19-წლამდე ქალთა ნაკრებმა სომეხ თანატოლებს მეორე სპარინგიც მოუგო
19-წლამდე ქალთა ნაკრებმა სომეხ თანატოლებს მეორე სპარინგიც მოუგო
21.08.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა სომხეთში გამართული მეორე სპარინგიც მოიგო. ლალე დავითაშვილის გაწვრთნილი გუნდი ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. ჩვენი ნაკრები B დივიზიონში, მე-2 ჯგუფში ასპარეზობს ირლანდიის, ბულგარეთისა და სომხეთის 19-წლამდე გოგონათა ნაკრებებთან ერთდ. გათამაშების მეორე ეტაპზე საერთო ჯამში ამ დივიზიონიდან გამარჯვებული გუნდები და ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი გააგრძელებს ასპარეზობას.


ერევანში კი, დღეს ჩვენმა გუნდმა მომავალ მეტოქესთან მორიგი გამარჯვება მოიპოვა. შეხვედრა რამდენიმე დღის წინ გამართული სპარინგის მსგავსად, ამჯერადაც 0-4 დასრულდა ქართველთა სასარგებლოდ. ანგარიში მე-10 წუთზე ანანო მიქაბერიძემ გახსნა. 37-ე წუთზე კი, ანასტასია ბუჩუკურმა ანგარიში ორამდე გაზარდა. მეორე ტაიმში, 54-ე წუთზე ბუჩუკურმა დუბლიც გაიფორმა. ამ შეხვედრაში კი წერტილი ლოლოტა კალოიანმა დასვა, რომელმაც სომხეთის 19-წლადე ქალთა გუნდს 11-მეტრიანი გაუტანა.


შეგახსენებთ, რომ 18 აგვისტოს, ამ გუნდების პირველი სპარინგიც ქართველთა გუნდმა მოიგო 0-4 (იხილეთ ასევე სტატიის ბმული).  19-წლამდე გოგონათა ნაკრების შეკრებას, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ირის ანტმანიც ესწრებოდა.


ჩვენი გუნდი თბილისში დღეს დაბრუნდება და უშუალოდ ტურნირისთვის, რომელიც ბულგარეთში 7-13 ოქტომბერს გაიმართება, შეკრებას 28 სექტემბრიდან დაიწყებს.