხა და ანგარიში გაათანაბრა. 42-ე წუთზე კი, კოხრეიძის გადაცემით თორნიკე ასკურავამ „სპაერი" დააწინაურა. მსაჯის მიერ ტაიმისთვის კომპენსირებულ დროში კი, კოხრეიძემ მორიგი საგოლე გადაცემა გააკეთა - ამჯერად, გიორგი დ. ცეცხლაძემ გაიტანა და პირველი ტაიმი 3-1 დასრულდა მასპინძელთა სასარგებლოდ. დიდი ალბათობით, „სპაერი" მეორე ტაიმში მოახერხებდა, მიღწეულის შენარჩუნებას, თუმცა, მოხდა გაუთვალისწინებელი - 53-ე წუთზე გიორგი ბუნტურმა საკუთარ კარში გაიტანა. ანგარიში კი, ერთ ბურთამდე შემცირდა, 3-2. მეორე ტაიმის შუაწელში კი, ერთწუთიან მონაკვეთში, სტუმრებმა ორი გოლი გაიტანეს - 69-ე წუთზე ირაკლი ბიძინაშვილმა გაიტანა, 70-ე წუთზე კი, ირაკლი სირაძემ. მასპინძლების მცდელობების მიუხედავად, „სპაერმა" ქულა ვერ გადაარჩინა, „სამგურალმა" კი, საჭირო გამარჯვება მოიპოვა 3-4 და 31 ქულით, „ტორპედოსთან" ერთად, მე-5, მე-6 ადგილებს იყოფს.
სატურნირო ცხრილი
მომდევნო, 23-ე ტური 30 და 31 აგვისტოს გაიმართება.





ჩვენ







