სომხეთში დაგეგმილი ორიდან, პირველი სპარინგი ქართველმა 19-წლამდებმა მოიგეს
სომხეთში დაგეგმილი ორიდან, პირველი სპარინგი ქართველმა 19-წლამდებმა მოიგეს
19.08.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 19-წლამდე ქალთა ნაკრები ევროპის 2026-2027 წლების შესარჩევი თამაშებისთვის მზადებას აგრძელებს. ლალე დავითაშვილის გაწვრთნილი ნაკრები 7-13 ოქტომბრის ჩათვლით ბულგარეთში დაგეგმილ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, სადაც მასპინძელი ბულგარეთის 19-წლამდე გოგონათა ნაკრების გარდა ირლანდიის, სომხეთისა და საქართველო გოგონათა ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენი გუნდი B2 ჯგუფში მოხვდა. დებულების თანახმად კი, A დივიზიონში, B ჯგუფის 6 გამარჯვებული და ერთი საუკეთესო მეორე ადგილოსანი დაწინაურდებიან, სადაც უკვე შესარჩევი ეტაპის მეორე რაუნდში მიიღებენ მონაწილეობას.


სწორედ ამ ტურნირისთვის ხანგრძლივი არდადეგების შემდეგ, მათ შორის საქართველოს ქალთა ლიგაშიც, ჩვენმა გოგონებმა აქტიურად დაიწყეს მზადება. ლაგოდეხში, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში გავლილი მოსამზადებელი ეტაპის შემდეგ, ჩვენი 19-წლამდე გოგონათა ნაკრები 20 ფეხბურთელის შემადგენლობით, სომხეთში გაემგზავრა სადაც ორი ამხანაგური შეხვედრა დაგეგმა.


მათ შორის ერთი, 18 აგვისტოს ითამაშა და მშრალი ანგარიშით 0-4 გაიმარჯვა. ჩვენმა გოგონებმა, მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს, რომელიც 0-2 მოიგეს. ანგარიში კი, მე-9 წუთზე ნინიკო ჩხეტიანმა გახსნა. მე-17 წუთზე თეკლა ბერიძის გოლის შემდეგ, ჩვენი გუნდი ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდა. მეორე ტაიმის სტარტზევე, ანასტასია ბუჩუკურმა (48') სხვაობა სამბურთიანი გახადა. მალევე, 54-ე წუთზე კი, ელენე ბოლქვაძემ ამ შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.  


მომდევნო სპარინგს, კვლავ სომხეთის 19-წლამდე ქალთა ნაკრებთან, ჩვენი გუნდი 21 აგვისტოს ჩაატარებს. ამის შემდეგ ჩვენი ნაკრები საქართველოში დაბრუნდება და ევროპის ჩემპიონატის მოახლოებული თამაშებისთვის კვლავ 28 სექტემბრიდან შეიკრიბება.


საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება - მეკარეები: თათია ფხაკაძე („ნორჩები"), ნინო მეტრეველი („დ10 აკადემია"); მცველები: ელენე ბოლქვაძე („ნიკე-ლუსო"), ლოლიტა კალოიანი („ნიკე-ლუსო"), ნინი ვეკუა („ნორჩები"), ნინო დანელია („კოლხეთი", ხობი), მარიამ ჯოჯუა („რუსთავი"); ნახევარმცველები: თამარ ალანია („კოლხეთი", ხობი), ანი დავითულიანი („ვერე"), მარიამ გასანოვა („კვარტალი"), ნინიკო ჩხეტიანი („კვარტალი"), ანა დოლიშვილი („კვარტალი"), ანა-თამარა ბოლოთაშვილი („ლევანტე", ბადალონა), ნინო გობაძე („თეთრიწყარო"), ანასტასია ბუჩუკური („ნიკე-ლუსო"), მაკა ფცქიალაძე („რუსთავი"), ელენე მურადაშვილი („გორი იუნაიტედი"); თავდამსხმელები: თეკლა ბერიძე („ნიკე-ლუსო"), სესილი გაბრელიანი („ვერე"), ანანო მიქაბერიძე („კვარტალი").