
ვიდრე, ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი, ჩვენდა სამწუხაროდ, ივლისი-აგვისტოს საკლუბო ევროტურნირების ციებ-ცხელებას გავდივართ, სამწუხაროდ, რადგან იმის იქით, კარგა ხანია არც წავსულვართ, უეფა-სა და ფიფა-ს შორის რამდენიმე დღის წინ დაწყებული ახალი სკანდალი კიდევ უფრო მწვავდება. საქმე ისაა, რომ უეფა, რომელიც თავის მხრივ, ფიფა-ს წევრი ორგანიზაციაა ვერ და არ ეთანხმება მსოფლიო ფეხბურთის მთავარი პირის ჯანი ინფანტინოს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც მსოფლიო ჩემპიონატის მართვა შესაძლოა კერძო სექტორის (მესამე პირს) გადაეცეს.
„ფეხბურთს არავინ ყიდის. ეს არ არის ის, რაც ფიფა-ს ოდესმე შეუძლია გააკეთოს. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა გამოხმაურებასა და შიშს, რაც საზოგადოებაში გაჩნდა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ღია და დემოკრატიული კონსულტაციების პროცესს. ჩვენ გავაგრძელებთ აღნიშნულ კონსულტაციებს, რათა ყველა წევრმა ფედერაციამ მოახერხოს ფაქტებზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილება", - ასეთი შინაარსის მესიჯს ავრცელებს ფიფა მას შემდეგ, რაც უეფა-ს წევრმა 55-ვე ფედერაციამ ევროპის საფეხბურთო მმართველ ორგანოს ერთხმად დაუჭირა მხარი ფიფა-ს ტურნირების ბოიკოტირების თაობაზე, თული რა თქმა უნდა, ინფანტინოს პროექტი, კერძო ინვესტორზე უფლებების მიყიდვასთან დაკავშირებით გავა.
ახლა, მოდით თვალი გადავავლოთ, რა უნდა და რას ითვალისწინებს, ფიფა-ს ახალი ხედვა - ფიფა, გეგმავს დააფუძნოს შვილობილი კომერციული სტრუქტურა FIFA Forward Enterprise (FFE), რომელიც ტურნირების საოპერაციო და კომერციულ უფლებებს (მათ შორის ტრანსლაციებსა და მარკეტინგს) გააკონტროლებს. 20%-ზე მეტი წილი კერძო საინვესტიციო ფონდებზე გაყიდოს. პროექტის საერთო ღირებულება 20 მილიარდად აშშ დოლარად არის შეფასებული, საიდანაც მესამე პირებისგან 4.2 მილიარდ აშშ დოლარის მოზიდვა იგეგმება. აი, ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ინვესტორთა ჯგუფს, სათავეში ჩაუდგება კერძო კაპიტალის ფირმა Thrive Eternal, რომელიც დონალდ ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის ძმამ, ჯოშუა კუშნერმა დააფუძნა. ისე, როგორ უნდათ და ხედავენ „სოკერს" ამერიკელები, ამაში მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისასაც დავრწმუნდით.
სოლიდურ საერთაშორისო გამოცემებზე დაყრდნობით, აღნიშნულ პროექტზე თანხმობის შემთხვევაში FIFA წევრ ასოციაციებს 40 მილიონ აშშ დოლარს ჰპირდება, მოსაფიქრებლად კი, ვადად 19 სექტემბერი განუსაზღვრა.
The Guardian-ის ინფორმაციით, ფარულად მომზადებული პროექტი, საფრთხის შემცველია მსოფლიო ფეხბურთისთვის და ფიფა-ს მხრიდან უპასუხისმგებლოდ გადადგმული ნაბიჯია. თუ სკანდალი არ ჩაცხრა მაშინ საფეხბურთო სამყაროს ორად გაგლეჯა ემუქრება. ერთ მხარეს იქნება FIFA (სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ნაკრებებით), ხოლო მეორე მხარეს - UEFA, რომელიც საკუთარ, ალტერნატიულ „მსოფლიო თასს", ან გაფართოებულ ევროპის ჩემპიონატს ჩაატარებს.
კერძო საინვესტიციო კომპანიები (მაგალითად, Thrive Eternal) დაიწყებენ თამაშის წესების კარნახს. ტრანსლაციის უფლებები გაძვირდება, მატჩები შესაძლოა ფასიან პლატფორმებზე გადავიდეს, ხოლო თამაშის ფორმატები და კალენდარი მხოლოდ მაქსიმალურ მოგებაზე მოერგება.
არაა გამორიცხული ცვლილებები საკლუბო სექტორზეც გადმოვიდეს და მაგალითად, სუპერლიგის პროექტის აღზევდეს. როგორც საერთაშორისო მედიაში იწერება უეფასთან დაპირისპირებული ევროპული გრანდები, „რეალი", „ბარსელონა" და სხვები, ბოლოს და ბოლოს შექმნიან „ელიტარულ ევროპულ სუპერლიგას", რასაც წლებია ცდილობენ და ახლა უფრო გამოიკვეთა საიდან უბერავდა ეს „ქარი". ყოველივე ეს კი, ნიშნავს, რომ ბევრ ქვეყანაში, შიდა ჩემპიონატები და მცირე კლუბები რეალურად, ფინანსურად განადგურდებიან.
თუ დავუკვირდებით, საკმაოდ ცუდი პერსპექტივაა და იმას გარდა, რომ უეფა, ფიფა-ს „საიდუმლო სერობით" განაწყენდა, რეალურად ფეხბურთის ევროპის მმართველი ორგანი, ცდილობს იბრძოლოს „ფეხბურთისთვის". ამ მომენტში დაპირისპირების მხარეებს შორის, შეიძლება ითქვას სრული თანაფარდობაა. უეფა-ს ბოიკოტს კი, ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის კონფედერაციაც (CONCACAF)-ის გარდა, დღეს აზიის ფეხბურთის კონფედერაციაც შეუერთდა, ეს კი, ონფანტინოსთვის, რა დასამალია და სერიოზული დარტყმაა. CONCACAF-ს არ მოწონს დახურულ სივრცეში, თანაც შეზღუდულ ვადებში გადასაჭრელი დილემა. აზიის ფეხბურთის ფედერაციის (AFC) პრეზიდენტის, შეიხ სალმან ბინ იბრაჰიმ ალ-ხალიფას, რომელიც აქამდე, ინფანტინოს საყრდენ ძალად ითვლებოდა, განცხადებით კი, ფიფა-ს „ეს გეგმა ფეხბურთის საფუძვლებს არყევს".
აქვე გეტყვით, რომ უეფა-ს პოზიციასა და ბოიკოტის მუქარის ფონზე, პროექტს მწვავე წინააღმდეგობა გამოუცხადეს ევროპულმა შიდა ლიგებმა და გულშემატკივართა გლობალურმა გაერთიანებებმა. ევროპული ლიგების გაერთიანება (European Leagues), შიდა ჩემპიონატების მესვეურები მიიჩნევენ, რომ მსგავსი კომერციალიზაცია კიდევ უფრო დააზიანებს ადგილობრივ ლიგებსა და კლუბებს. ეს უეფა-ს პროტესტის ერთ-ერთი არგუმენტიც არის. უეფა-ს მხარს უჭერენ ქომაგთა ასოციაციები, მსოფლიოს მასშტაბით 58-მა ოფიციალურმა ფან-ჯგუფმა ერთობლივი პროტესტი გამოთქვა ფეხბურთის „გასაყიდად გამოტანის" წინააღმდეგ.
ახლა შევხედოთ მეორე მხარეს - ჯანი ინფანტინოს ამ მომენტში მხარს, ტრადიციულად CONMEBOL (სამხრეთ ამერიკა) და CAF (აფრიკის ფეხბურთის კონფედერაცია) უჭერენ. ერთს ფიფა-ს ფინანსური ინიციატივები ხიბლავს, მეორეს „სასიცოცხლოდ" მნიშნელოვანი 40 მილიონი აშშ დოლარო ბონუსად.
ახლა ეს ყველაფერი, რომ ხმებში გადავიყვანოთ, რადგან პროექტის დასამტკიცებლად ჯანი ინფანტინოს 106 ხმა სჭირდება 211-დან, ასეთი სურათი გვაქვს: უეფა-ს მხარეს აზიის ფეხბურთის კონფედერაციის პოზიციის გარკვევამდე 96 ხმა ჰქონდა, შესაბამისად, დღევანდელი მონაცემებით ეს რიცხვი საგრძნობლად გაზრდილია. არის კიდევ ერთი დილემა, რის გამოც ფიფა-ს პროექტი იმ შემთხვევაში, თუკი, ევროპის უძლიერესი ნაკრებები, მათ შორის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი ბოიკოტს გამოუცხადებენ მსოფლიო ჩემპიონატს, მსოფლიო ჩემპიონატი კომერციულ აზრს კარგავს, რაც ფიფა-ს შესაძლოა, უკან დახევას აიძულებს, რადგან მათ გარეშე მსოფლიო ჩემპიონატი ფინანსურად მოკვდება.
სწორედ ეს კოზირი აქვთ უეფა-ს, CONCACAF-თან და AFC-სთან ერთად და კიდევ, დიდი იმედი, რომ ერთი „ჯოკერი" მაინც უეფა-ს ხელში დარჩება და საბოლოოდ, საქმე კომპრომისული შეთანხმებით დასრულდება. ჯანი ინფანტინო შეამცირებს გასაყიდი წილის მოცულობას, გაზრდის კონფედერაციების წილს შემოსავლებში და პროცესს უფრო გამჭვირვალეს გახდის. თუმცა, მანამდე მიმდინარე პროცესებმა, კიდევ უფრო ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა და მსოფლიო ჩემპიონატის დროს დაწყებული ლაპარაკები ფიფა-ს მოქმედი მმართველი რგოლების მიკერძოებაზე, ბლატერის მონატრებაზე და ინფანტინოს საპრეზიდენტო სკამზე, კიდევ უფრო გააღრმავა და საფუძვლიანი გახადა.





ჩვენ








