„იბერია 1999“ ბელფასტში თბილისის დროით დილით 05:30 წუთისთვის უნდა დაეშვას
„იბერია 1999“ ბელფასტში თბილისის დროით დილით 05:30 წუთისთვის უნდა დაეშვას
04.08.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, თბილისის „იბერია 1999" ჩრდ. ირლანდიაში „ლარნეს" წინააღმდეგ სათამაშოდ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დღეს, 4 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 01:00 საათზე კერძო ბორტით გაფრინდა. იბერიელებმა სოციალური ქსელით ამ ფაქტის დასტურად ფოტოც გაავრცელეს, ჩვენს გვერდს კი, გაფრენის დრო, თავად ფეხბურთელებმა დაუდასტურეს.


მაშინ, როდესაც ქართული კლუბი ყველაზე მეტად მიუახლოვდა უეფა-ს ევროტურნირებს ჯგუფს და დღეს უეფა-ს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის მატჩის წინა დღით გათვალისწინებული ვარჯიში ჩაეტარებინათ, ხოლო მედიისთვის პრეს-კონფერენციაზე ეპასუხათ, გაირკვა, რომ „იბერია 1999", ჩრდ. ირლანდიაში სულაც არ გამგზავრებულა.


3 აგვისტოს, გუნდი 18:00 საათისთვის ჯერ ისევ თბილისში იყო და არკვევდა, რა გზით გაფრენილიყო მომავალი ასპარეზობის ადგილას. სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „იბერია 1999"-მა ამ გარემოებიდან გამომდინარე, უეფა-ს თამაშის გადადების თაობაზეც მიმართა თხოვნით, რომელიც ქართულ გუნდს ჯერ-ჯერობით არ დაუკმაყოფილეს. უეფა-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზეც, ამ მომენტამდე, თამაშის თარიღად 4 აგვისტო, ბელფასტის დროით 23:00 საათი არის მინიშნებული.


მთელი დღის მანძილზე ქართული კლუბის მგზავრობის შეყოვნების მიზეზად ხან სავიზო პრობლემა (ვერ მოესწრო ფეხბურთელებისთვის ვიზების მიღება) სახელდება, ხანაც ბელფასტის აეროპორტის მიზეზი მიეღო ბორტი, რომელიც ქართულმა კლუბმა იქირავა ჩარტერული რეისის შესასრულებლად. პრობლემა კი, მაშინ წარმოიშვა, როდესაც გაირკვა, რომ „იბერია 1999"-ის მიერ დაქირავებულმა ფრანგულმა კომპანიამ, ქართულ მხარეს Jordan Aviation-ის ბორტი შესთავაზა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანეთის იურისდიქციაში მყოფმა ბელფასტის აეროპორტმა უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე აღნიშნულ ბორტს უარი უთხრა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, „იბერია 1999"-ის სამწვრთნელო შტაბი და სათადარიგო სკამის რამდენიმე მოთამაშე გუნდს 4 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში, შეუერთდება და ისინი, ბელფასტში რეგულარული რეისით დღის მეორე ნახევარში გადაფრინდებიან.


საინტერესოა, რომ ამ დრომდე, სოციალურ ქსელში ატეხილი ხმაურის მიუხედავად, ქართულ კლუბს ოფიციალური ვერსია და მიზეზები ამ დრომდე არ დაუფიქსირებია საკუთარი ვებ-გვერდის, ან თუნდაც, სოციალური ქსელით.


ჩრდ. ირლანდიაში გეგმით გათვალისწინებულ გამგზავრებამდე, 2 აგვისტოს, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა სოცმედიით გუნდის ახალწვეული, 24 წლის მარჯვენა მცველი სებასტიან ფიგუერედო წარადგინა. ურუგვაელის ფეხბურთელი, „იბერია 1999"-ს ესპანური „ლეგანესიდან" 1-წლიანი იჯარის წესით შეუერთდა.


იმ შემთხვევაში, თუ „იბერია 1999" ორი მატჩის ჯამში, ჩრდ. ირლანდიურ ბარიერს გადალახავს, ქართული გუნდის მეტოქე პოლონური „იაგელონიასა" და შოტლანდიური „რეინჯერსის" წყვილში გამარჯვებული გუნდი იქნება. თუმცა, მანამდე ჯერ ხვალინდელი მატჩია გადასაგორებელი.