გაგუას გოლი და საგოლე, კიდევ ორი საგოლე - ქართული ლეგიონის მონაგარი
გაგუას გოლი და საგოლე, კიდევ ორი საგოლე - ქართული ლეგიონის მონაგარი
17.08.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ ახალი სეზონი მეორე ტიტულით ვერ გააგრძელა. ქართველის გუნდი, საფრანგეთის სუპერ თასის შეხვედრაში „ლანსთან" 32-ე წუთზე ფლორიან ტოვინის მიერ გატანილი გოლის წყალობით დამარცხდა. რეალურად, ეს „ლანსის" ფეხბურთელთა მიერ ქართველის გუნდის კართან შექმნილი ის გამონაკლისი შემთხვევა იყო, რომელიც უბრალოდ კარის მიმართულებით დარტყმით დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ამის შემდეგ, პსჟ რიცხობრივ უპირატესობაში დარჩა გუნდმა ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხა. უფრო ზუსტად გაიტანეს ერთი გოლი, თუმცა, VAR-მა თამაშგარის გამო გააუქმა. პარიზელთა ამ მომენტს თუ არ ჩავთვლით, გოლის გატანის ყველაზე რეალური შესაძლებლობა ორჯერ, პირველ ტაიმში, სწორედ ქართველს ჰქონდა. ხვიჩა 70-ე წუთზე შეცვალეს, 87-ე წუთზე კი, მოედანზე მოთამაშეთა მხრივ თანასწორობა აღდგა - პსჟ-ს ნუნუ მენდეში გაუძევეს. შეხვედრა კი, „ლანსის" გამარჯვებით, 1-0 დასრულდა, რომელიც ახალ სეზონს ომახიანად, „ტიტულით" იწყებს.


ამასობაში, ესპანეთის ლა ლიგა დაიწყო. 16 აგვისტოს წესით, ესპანურ სეზონში პირველი ქართული „დერბი" უნდა შემდგარიყო, თუმცა, გიორგი გულიაშვილი, ჯერ კიდევ არ დაბრუნებია მოედან. მის გარეშე კი, 14 წლიანი პაუზის შემდეგ, ლა ლიგაში დაბრუნება, მისმა სანტანდერის „რასინგმა" 21-ე წუთზე მარტინის მიერ გატანილი პენალტით აღნიშნა. ამას, 34-ე წუთზე მარტინესის გოლიც დაემატა და გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი", საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააყენა. ქართველმა, სტუმარი გუნდის შემადგენლობაში სასტარტოდან დაიწყო, სრული მატჩი ჩაატარა და საკმაოდ მაღალი შეფასებაც მიიღო. ამასთან, პირველი ტაიმისთვის კომპენსირებულ დროში, პეპემ სწორედ მისი გადაცემის შემდეგ გაათანაბრა, 2-2. როგორც გაირკვა, ეს ანგარიში ამ შეხვედრაში საბოლოო გამოდგა, გუნდებმა ქულები გაიყვეს.


ესპანეთის ლა ლიგაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა საბა საზონოვმა. მშრალად ფრედ, 0-0 დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, რომელშიც ქართველის ახალი გუნდი „ხეტაფე" გასვლაზე, „ალავესთან" 42-ე წუთიდან 10 კაცის შემადგენლობით დარჩა, 73-ე წუთამდე კარს მშრალად ინახავდა, თუმცა, საბოლოოდ, 3-0 წააგო. საბა, მოედანზე 81-ე წუთზე შემოვიდა და საერთო ჯამში, მინდორზე 15 წუთი გაატარა (დამატებული დროის ჩათვლით).


ნიდერლანდების ერედივიზიონში, მე-2 ტურში გოლი არ გაუტანია, თუმცა, საგოლე გადაცემა მიითვალა ირაკლი იეღოიანმა. ამ დღეს, მისმა „ესდელსიორმა" პსვ-ს უმასპინძლა და 1-2 დამარცხდა. სტუმრებმა ამ შეხვედრაში ანგარიში გახსნეს, რომელიც 54-ე წუთზე, სწორედ ირაკლის ზუსტი გადაცემის შემდეგ გათანაბრდა.


ავსტრიის ბუნდესლიგის მე-3 ტური, ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის „შტურმმა" საშინაო შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით 1-0 „ალტახი"  დაამარცხა. „კიტე" ტრავმის შემდეგ, მოედანს ჯერ ისევ არ დაბრუნებია. გიზი, განაცხადში იყო, თუმცა ის, მოედანზე მხლოდ თამაშისთვის მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, მეორე წუთზე შეიყვანეს.


რუმინეთის სუპერ ლიგაში მორიგი ტური ითამაშა ანრი მექვაბიშვილის კრაიოვას „უნივერსიტატიამ", ამჯერად ფრედ, 1-1, გასვლაზე „ოცელულის" წინააღმდეგ. ქართველის გუნდი 29-ე წუთზე კაცნაკლული დარჩა, თუმცა, ამისდა მიუხედავად, ანგარიში, სწორედ მათ გახსნეს 56-ე წუთზე, მაგრამ შენარჩუნება ვერ მოახერხეს. ანრიმ, ტრადიციულად ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და სრული მატჩი ჩაატარა. მისი გუნდი კი, 5 ტურის შემდეგ, ჯერჯერობით მე-7 ადგილზეა.


პოლონეთის ექსტრაკლასაში ტრავმის შემდეგ, მორიგი მატჩი ჩაატარა ოთარ კაკაბაძემ. ქართველი მცველი, თამაშიდან თამაშამდე ფორმაში დგება. თუმცა, ამჯერად მას სათამაშოდ, საკმაოდ მცირე დრო ჰქონდა - მოედანზე თამაშის მიწურულს შეიყვანეს. მისმა „კრაკოვიამ" კი, 2-1 დაამარცხა „რაკოვი".

გერმანიის მე-2 ბუნდესლიგაში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენგაიმმა" გასვლაზე „ჰერტასთან" 4-1 წააგო. ანგარიში მასპინძლებმა საწყისი წუთებიდან წაიყვანეს და პირველი ტაიმი 3-0 მოიგეს. აი ბუდუს, კი თამაში არ წაუვიდა და ის 78-ე წუთზე შეცვალეს. თამაშის მიწურულს „ჰერტა" კაცნაკლულიც კი დარჩა, თუმცა, ქართველის გუნდმა ამ დღეს, 49-ე წუთზე გატანილი გოლის მეტი, ხეირიანი ვერც ვერაფერი გააკეთა.


ამავე ლიგაში, გვინდა მოედანზე ვიხილოთ გიორგი ქვილითაია, თუმცა, ქართველი კუნთის ტრავმის გამო განაცხადში არ არის.  შეგახსენებთ, რომ „ქვილითა"  „ჰოლშტაინ კილი" სეზონის დაწყების წინ გადავიდა და ამხანაგური თამაშებშიც მიიღო მონაწილეობა, ამასთან გოლიც გაიტანა. თუმცა, დღეს გუნდა მის გარეშე, „ზტ პაულისთან" ფრედ, 2-2 ითამაშა


საფრანგეთი ლიგა 2-ში მეორე ტურის შეხვედრები გამართეს გიორგი აბუაშვილის „მეცმა", რომელმაც ფრედ,  0-0 ითამაშა „გრენობლთან" გასვლაზე და ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმა", რომელმაც საშინაო შეხვედრაში „კლერმონი" 3-1 დაამარცხა. „აბუმ", რომელსაც არ ჰქონდა კარგი თამაში სრული 90 წუთი გაატარა მოედანზე. აი, ზურიკო კი, მოედანზე მხოლოდ 59-ე წუთზე გამოჩნდა.


ლატვიის ვირსლიგაში ლაშა ოდიშარიას რფს-მ 6-1 მოუგო „გრობინას". ქართველი მოედანზე მხოლოდ, 76-ე წუთზე გამოჩნდა.


აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში, დავით ვოლკოვისა და გიორგი პაპუნაშვილის „ზირამ", 2-0 დაამარცხა ბაქოს „საფა". დღეს, ქართველებიდან სასტარტო შემადგენლობაში „პაპუნა" იყო, რომელიც 73-ე წუთზე შეცვალეს, ვოლკოვი კი მოედანზე, 66-ე წუთზე გამოჩნდა.


ყველაზე მეტი ქართველის მონაწილეობით და ალბათ, ამ გარემოებას უკვე შევეჩვიეთ, ტრადიციულად სლოვაკეთის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ლუკა ხორხელის „ტრნავა" სლოვაკეთის ნაიკის ლიგის მე-4 ტურში, თორნიკე ძოწენიძის „მიხალოვცეს" ეთამაშა და 2-0 დაამარცხა. ორივე გუნდში, ქართველებმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყეს თამაში.


ამავე პირველობაზე და ამავე ტურში, ცოტნე კაპანაძისა და გიორგი გაგუას „დუნაისკა" სტრედამ დიდი ანგარიშით, 0-3 გასვლაზე „კომარნო"  დაამარცხა. გაგუამ, რომელმაც საბოლოოდ, ამ შეხვედრაში ერთი გოლი (72') და ერთიც საგოლე გადაცემა (65') მიითვალა, სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრული მატჩი ჩაატარა. აი, კაპანაძე კი, მოედანზე 37-ე წუთზე შემოიყვანეს.


ამავე ჩემპიონატში ალექსანდრე ნარიმანიძის „ჟილინამ" გასვლაზე დაძაბულ შეხვედრაში 3-4 დაამარცხა „ბანსკი ბისტრიცა" .  ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრული მატჩი ჩაატარა.


და ბოლოს, ბულგარეთის პირველი ლიგაში, მე-5 ტურის შეხვედრაში, რომელშიც სოფიის ცსკა 1948-მა, 4-1 დაამარცხა „ჩერნო მორე", განაცხადში არ ყოფილა ლაშა დვალი. ამ ეტაპზე ვარკვევთ, რა მიზეზით გააცდინა შეხვედრა გუნდის კაპიტანმა და ვიმედოვნებთ, რომ მოახლოებული სანაკრებო თამაშების წინ, დვალს სერიოზული პრობლემები არ აქვს.