კატასტროფა, საიდანაც „დინამო თბილისს“ გამოსვლა გაუჭირდება
კატასტროფა, საიდანაც „დინამო თბილისს“ გამოსვლა გაუჭირდება
30.07.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„დინამო თბილისმა" უეფა-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი მძიმედ დაიწყო და საბოლოოდ განადგურდა 7-2. განადგურდა ვილნიუსის „ჟალგირისთან", რომელთანაც საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული, დადებითი ბალანსი ჰქონდა. სიმართლე, რომ ვთქვათ, რამდენიმე დღის წინ, საქართველო თასზე წაგებული მატჩის შემდეგ, პირადად მე მქონდა შიში, რომ ვილნიუსში შესაძლოა საქმე კარგად არ წასულიყო. ზოგადად, თბილისში მოგებული მატჩის შემდეგ, მიღწეულით ტკბობის  როგორც ჩანს, თბილისელები საპასუხო მატჩი სამბურთიანი უპირატესობით გათამამებულები, დღეს ძალზედ ინერტულები იყვნენ. შეიძლება თამაშობდნენ, პირველი ტაიმი მაქვს მხედველობაში, თორემ მეორე ტაიმში ქართული კლუბი სად იყო არ ვიცი, მაგრამ გუნდს არ ჰქონდა მუხტი და იმპულსი, რაც თბილისში იგრძნობოდა.


კიდევ ერთი დეტალი - საქართველოს თასის 1/16 ფინალს კი ჩავაცივდი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი და მერე გავჩუმდები და ამ თემას, პირადად მე, აღარ დავუბრუნდები. როდესაც „დინამო თბილისი" „გურიას" ევგრაფი შევარდნაძეზე ეთამაშა და არ ითხოვა მატჩის გადატანა თუნდაც სფფ-ის გვიმბალაურის საფეხბურთო ცენტრში, მიზეზად, ბევრად უფრო ფეხბურთში ჭიპმოჭრილებმა მითხრეს, ბუნებრივი საფარია და იმიტომ ითამაშესო. ალბათ, ვის და „დინამო თბილისის" მენეჯმენტს უნდა სცოდნოდა, რომ ვილნიუსში საპასუხო მატჩი ხელოვნურ საფარიანზე გვიწევდა და იქნებ, გვიმბალაურში ჩატარებული მატჩი წაგვდგომოდა დღეს?


რამდენიმე წლის წინ, ერთ გურულ მთამსვლელს ჰკითხეს, კი მაგრამ მთიდან, რომ დროზე დაშვებულიყვნენ, ხომ გადარჩებოდნენო? მან კი უპასუხა, ბაბუაჩემს რომ ბებიაჩემი არ ...... დღეს მე არ ვიქნებოდი, ასე რომ რა იყო და რა არა, ახლა აღარ ღირს ლაპარაკიო... აქაც ასეა, თუმცა, ამ შემთხვევაში ღირს, რადგან აქამდე, სწორედ სიჩუმემ მიგვიყვანა.


მოედნის თემა, ასე თუ ისე გავიარეთ. ახლა დაცვის ხაზს მივხედოთ - არ ვიცი, ვინ რამდენად ადევნებთ, თვალს ქართული კლუბების თამაშს, მაგრამ ქართული ფეხბურთის ფლაგმანის დაცვაში სრული „სკვაზნიაკია" - უბრალოდ, მდგომარეობას ასე უფრო უხდება. კი, რიგ თამაშებში თბილისელებს ჰქონდათ გამონათებები, თუმცა, რეალურად ასეა... დღეს კი, მეორე ტაიმში, „ჟალგირისმა" თბილისელთა საჯარიმოში „სტენკა" ჩადგა და „კაჩალკაზეც" გადაწვა - ლორია? დღეს, გიორგი ლორიას ბრალი, ჩემი სუბიექტური მოსაზრებით არც ერთ გოლში არის, რადგან მინიმუმ სამ გოლში ბურთი მოიგერია და დამატებაზე ვერავინ დააზღვია... კი, მასაც ჰქონდა რამდენიმე შეცდომა დღესაც, გამოსვლაზე, თუმცა, იმაზე მეტი აიღო და კლასი აჩვენა.


სწორად დააყენა თუ არა შემადგენლობა დღეს თემურ ქეცბაიამ? ჩემო მოკრძალებული მოსაზრებით, უფრო არა. მიუხედავად იმისა, რომ „დინამო თბილისს" პირველი შეხვედრა 3-0 ჰქონდა მოგებული, დამეთანხმებით, რომ გუნდმა იმ შეხვედრაში მეორე ტაიმი ჩააგდო. შესაბამისად, ალბათობა, რომ ურთულეს საპასუხო შეხვედრაში, თან ჩრდ. მაკედონიელი მსაჯების განსჯილ მატჩში (რამდენიმე დღის წინ ქართველ მსაჯთა ბრიგადამ ჩრდ. მაკედონიურ გუნდს 3 წითელი უჩვენა), ქართული გუნდის მიმართ, ცოტა აგრესია ექნებოდა, მითუმეტეს, რომ ამ ქვეყნის საფეხბურთო წარმომადგენლები, დიდიად არ გვყვარობენ - ჩვეულებრივი პატარა ქვეყნის კომპლექსია, რადგან სანაკრებო ფეხბურთში ვჩაგრავთ.


ის, რომ დღევანდელი თამაში მძიმე გამოვიდოდა, მე-9 წუთზე გამოჩნდა, და გაგვიმართლა რომ პეტკოვიჩმა პენალტი ვერ გაიტანა. სამაგიეროდ, 25-ე წუთზე გაგვიტანა სტანისლავ ბილენკი, რომელიც ეტყობა „დინამო თბილისზე" ძალიან გაბრაზებულია. გემახსოვრებათ, ის ჩვენი ფეხბურთელი იყო და ხან ჩვენ ვნათხოვრობდით და ხან ვანათხოვრებდით და ადამიანმაც, ადგა და დასამტკიცებელი დაგვიმტკიცა - დღეს, ჰეთ-თრიკი შეგვისრულა. საბედნიეროდ, პირველ ტაიმში მოვახერხეთ გატანა, ლეო სანტოსმა გაათანაბრა, თორნიკე კვარაცხელიას კარგი გარღვევის შემდეგ. ალბათ, დღევანდელი თამაში, სხვა შედეგით რომ დასრულებულიყო, ვიტყოდი, რომ უმცროს „კვარას" ცოტა სითამამე მართებს, რადგან ემჩნევა, რომ ბოლომდე ჯერ ვერ რისკავს, რიგი მომენტების საკუთარ თავზე აღებას, მაგრამ ეს ყველაზე ნაკლები პრობლემაა, რადგან, ჯერ ძალიან პატარაა და ასეთი თამაშებითაც, ბევრს ისწავლის.


ალბათ, აქ ისევ ჩემს მოსაზრებას ვიტყვი, აი იმ პირველ ტაიმში, რომელიც უნდა მოგვეგო და აქცენტი სამწვრთნელო შტაბსაც ამაზე გაეკეთებინა, უნდა დაეწყოთ გამოცდილ ფეხბურთელებს. გავიგეთ, რომ ჯაბა კანკავამ ახლა დაიწყო თამაში და ლანჩხუთშიც, საკმაოდ მძიმედ გამოიყურებოდა, თუმცა „მავრი" თავის საქმეს გააკეთებდა, ისევე, როგორც მათე ვაწაძე, რომელიც სხვა რომ არაფერი, გამოცდილებით უფრო დალაგებდა ვითარებას. როცა ის მოედანზე შემოვიდა და ეგრევე გაიტანა, „სუფრა" უკვე კარგა ხნის არეული იყო.


მოკლედ მეტს აღარ გავაგრძელებ, ანგარიში კი იცი, დღეს 7-2 წავაგეთ და ასეთი სამარცხვინო ამბავი, „დინამო თბილისის" გარშემო პირადად მე არ მახსენდება. მე არ ვიცი, რა გაგრძელება ექნება ამ ამბავს, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ თბილისელთა მთავარ მწვრთნელს 1987 წლიდან მოყოლებული ვიცნობ, არ გამოვრიცხავ, რომ ის პოსტიდან გადადგეს. თუმცა, არ მგონია, ეს „დინამო თბილისისთვის" გამოსავალი იყო.