
თბილისის „იბერია 1999" უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონის გათამაშებას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა, თუმცა, ქართულმა კლუბმა მეორე ევროტურნირზე, ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა და ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩრდ. ირლანდიურ „ლარნეს" დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრას ქართული გუნდი გასვლაზე ლარნეში 6 აგვისტოს გამართავს. საპასუხოს კი, 13 აგვისტოს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე. თუმცა, მანამდე იყო დღევანდელი შეხვედრა და სარეიტინგო ქულები, რომლებიც ქართულმა კლუბმა, ფრედ, 1-1 დასრულებული შეხვედრის შემდეგ დაამატა, ქართულ საკლუბო სარეიტინგო ყულაბაში.
ბრატისლავაში, „ტეჰელნე პოლეზე" დღეს, ქართული კლუბი, ბევრად უფრო თავდაჯერებულად გამოიყურებოდა, ვიდრე ამ გუნდების თბილისური მატჩის დროს. „სწრაფი გოლი", რომ ამ წყვილში ბრძოლას აზრი ჰქონოდა ანდრი დემჩენკოს გუნდს არ გამოუვიდა, თუმცა, „იბერია 1999"-მა მოახერხა მასპინძელთა უხეში თამაშის ფონზეც კი, 44-ე წუთამდე კარი მშრალად შეენახა. ტაიმის მიწურულს კი, მასპინძლებმა მოახერხეს გოლის გატანა, ანგარიში მიკოლა კუხარევიჩმა გახსნა. მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე, 51-ე წუთზე ნიკა სიხარულაშვილმა მიმდინარე გათამაშებაში მესამე გოლი გაიტანა. ამ შეხვედრაში ანგარიში გაათანაბრა, და თბილისურ კლუბს, შეხვედრის დამატებით დროში გადაყვანის შანსი დაუტოვა. თუმცა, ამისთვის „იბერია 1999"-ს ორი გოლი უნდა გაეტანა და თან ისე, რომ საკუთარში არ გაეშვა. თუმცა, სტუმრებმა ეს ვერ მოახერხეს, ისევე, როგორც მასპინძლებმა ანგარიშის გაზრდა და თამაში ფრედ, 1-1 დასრულდა. ორი შეხვედრის ჯამში კი, სლოვაკურმა კლუბმა 3-1 გაიმარჯვა და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც 4 აგვისტოს შვედურ „მიალბუს" დაუპირისპირდებიან.
ფოტო: (c) "იბერია 1999"





ჩვენ








