საფრანგეთში ხვიჩა კვარაცხელიას მხარდასაჭერი კამპანია ძალას იკრებს
საფრანგეთში ხვიჩა კვარაცხელიას მხარდასაჭერი კამპანია ძალას იკრებს
02.08.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს არ უთამაშია და ამ ფაქტორის გათვალისწინებით, „ოქროს ბურთის" (Ballon d'Or) რეიტინგში, მოწინავე პოზიციებზე მყოფმა ხვიჩა კვარაცხელიამ, ბუკმეიკერულ პროგნოზებში ათეულს მიღმა გადაინაცვლა, ამ ჯილდოს მიღების ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად სწორედ ქართველი რჩება. თუმცა, მოდით მივყვეთ თანმიმდევრობით .რამდენიმე დღეა ფრანგული სოციალური მედია, ინფლუნენსერები, რაც მთავარია ჟურნალისტები და ექსპერტები ღიად ლაპარაკობენ, რომ გასულ სეზონში ყველაზე სანახაობრივი და ეფექტური, სწორედ, პარიზელების ქართველი გარემარბი იყო. თავიდან, მსხვილი გამოცემებიდან ეს Le Parisien-მა დაწერა. დღეს კი, „კვარას" კანდიდატურის მხარდასაჭერი სტატია კიდევ ერთმა ფრანგულმა გამოცემამ L'Équipe  გამოაქვეყნა, ამასთან კვარას ფოტო გარეკანზე გამოიტანა.


ზოგადად, გამოცემა ხვიჩა კვარაცხელიაზე და პსჟ-ში ქართველის დიდ გეგმებსა და ამბიციებზე წერს. მოგეხსენებათ, პსჟ-მ ოფიციალურად ვარჯიში 27 ივლისიდან განაახლა, თუმცა, შესვენების დროსაც, „კვარა" ინტენსიურად ვარჯიშობდა L'Équipe-ის ცნობით, შვიდკვირიანი შესვენება ფიზიკური ფორმის შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად გამოიყენა და შესაბამისად, ახლა სეზონს Ballon d'Or-ის მაძიებელ კონკურენტებთან შედარებით 100%-იანი მზადყოფნით უნდა შეხვდესო.


რადგან კონკურენტებზე ჩამოვარდა ლაპარაკი, აქვე ვთქვათ, ვინ არიან ხვიჩას რეალური კონკურენტები? ალბათ მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგებიდან გამომდინარე უფრო ჰარი კეინი, ლამინ იამალი. შესაბამისად, საფრანგეთის ნაკრების წარუმატებელი თამაშის გამო დასკვნით მატჩებში, რამაც „ოქროს ბურთის" ფრანგი მაძიებლების რეიტინგი საგრძნობლად დააგდო, ფრანგებმა „თავისიანის" გასაყვანად, დიდი მარკეტინგული „ომი" დაიწყეს.


ე.წ. მსოფლიო ჩემპიონატების წელს, „ოქროს ბურთის" მაძიებელთა შორის საუკეთესო ძირითადად „მუნდიალის" დროს დაფიქსირებული შედეგითა და რეიტინგით ირკვევა ხოლმე, თუმცა, დღეს საერთაშორისო გამოცემები, რომლებიც არ მალავენ, გასული სეზონიდან გამომდინარე ქართველისადმი სიმპათიებს, უფრო აქტიურად იშველიებენ ე.წ. უნიკალური პრეცედენტს, რომელიც 1978 წელს მოხდა.


იმ წელს „ოქროს ბურთის" მოგება კევინ კიგანმა შეძლო ისე, რომ მის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე არ უთამაშია.  L'Équipe სტატიაში ხაზს უსვამს, რომ „კვარას", სწორედ ამ უნიკალური მიღწევის გამეორება შეუძლია.


ფაქტია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონის, ესპანეთის რიგებშიც კი არ ყოფილა ისეთი ლიდერი, რომელზეც მთელი ტურნირი ლაპარაკობდა მედია და ამით Ballon d'Or-ის მოგების შანსებს უზრდიდა. ამ გარემოებას ემატება ისიც, რომ კონკურენტებს, საკლუბო სეზონებიც არასტაბილური ჰქონდათ, ვიდრე ხვიჩას, რომელმაც წელი, უეფა-ს სუპერ თასის მოგებით დაიწყო, 2025-2026 წლების სეზონში მოიგო საფრანგეთის სუპერთასი (Trophée des Champions), ფიფა-ს საკონტინენტთაშორისო თასი, ზედიზედ მეორე მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა. ხვიჩამ, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე უძლიერესი სეზონი ჩაატარა (10 გოლი, 7 საგოლე გადაცემა) და გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც პლეი-ოფის ზედიზედ 7 მატჩში გამოიჩინა თავი და ოთხჯერ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ხოლო, ამ ბრწყინვალე ინდივიდუალურმა თამაშმა და გადამწყვეტ შეხვედრებში მოპოვებულმა აღიარებებმა უდიდესი როლი ითამაშა იმაში, რომ სეზონის ბოლოს უეფა-ს უეფა-ს ტექნიკურმა დამკვირვებლებმა იგი მთლიანი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელადაც (Player of the Season) დაასახელეს.


ახლა ჩავხედოთ კიდევ ორ მაჩვენებელს - ქართველმა, საფრანგეთის ლიგა 1-ში გამართულ 28 მატჩში 8 გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა. საქართველოს ნაკრებთან ერთად 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 2 გოლი გაიტანა, კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრაში ბაჰრეინის წინააღმდეგ კი, პენალტი გაიტანა.


შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის"  დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია, შემოდგომაზე, 26 ოქტომბერს იგეგმება. ასე, რომ ქართველს პსჟ-სთან და შესაძლოა ეროვნულ ნაკრებთან ერთად ჯერ კიდევ აქვს შანსი, პროდუქტიული თამაშის შემთხვეაში ეს შანსი, რაც ისტორიული იქნება საქართველოსთვის კიდევ უფრო მიუახლოვოს მიზანს. და რა ვიცით, იქნებ, ერთმა უბრალო, ალალმა და საქმეზე შეყვარებულმა ბიჭმა, პატარა ქვეყნიდან, ეს ოცნებაც აიხდინოს.