
აზერბაიჯანული „ზირა" უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გათამაშებას გამოეთიშა. დავით ვოლკოვისა და გიორგი პაპუნაშვილის გუნდმა დღეს, ესტონურ „პაიდესთან", საკუთარ მოედანზე მართალია ფრედ, 1-1 ითამაშა, თუმცა, ორი შეხვედრის ჯამში 1-2 წააგო და კონფერენს ლიგის მიღმა დარჩა. „ზირას" ბოლო ტურების მსგავსად, ქართველებიდან სასტარტო შემადგენლობიდან თამაში ვოლკოვმა დაიწყო, პაპუნაშვილი კი, კვლავ შეცვლაზე შევიდა. მასპინძლებმა ანგარიში მე-5 წუთზე გახსნეს, თუმცა, ამის შემდეგ, მეტი გოლის გატანა ვერ შეძლეს და თან საკუთარ კარშიც გაუშვეს.
კონფერენს ლიგის გათამაშებას გამოეთიშა საბა ხარებაშვილის „ბაშაქშეჰირი". სტამბოლის გუნდი, ფინურ „ინტერ ტურკუსთან" სახლში, ფრედ, 1-1 დასრულებული პირველი შეხვედრის შემდეგ, საპასუხო გასვლით შეხვედრაში 2-0 დამარცხდა და ორი შეხვედრის ჯამში (3-1), ასპარეზობას დაემშვიდობა. საბას, როგორც ადრე ვწერდით, სრულწლოვანებამდე, თურქული კლუბის შემადგენლობაში ოფიციალურ თამაშებში ვერ დააყენებენ. ასე, რომ „ბაშაქშეჰირთან" ერთად საბას ევროტურნირები მომავალ სეზონამდე გადაედო.
უეფა-ს კონფერენს ლიგის გათამაშების მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა ცოტნე კაპანაძისა და გიორგი გაგუას „დუნაისკა სტრედა". ქართველების გუნდმა გასვლაზე ბოსნია და ჰერცეგოვინაში „ველეზ მოსტარი" 0-3 დაამარცხა, ორი შეხვედრის ჯამში კი, 0-4 მოიგო. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველ დაპირისპირებაში გამარჯვების გოლი გიორგი გაგუამ გაიტანა. „დუნაისკა სტრედა" გათამაშების მომდევნო ეტაპზე 6 აგვისტოს ნიდერლანდების „ტვენტეს" შეხვდება.
კონფერენს ლიგის მომდევნო საკვალიფიკაციო ეტაპზეა ხორვატული „რიეკაც", რომელმაც ორი შეხვედრის ჯამში 0-2 დაამარცხა ჩრდ. ირლანდიური „დერი სიტი". პირველი შეხვედრის მსგავსად, საპასუხო თამაშიც, 0-1 მოიგო. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდში თორნიკე მორჩილაძე თამაშობს, თუმცა, ქართველი ამ მომენტში ტრავმის შემდგომ სარეაბილიტაციო ეტაპს გადის და იმედია, მალე დაუბრუნდება მოედანს. „რიეკა" 6 აგვისტოს, ფინურ „ილვესს" შეხვდება.
ასპარეზობას აგრძელებს ლაშა ოდიშარიას რიგის რფს-ც. ქართველოს გუნდმა დღეს, ისლანდიაში ფრედ, 1-1 ითამაშა „ვესტრისთან", თუმცა, ორი შეხვედრის ჯამში 2-5 გაიმარჯვა და ახლა, 6 აგვისტოს, ჩეხურ „იაბლონეცს" დაუპირისპირდება. ქართველი გუნდის განაცხადში იყო, თუმცა, დღეს სათამაშოდ არ შესულა.
ალექსანდრე ნარიმანიძის „ჟილინა", სლოვაკეთში მოგებული მატჩის (2-1) შემდეგ, საპასუხო შეხვედრაში პოლონურ „გკს კატოვიცესთან" 3-1 დამარცხდა და ორი შეხვედრის ჯამში (4-3) მომდევნო ეტაპზე პოლონური კლუბი გავიდა.
დღესვე უეფა-ს ევროტურნირების ორი შეხვედრა ქართველ მსაჯთა ბრიგადამ განსაჯა. დანიაში, „ნორშელანისა" და შვედური „გაისის" შეხვედრის მთავარი არბიტრი გიორგი ავაზაშვილი იყო. რომელსაც გიორგი ელიკაშვილი და გოჩა ტარუაშვილი ეხმარებოდნენ. მეოთხე კი, ამ შეხვედრაში ირაკლი ხერხაძე იყო. მატჩი მასპინძლებმა 6-0 მოიგეს. ქართველმა მსაჯმა კი, მონაწილე გუნდებს 3-3 ყვითელი ბარათი უჩვენა.
დღესვე, ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში, მოსტარში, „ჟრინსკისა" და ისლანდიური „ვალურის" შეხვედრის მთავარი არბიტრი ალეკო აფციაური იყო. მას ასისტენტობას დავით ჩიგოგიძემ და ზვიად ბლიაძემ გაუწიეს. მეოთხე მსაჯი ცოტნე სამსონაშვილი იყო. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 2-2 დასრულდა. თუმცა, ორი მატჩის ჯამში, მომდევნო ეტაპზე „ვალურსი" გავიდა. შეხვედრა საკმაოდ კორექტული გამოდგა და ქართველ მსაჯსაც, მხოლოდ თითო-თითო ყვითელი ბარათის ჩვენება მოუხდა.





ჩვენ








