„იბერია 1999“-მა იბრძოლა, გოლები „იაგელონიამ“ გაიტანა
„იბერია 1999“-მა იბრძოლა, გოლები „იაგელონიამ“ გაიტანა
20.08.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თამაშის დაწყებამდე, ძირითადად სოციალურ ქსელში და პოლონურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქართული გუნდი იმედოვნებდა, რომ „იბერია 1999"-ს ფსიქოლოგიური წნეხი მოხსნილი ჰქონდა და არც დასაკარგიც არაფერი, რადგან უეფა-ს ევროპა ლიგის ფლეი-ოფში გასვლით, „იბერია 1999"-ს უკვე განაღდებული ჰქონდა უეფა-ს კონფერენს ლიგის ჯგუფში თამაში.


რეალურად და ალბათ, არ მიწყენენ თბილისურ კლუბში თუ ვიტყვი, რომ განსხვავებით სხვა ქართული კლუბებისგან, რომლებსაც წინ წასაწევად და ჯგუფში მოსახვედრად, მხოლოდ ერთი შანსი ჰქონდათ - მოეგოთ თამაშები და მომდევნო ეტაპებზე გადასულიყვნენ, ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე „იბერია 1999"-ში მშვენივრად იცოდნენ, რომ მათ, მარცხის შემთხვევაშიც კი, ორი შანსი კიდევ ჰქონდათ. თბილისში გამართული მატჩების შემდგომი და მატჩის წინა პრესკონფერენციების დროს, კლუბის წარმომადგენლები ლაპარაკობდნენ, რომ გუნდში რიგ ფსიქოლოგიურ თემებზე მუშაობდნენ, თუმცა, ასე ვთქვათ, „ფორამ", რომელიც ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს ჰქონდა და წაგების შემთხვევაშიც საბოლოო მიზნისკენ, ერთ-ერთ ტურნირზე მაინც, ჯგუფში მოხვედრის შესაძლებლობას უტოვებდა, თავისი გააკეთა.


ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, დღევანდელ შეხვედრაში „იაგელონიის" წინააღმდეგ, გუნდმა იბრძოლა, თუმცა, სადღაც, ხსენებულმა „ფორმაც" თავისი გააკეთა. თუმცა, იყო კიდევ ამ ეტაპზე თამაშის გამოცდილების ამბავიც. უეფა-ს ევროპა ლიგის ჯგუფში მოსახვედრად, ქართულ კლუბს, თეორიულად ჯერ კიდევ რჩება შანსი, თუმცა, ამისთვის ერთ კვირაში, საპასუხო შეხვედრაში გუნდმა ჯერ 4 გოლი უნდა გაიტანოს, რომ ანგარიში გაათანაბროს, შემდეგ კი, გამარჯვებისაც მიუმატოს. მანამდე კი, „იაგელონიამ", დღევანდელ შეხვედრაში ფავორიტის სტატუსი გაამართლა.


„იბერია 1999"-მა კარგად დაიწყო, თუმცა, პირველი ტაიმი ორბურთიანი სხვაობით დააწყო. შესაძლოა, მასპინძელი კლუბი, სტუმართაგან თამაშის მსგავს სტარტს არ ელოდა, რადგან უკვე მე-7 წუთისთვის, მეკარეს ორჯერ ჰყავდა გადარჩენილი „იაგელონია". რეალურად, მე-20 წუთის ჩათვლით ანდრი დემჩენკოს გაწვრთნილი კლუბი, იმ ფეხბურთს თამაშობდა, შემტევს, სწრაფს, მაღალი პრესინგითა და აქტიურს, რაც ყველაზე მეტად ხიბლავს გულშემატკივარს და რაღა დაგიმალოთ და რასაც ქართული კლუბებისგან არ ვართ შეჩვეულები. მომენტები ჰქონდათ, ნიკოლოზ დადიანს, ზვიად ნაჭყებიას, ნიკა სიხარულაშვილს... თუმცა, პოლონელებმა, ნელ-ნელა „იბერია 1999"-ის თამაშის ამ სტილს ალღო აუღეს და კარგად გამოიყენეს შეტევაში გართული სტუმრების მიერ დატოვებული სივრცეები. მხოლოდ წუთნახევრიან მონაკვეთში 20-21 წუთებზე გიორგი მაკარიძემ ორჯერ, აშკარა გოლისგან იხსნა კარი. 27-ე წუთზე, მასპინძლებმა გაიტანეს, თუმცა, მსაჯებმაც და VAR-მაც, რომელიც უეფა-ს ევროპა ლიგის ფლეი-ოფში მსაჯებს დამხმარედ „ჰყავთ" გოლი გააუქმა. სიმართლე გითხრათ, აქ უკვე გამოჩნდა, რომ სავარაუდოდ, ქართული გუნდისთვის მიცემული დავალება, რომ გაეტანათ სწრაფი გოლი, დროში გაიწელა და ნელ-ნელა უკვე აღარ იმუშავა. 33-ე წუთზე, ესპანელმა მსაჯმა 11-მეტრიანი დანიშნა. ოდნავ სადაო, თუმცა, არც VAR-მა მიანიშნა რაიმე შეეცვალა. ისე, „რაც არ გერგებაო"-მ იმუშავა აქ და მასპინძლებმა ვერ გატანეს. უფრო ზუსტად, გიორგი მაკარიძემ აიღო, თუმცა, აქ დიდი ალბათობით, გვერდითა მსაჯმა და VAR-მა დარტყმის მომენტში წესების დარღვევა დაინახეს და ჯესუს იმაზმა მეორე მცდელობიდან გაიტანა. ამ მომენტის შემდეგაც, ქართულ გუნდს, ჰქონდა მომენტები, თუმცა, კარში დარტყმამდე საქმე აღარ მისულა. მასპინძლები გატანილი გოლის შემდეგ, უფრო მწვავედ ათამაშდნენ და ტაიმის მიწურულს ბოლო კომპენსირებულ დროში გაგვიტანეს - სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ აქ, ქართული გუნდის დაცვაც ჩავარდა - ჯერემი აგბონიფომ გოლი გასახდელში გაგვატანა.


მეორე ტაიმში ქართული გუნდისთვის კარგად დაიწყოსავით, სიხარულაშვილის გადაცემით ნაჭყებიამ გაიტანა, თუმცა, VAR-მა ამჯერად იმუშავა და გოლი გააუქმა - მოგეხსენებათ მომენტი მთლიანად მოწმდება, შესაბამისად, საწყის ეტაპზე, ვიდეო რეფერიმ ჯარიმა დააფიქსირა (სხვათა შორის, ნაჭყებიას ერთი გოლი თბილისში, „ფლორასთან" მატჩშიც გაუუქმეს, მაშინ ფეხბურთელმა თამაშგარედან ამოსვლა ვერ მოასწრო). ამ მომენტიდან რამდენიმე წუთში, იბრაჰიმ ალჰასანმა საკუთარ კარში ჩაჭრა გოლი - აქაც, უფრო მეკარესა და ფეხბურთელს შორის დისკომუნიკაცია იყო. ანგარიში კი, 3-0 გახდა მასპინძელთა სასარგებლოდ. „იბერია 1999"-ს ამის შემდეგაც ჰქონდა მომენტები. ყველაზე რეალური 87-ე წუთზე იყო, როდესაც ბურთი, ხარიხას მოხვდა. თუმცა, მეორე ტაიმში, „იაგელონიამ" მინიმუმამდე დაიყვანა შეცდომები და მოახერხა ბურთის გაკონტროლება, საბოლოოდ, კი, 4-0 მოგვიგო.