
ჩრდილო ირლანდიელები დღეს, „იბერია 1999"-სა და „ლარნეს" შეხვედრის შემდეგ მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე არ გამოჩენილან. სავარაუდოდ ბელფასტში ეჩქარებოდათ, ან მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე დიდგულზე ყოფნის გამო გაუტყდათ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქართულ გუნდს საკმაოდ ჰქონდა შეცდომები და რაც, რაღა დაგიმალოთ და ძალიანაც მაფიქრებს, თამაში მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. უეფა-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, „იბერიამ", მეტოქის კარის მიმართულებით 17-ჯერ დაარტყა, „ლარნემ" მხოლოდ 3-ჯერ და ამ სამიდან ერთი კარის ჩარჩოში გოლით დასრულდა. მეტოქემ 7 დარტყმული დაგვიბლოკა, სტუმრების სასარგებლოდ კი, მათ გრაფაში ზოგადად ჩანაწერი არ არის (იხილეთ ბმული).
გემახსოვრებათ, მატჩამდე ჩრდ. ირლანდიელები ბევრ გულშემატკივარში თამაშით მიღებულ სიამოვნებაზეც ლაპარაკობდნენ, თუმცა, დღეს, მატჩის შემდგომ, როგორც ჩანს არც ამაზე ლაპარაკი სურდათ. გადალახავს თუ არა „იბერია 1999" ევროპა ლიგის ფლეი-ოფის ბარიერს და ჩრდ. ირლანდიელები, „რეინჯერსის" (თუკი რა თქმა უნდა ის გავიდა გათამაშების მომდევნო ეტაპზე) თამაშს სანახავად თბილისში და ანდა, სულაც იქნებ სწორედ „რეინჯერს" გადაეყარონ, მხოლოდ, კონფერენს ლიგის ფინალში, ამას რამდენიმე დღეში გავიგებთ. მანამდე კი, ქართველ გულშემატკივარს ჩვენი გუნდის წარმომადგენლებმა მიმართეს.
„გულშემატკივრის წინაშე თამაშის გამოცდილება არ გვქონდა და დღეს ჩვენ ეს შევძელით. მინდა მადლობა გადავუხადო მათ. ვულოცავ ქართველ გულშემატკივარს, რადგან ეს ერთად შევძელით. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ქართული გუნდი ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს", - ამბობს გიორგი ჯინჯოლავა, რომელიც მიმდინარე ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპზე „იბერია 1999"-ის სპიკერის როლშიც გვევლინება. „დღეს ზედმეტი არ გვილაპარაკია, ყველამ ვიცოდით რა იდო სასწორზე. გამოვედით და ჩვენი ხასიათი ვაჩვენეთ და ამან შედეგი გამოიღო. გუნდი ის არ არის მხოლოდ ვინც ითამაშა, გუნდი არის 20-ვე კაცი და მინდა მადლობა გადავუხადო".
სხვათა შორის, ამ ბოლო დროს, სპორტსმენებს, არ მოსწონთ კრიტიკა, რომელსაც ხშირად ისინი ალბათ, უფრო ქომაგების მხრიდან იღებენ. თუმცა, ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, სიტყვა „კრიტიკაც" არასწორად არის ატაცებული, რადგან კრიტიკის გარეშე, მარტივად, ვერ გაიზრდები. ალბათ, „კრიტიკაში", უფრო ხშირად, განაწყენებული სპორტსმენები, მათი მისამართით შეურაცხმყოფელ სტატუსებს გულისხმობენ. სწორედ ამიტომ, მას შემდეგ რაც დღევანდელ შეხვედრაზე ჯინჯოლავას კრიტიკასთან დაკავშირებით ერთ-ერთი იუთუბერის კითხვაზე მოუხდა პასუხის გაცემა, სპორტული მედიის სახელით, ვისი უშუალო ვალდებულებაც ქებასთან ერთად, ნაკლოვანებებზე ყურადღების გამახვილებაც არის, იბერიელთა კაპიტანს ვკითხე, პრინციპში ის, რაც რამდენიმე დღის წინ თემურ ქეცბაიას და თან დღეს, ყველაზე ბავშვურ შეცდომებზეც გავუმახვილე ყურადღება, რომელსაც მაგალითად „იბერია 1999"-ის 19-წლამდეთა გუნდიც კი, კარგა ხანია არ უშვებს - %-ულად ბევრი უზუსტო გადაცემა. თუმცა, სიცარიელეში გაკეთებულ გადაცემებზე კითხვა, ჯინჯოლავამ უკომენტაროდ დატოვა, სამაგიეროდ, ქეცბაიას მსგავსად, მანაც აღნიშნა, რომ ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია.
„საწყის მატჩში კრიტიკოსებისგან ცუდი შეფასებები მივიღეთ. არ ვიცი ახლა სად არიან ეს ადამიანები, ალბათ კლავიატურა გაუფუჭდათ. რადგან არ შეიძლება როდესაც პირველ თამაშს თამაშობს გუნდი ისეთი პირობებიდან გამომდინარე რაც გამოვიარეთ, ასეთი კრიტიკა მოდის. ეგ ჩემზე, არ მოქმედებს, არ მაინტერესებს, ვიღაცეების აზრი, მაგრამ მოგეხსენებათ, ახალგაზრდული გუნდია ჩვენი და ბევრზე ამან შეიძლება ცუდად იმოქმედოს. ამას ვერ იაზრებს ხალხი, ჩასაფრებულ ადამიანებს ვგულისხმობ, თორემ ვინც დღეს ტრიბუნაზე მოვიდა, ის ნამდვილად ქართული ფეხბურთის ქომაგია და მინდა მადლობა გადავუხადო.
გვაკრიტიკებდნენ, როდესაც ნახევარი გზა გვგქონდა გავლილი. კრიტიკა მისაღებია, მაგრამ ვითარებას გააჩნია. ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია, მაგრამ იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გავიარეთ, საწყის შეხვედრაში უგოლო ფრის თამაშის შემდეგ, როცა გუნდს საპასუხო შეხვედრა წინ აქვს, არ შეიძლება ასეთ დროს გუნდი გააკრიტიკო", - ამბობს ჯინჯოლავა.
სხვათა შორის მოსწონთ კრიტიკა თუ არა, უნდა აღვნიშნო, რომ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ნათქვამის მიუხედავად, რომ გუნდში, ფსიქოლოგიური წნეხის დასაძლევად ყველაფერს ვაკეთებთ, თუმცა, ვიღაც მოერევა ამ გამოწვევას და ზოგიც ვერაო, დღეს, თამაშის დროს გამოჩნდა, რომ ქართულ გუნდს, ამ ფსიქოლოგიურ წნეხის სწავლა და ცხოვრება მოუწევს.
„მინდა მივულოცო ყველას, მათ ვინც გვქომაგობდა, ქართველ ხალს. ეს ხალხი დიდხანს ელოდა ამ დღეს. ქართული კლუბები 22 წელი არ გასულან ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე. რაც შეეხება ჩემს ემოციურ ფონს, კი, განვიცდიდი, რადგან პირველ მატჩთან შედარებით უკეთ ვითამაშეთ. ვგრძნობდით, რომ ვაკონტროლებდით ბურთს, უკეთესები ვიყავით. პირველივე ტაიმი უნდა მოგვეგო 2-0 მაინც და შემდეგ, მშვიდად მიგვეყვანა საქმე ბოლომდე და ამიტომ მქონდა რიგ მომენტებში ემოციური აფეთქებები. ჩვენ გვეჭირა კარგად მეტოქე, მარამ უფრო ადრე უნდა გაგვეკეთებინა ბევრი რაღაც და არა დამატებით დროში", - ამბობს ანდრი დემჩენკო, „იბერია 1999"-ის მთავარი მწვრთნელი და დასძენს, რომ გუნდი აღმავლობის გზაზეა და ემოციურად სტაბილურადაც. „ჩვენ აუცილებლად შევეცდებით, რომ ევროპა ლიგის ფაზაზე მოვხვდეთ, ეს სულ სხვა ტურნირია. უნდა ვიომოთ, თუნდაც „რეინჯერსთან"... ფეხბურთელებს ყოველთვის ვეუბნები, რომ არ უნდა დანებდნენ და ნებისმიერ სიტუაციაში გამარჯვებისთვის იბრძოლონ. ღმერთმა ამ რწმენის გამო დაგვაჯილდოვა და მეორე გოლი გვაჩუქა".
ანდრი დემჩენკომ ყურადღება გაამახვილა „იბერია 1999"-ის გადატვირთულ გრაფიკზეც. მხოლოდ ამ თვეში კლუბს საქართველოს ეროვნული ლიგის, საქართველოს თასისა და უეფა-ს ევროპა ლიგის ფლეი-ოფის მატჩები ელის. რთული გზა გვაქვს და ძალები უნდა გადავანაწილოთო. უახლოესი შეხვედრა კი, თბილისელებს, ეროვნულ სარბიელზე, 15 აგვისტოს, ქუთაისის „ტორპედოს" წინააღმდეგ ელის.
დავით ქარელის ფოტო





ჩვენ







