თოკო შენგელია „დუბაის“ კალათბურთელია
თოკო შენგელია „დუბაის“ კალათბურთელია
06.08.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, ახალ საკალათბურთო სეზონს ახალ კლუბში დაიწყებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით თოკო, კარიერას „დუბაიში" გააგრძელებს, რომელიც ევროლიგის ერთ-ერთი სახასიათო გუნდია, თუნდაც იმიტომ, რომ კლუბმა, რომელიც 2024 წელს არაბმა მულტი-მილიონერმა ბიზნესმენმა აბდულა ალ ნაბუდაამ დააარსა, მოკლე პერიოდში მოახერხა ადრიატიკის ლიგის (ABA League) მოგება, სადაც ფინალში ბელგრადის „პარტიზანი" დაამარცხა და პარალელურად ჩაატარა სადებიუტო ჩემპიონატი ევროლიგაში (სპეციალური ლიცენზიის საფუძველზე) და მე-11 ადგილით დაასრულა ასპარეზობა (17 მოგება, 17 მარცხი).


მედიაში გავრცელებული და მოგვიანებით კატალონიური კლუბის ოფიციალური ინფორმაციით, თოკოს ტრანსფერი „ბარსელონამ" მაშ შემდეგ დაადასტურა, რაც საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკუთარი კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც კლუბთან 2029 წლის ბოლომდე ჰქონდა გაფორმებული, დაახლოებით 1 მილიონ ევროდ თავად გამოისყიდა.


„ბარსელონას" ცნობას, ეგრევე მოჰყვა „დუბაის" (Dubai Basketball)-ის ოფიციალური განცხადება შენგელიას გუნდში გადასვლის თაობაზე. საინტერესოა, რომ თოკოს ახალ კლუბს, ესპანელი ხავი პასკუალი წვრთნის, რომელთანაც ქართველს „ბარსელონაში" უმუშავია.


2026-2027 წლების საკალათბურთო სეზონს „დუბაი" საგრძნობლად განახლებული, გაძლიერებული და საინტერესო შემადგენლობით ხვდება, ევროლიგის ვარსკვლავებისა და NBA-ის გამოცდილების მქონე მოთამაშეებით მათ შორის. მაგალითად „დუბაის" „მონაკოდან" შეუერთდნენ ელი ოკობო და ჟარონ ბლოსომგეიმი, „რეალიდან" ძანან მუსა, „ბასკონიადან" მამადი დიაკიტე, ესპანელმა „ნახევარი ესპანეთი" თან გამოიყოლა, მათ შორის თოკოც და დაიმატა კიდევ დევინ მაინცი.


წინა სეზონიდან გუნდში დარჩნენ და შესაბამისად კონტრაქტები გაახანგრძლივეს დეივის ბერტანსმა, მფიონდუ კაბენგელემ, მაკ-კინლი ვრაით IV-მა, ფილიპ პეტრუშევმა, კლემენ პრეპელიჩმა, მოჰამადუ ჯეიტმა და ჯასტინ ანდერსონმა.


თოკო შენგელიასა და „დუბაის" (Dubai Basketball) სასტარტო შეხვედრა ევროლიგის ახალ, 2026-2027 წლების სეზონში 24 სექტემბერს გაიმართება, როდესაც ქართველის ახალი გუნდი საკუთარ არენაზე მადრიდის „რეალს" უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. უკვე მომდენო შეხვედრაში, 29 სექტემბერს, ასევე 20:00 საათზე „დუბაი", შენგელიას ყოფილ გუნდს, „ბარსელონას" დაუპირისპირდება. 2 ოქტომბერს, კი, ისინი ვინც, უნგრეთში, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მატჩის სანახავად ბუდაპეშტში გამგზავრებას ვერ მოახერხებთ, გირჩევთ, წინასწარ დაიჭიროთ თადარიგი და სტამბოლში, „ფენერბაჩესა" და „დუბაის" შეხვედრას, დაუვიწყარ საკალათბურთო გარემოში დაესწროთ, რაც თავად გამოვცადე და დღემდე ემოციაში ვარ. თამაში თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება და თუკი ვინმე ამ შეხვედრის საყურებლად გაემგზავრებით, აუცილებლად გათვალეთ, რომ უკან ტაქსით მოგიწევთ წამოსვლა.