
დღეს ეროვნული ლიგის მე-20 ტურის ბოლო სათამაშო დღე იყო. წყალტუბოსა და თბილისში ორი შეხვედრა გაიმართა, თუმცა, შეგახსენებთ, რომ ერთი მატჩი, რომელშიც „იბერია 1999"-ს თბილისში, გორის „დილას" წინააღმდეგ უნდა ეთამაშა გადადებული.
დღევანდელი დღის პირველი თამაში კი, წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის სტადიონზე გაიმართა. იმერულ დერბიში „მეშახტემ", რომელსაც კახა ჩხეტიანი წვრთნის, ადგილობრივ „სამგურალს" უმასპინძლა, რომელიც დღეს, პირობითი სტუმარი იყო. თანაბარ პირველ ტაიმში ანგარიში მე-6 წუთზე „მეშახტემ" გახსნა. გოლი, გიორგი ქანთარიამ გაიტანა. 23-ე წუთზე საჯარიმოს გათამაშებისას, ლაშა შერგელაშვილმა შორი მანძილიდან უძლიერესი დარტყმით „სამგურალის" ყოფილი მეკარის კარი აიღო და ანგარიშიც გაათანაბრა. მეორე ტაიმში, „სტუმრებმა" ოდნავ მოუმატეს ტემპს და უფრო სახიფათოდ შეუტიეს. „მასპინძლებმა" კი, უხეშობას მოუმატეს და შედეგად, თამაშის მიწურულს, 82-ე წუთზე, ყვითელი ბარათი, რომელიც ლაშა უგრეხელიძეს უჩვენეს, VAR-ის ჩარევის შემდეგ, პირდაპირ წითლად გადაკეთდა და „მეშახტე" 10 ფეხბურთელით დარჩა. ამ უპირატესობით კი, კარგად ისარგებლა სამგურალმა და ირაკლის სირაძემ, 88-ე წუთზე, „სამგურალის" მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. „სამგურალმა" 1-2 მოიგო და სატურნირო ცხრილში, 28 ქულით მე-5 ადგილზე გადმოინაცვლა.
თამაში დაატრიალა „დინამო თბილისმაც", რომელიც ევროტურნირებზე განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ, ცდილობს მდგომარეობიდან გამოსვლას და ეროვნულ ლიგაში წარმატებული თამაშით რეაბილიტაციას, მათ შორის გულშემატკივრის თვალში. მიხეილ მესხი 2-ზე, „საპერთან" დაპირისპირებაში, დინამოელები ფურცელზე ფავორიტები იყვნენ და მოედანზეც, თუმცა, პირველ ტაიმში გუნდს დაძაბულობა ეტყობოდა, იყო ბევრი გამოუყენებელი მომენტი და მოწინააღმდეგის მწვავე კონტრშეტევები. ერთ-ერთ ასეთს, უფრო ზუსტად, სწრაფად გათამაშებული აუტის შემდეგ, 31-ე წუთზე დინამოელებმა ვერ მოასწრეს დაცვაზე გადმოწყობა (აქვე გეტყვით, რომ ქვეყნის 19 გზის ჩემპიონს, დაცვის ხაზის რამდენიმე მოთამაშე ტრავმირებული ჰყავს) და გოლი გაუშვეს. რეალურად, ამ შეხვედრაში, მიშიკო მაქაცარიას, რომელიც დღეს დინამოელთა კარს იცავდა, მეორე ტაიმში უფრო ჰქონდა საქმე. თუმცა, მეორე ტაიმში, როგორც მატჩის შემდეგ, თემურ ქეცბაიამ აღნიშნა, გუნდმა გააცნობიერა და მეორე ტაიმში ყველაფერი გააკეთა, რადგან გამარჯვება და 3 ქულა, რომელიც ჰაერივით სჭირდებოდა გუნდს მოეპოვებინა. გოლები კი, დინამოელებმა მატჩის ბოლო ოცწუთეულში, ორ წუთიან შუალედში გაიტანეს. ჯერ, 73-ე წუთზე კობა კაკაშვილმა გაიტანა ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი, 75-ე წუთზე კი, გაიტანა მან, ვისაც დინამოელთაგან წლების მანძილზე, ყველაზე კარგად გამოსდის გოლების გატანა, მათე ვაწაძემ. ალბათ, აქვე უნდა ვთქვათ, რომ მართალია, საკმაოდ მცირე დროით, მაგრამ სათასო შეხვედრის შემდეგ, მოედანზე დღეს კვლავ ვიხილეთ ჯაბა კანკავა, რომელსაც ვიმედოვნებთ, რომ უფრო მეტი დრო მიეცემა თამაშიდან თამაშამდე. მანამდე კი, „დინამო თბილისმა" თამაში, რომელიც წესით მარტივად უნდა მოეგო, მეორე ტაიმის მიწურულს დაატრიალა, გაიმარჯვა 1-2 და 34 ქულა დააგროვა და ამ მომენტში, თანაბარი ქულა აქვს „იბერია 1999"-თან და გატანილი გოლების წყალობით, მეორე ადგილს იკავებს. პირველ ადგილზე კი, „რუსთავია" რომელსაც ერთი ქულით მეტი აქვს ქეცბაიას გუნდზე და რომელიც მომდევნო, მე-15 ტურში, ამავე სტადიონზე სწორედ, „დინამო თბილისის" დაუპირისპირდება.
ფოტო: "სამგურალი"





ჩვენ







