რატომ არ შეუშვა ბრიტანულმა საჰაერო სივრცემ Jordan Aviation-ი და რა ნაბიჯები უნდა მოიმოქმედოს „იბერია 1999“-მა
რატომ არ შეუშვა ბრიტანულმა საჰაერო სივრცემ Jordan Aviation-ი და რა ნაბიჯები უნდა მოიმოქმედოს „იბერია 1999“-მა
04.08.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უეფა-ს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის მატჩისთვის, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „იბერია 1999" ჩრდილოეთ ირლანდიაში ორ ჯგუფად გაემგზავრა. დღეს, 4 აგვისტოს 01:00 საათზე კერძო, მცირე ტევადობის ბიზნეს-ჯეტით, მოთამაშეები გაფრინდნენ, რათა მატჩამდე, რომელიც 4 აგვისტოს თბილისის დროით 23:00 საათზე არის დაგეგმილი დასვენება მაინც მოასწრონ. ხვალ კი, მეორე ჯგუფი გაემგზავრება ბელფასტში. ქართული კლუბის გეგმის რადიკალურმა ცვლილებამ რეალურად, კლუბს მატერიალურთან ერთად, მორალური ზიანიც მიაყენა. ამასთან, ასცდა უეფა-ს „ქაუნთდაუნით" გაწერილ გეგმას, გაუცდა ვარჯიში, დასასვენებლად, დარჩა ცოტა დრო. იმედია, მთელი ეს გაუთვალისწინებელი გარემოებები გავლენას არ მოახდენს „ლარნესთან" მოახლოებულ თამაშზე.


გავრცელებული ინფორმაციით, ჩარტერის ჩაშლის ერთ-ერთი მიზეზი ბრიტანეთის საავიაციო კანონმდებლობა იყო. აქ, საინტერესოა, იცოდა თუ ქართულმა არა კლუბმა, მსგავსი რეგულაციების შესახებ, ან  გააფრთხილა თუ არა შუამავალმა ფრანგულმა კომპანიამ ქართული მხარე მოსალოდნელ შეფერხებაზე. UK CAA პერმიტის ასაღებად, ბუნებრივია გარკვეული დრო არის საჭირო. არარეგულარული, ჩარტერული რეისებისთვის, საფეხბურთო კლუბების, ან ტურისტული ჯგუფებისთვის ერთჯერადად სტანდარტული მოთხოვნა მინიმუმ 2 სამუშაო დღეს ითვალისწინებს რეისამდე.


საავიაციო ბროკერები განაცხადს მინიმუმ 5-7 სამუშაო დღით ადრე აგზავნიან, რათა UK CAA-მ მოასწროს ხომალდის უსაფრთხოების (TCO), სადაზღვევო პოლისებისა და ეკიპაჟის საბუთების დეტალური შემოწმება.


თუ ჩარტერის შემსრულებელი ბორტი დაიქირავა მესამე მხარემ, რაც ამ შემთხვევაში სახეზე გვაქვს, ფრანგულმა კომპანიამ დაიქირავა Jordan Aviation-ის ბორტი,  UK CAA მოითხოვდა განაცხადის წარდგენას ფრენამდე მინიმუმ 5-დან 10 სამუშაო დღით ადრე.


ქართულმა კლუბმა, რეალურად მომავალი მეტოქის ვინაობა შეიტყო 29 ივლისს, ბრატისლავას „სლოვანთან" დამარცხებისთანავე. კლუბს მომდევნო თამაშზე გასამგზავრებლად კი, რჩებოდა ხუთი დღე, დღევანდელი 3 აგვისტოს ჩათვლით, თუმცა, აქედან ორი დღე უქმე უწევდა. აქ, საინტერესო ერთი გარემოებაა, რა ვადებში მიაღწია ქართულმა მხარემ „ჩარტერზე" შეთანხმებას და გაითვალისწინა თუ არა ვადები დაქირავებულმა კომპანიამ.


რომელი ბორტით უნდა გაფრენილიყო „იბერია 1999" და რატომ გართულდა საქმე? Jordan Aviation-ი არის იორდანიაში დაფუძნებული კომპანია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ასრულებს ჩარტერულ რეისებს. ამასთან, აღნიშნული კომპანიის ბორტებს, ძირითადად თვითმფრინავის ეკიპაჟებთან ერთად ქირაობენ. მიუხედავად იმისა, რომ Jordan Aviation-ი არის მესამე ქვეყნის ავტორიზებული ოპერატორი (TCO) და მას მინიჭებული აქვს ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) სტანდარტებით ფრენის უფლება, მათ შორის ევროპის საჰაერო სივრცეში, დიდი ბრიტანეთის საავიაციო სივრცეში, ნებისმიერი უცხოური ავაკომპანიის ოპერირება მკაცრად კონტროლდება. რეალურად, მესამე ქვეყნის სხვა ოპერატორებივით, ამ შემთხვევაშიც მოწმდება ნებართვები უსაფრთხოების მიმდინარე ნორმებიდან გამომდინარე.


დიდი ალბათობით, ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, Jordan Aviation-ი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ოპერირებს, რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ფონის გათვალისწინებით, რისკების შეფასების ფილტრმა შესაძლოა, დროებითი შეფერხება გამოიწვია. ბრიტანული მხარე ასევე ამოწმებს ხომალდის, ეკიპაჟის წევრებისა და ავიაკომპანიის ბოლო პერიოდის მარშრუტებსაც.


ამას გარდა, თუ ჩარტერი დაფინანსებული, ან ორგანიზებული იყო ფრანგული შუამავალი კომპანიის მიერ, ბრიტანული კანონმდებლობით მკაცრად შემოწმდებოდა, თუ რატომ არ ასრულებს ფრენას ადგილობრივი ან ევროპული კომპანია და რატომ ხდება მესამე ქვეყნის, ამ შემთხვევაში იორდანიული კომპანიის ბორტის გამოყენება. ბრიტანეთი ხშირად იცავს საკუთარ ბაზარს და უარს ამბობს "მესამე ქვეყნების" ხომალდების ჩარტერებზე, თუ არ არსებობს განსაკუთრებული აუცილებლობა.


თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, „განსაკუთრებული აუცილებლობა" გამოწვეული იყო, ვადების სიმჭიდროვით, რომელიც უეფა-ს საკლუბო ტურნირების კალენდარი ადგენს. ფაქტია, რომ ვიდრე მტყუან-მართალი გაირკვევა, ქართული კლუბი ფინანსურად უკვე დაზარალდა - სასტუმროს ჯავშნის კორექტირება.


უნდა მოეთხოვოს თუ არა ფრანგულ კომპანიას კომპენსაცია - რა თქმა უნდა კი, თუკი, სუბკონტრაქტორ კომპანიას არ ჰქონდა გარანტირებული ბრიტანეთის საჰაერო სივრცეში ფრენის ნებართვა, რადგან ეს უკვე კონტრაქტის პირობების დარღვევაა.


ავიაკომპანიის მიერ ფრენის ნებართვის ვერმიღება (Regulatory disapproval) საერთაშორისო საავიაციო სამართალში, როგორც წესი, არ განიხილება ფორსმაჟორად (დაუძლეველ ძალად), თუ ეს გამოწვეული იყო არასწორი ან დაგვიანებული დოკუმენტაციის წარდგენით. ეს არის კომერციული და საოპერაციო რისკი, რომელზეც პასუხისმგებელია რეისის შემსრულებელი და მისი დამკვეთი ბროკერი.


შესაბამისად, კლუბის იურიდიულმა დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ უნდა გადაამოწმოს გაფორმებული ხელშეკრულების პუნქტი ზარალის ანაზღაურება (Indemnification) და მარეგულირებელი სამართალი (Governing Law), რათა საფრანგეთის ან საერთაშორისო საარბიტრაჟო წესებით მოითხოვოს მიყენებული მატერიალური და რეპუტაციული ზიანის სრული კომპენსაცია. dაგვიანებული რესის გამო პირდაპირი ხარჯები, უნდა წარედგინოს ფრანგულ კომპანიას ოფიციალური პრეტენზიის სახით.


და ვიდრე, ჩვენი გვერდი ამ იურიდიულ ლაბირინთში გარკვევას ცდილობდა, ქართული საფეხბურთო კლუბის „იბერია 1999"-ის კერძო ბიზნეს-ჯეტი უკვე ბრიტანეთის საჰაერო სივრცეშია და დაახლოებით 35-40 წუთში ბელფასტის აეროპორტში დაეშვება.