
18 და 21 აგვისტოს საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა სომხეთში, ადგილობრივ 19 წლამდე გუნდთან. ორივე შეხვედრა ჩვენი ნაკრების გამარჯვებით და იდენტური ანგარიშით 0-4 დასრულდა. ქართული გუნდიდან ორივე თამაშში 3 გოლი ანასტასია ბუჩუკურმა გაიტანა. დანარჩენი ხუთი გოლი კი, ანანო მიქაბერიძეზე, ლოლიტა კალოიანზე, ნინიკო ჩხეტიანზე, თეკლა ბერიძესა და ელენე ბოლქვაძეზე გადანაწილდა.
19-წლამდე ნაკრების შეკრებასა და თამაშებს ერევანში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირის ანტმანი დაესწრო, რომელმაც ჩვენს ვებ-პორტალთან კომენტარი გააკეთა.
„სომხეთში გამართული ამ თამაშების მიზანი იყო ჩვენს შეტევით თამაშზე და დაცვიდან შეტევაში გადასვლაზე გვემუშავა. როდესაც ჩვენ საკვალიფიკაციო ეტაპის თამაში მოგვიწევს და ირლანდიის წინაშე დავდგებით, გუნდის წინააღმდეგ, რომელიც რა თქმა უნდა მაღალი დონისაა და ძირეულად განსხვავებული იმ სათამაშო სტილიდან რაც დღეს ვითამაშეთ, დაგვჭირდება მაღალი ხარისხის დაცვითი თამაშის უნარების გამოვლენა. თუმცა, ბულგარეთისა და სომხეთის წინააღმდეგ, ჩვენ ინიციატივა უნდა ავიღოთ, ისე, როგორც ეს დღეს გავაკეთეთ.
ყველა ვარიანტში, ამ თამაშებმა საშუალება მოგვცა, უფრო მეტი მოთამაშე გვენახა, ზოგიერთი ისეთი, რომლებსაც დღემდე ნაკრებში არ უთამაშიათ და დავინახეთ, თუ სად შეგვიძლია ამ ფეხბურთელების გამოყენება, მოახლოებული საკვალიფიკაციო თამაშების დროს," - ამბობს ირის ანტმანი TSFF.ge-სთან ლაპარაკში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 19-წლამდე ქალთა ნაკრები ოქტომბერში, ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს, სადაც B2 ჯგუფში მისი მოწინააღმდეგეები ირლანდიის, ბულგარეთისა და სომხეთის ნაკრებები იქნებიან. ეტაპი მინი-ტურნირის ფორმატში ბულგარეთში ჩატარდება. ჯგუფის გამარჯვებული მომდევნო ეტაპზე გააგრძელებს ასპარეზობას. ამავე ეტაპზე B დივიზიონის საუკეთესო გუნდებთან ერთად, ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანიც იასპარეზებს.





ჩვენ







