
ხვალ, თბილისის დროით 21:00 საათზე კვიპროსზე, ლიმასოლის სტადიონზე, გორის „დილა" უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას გამართავს ადგილობრივი „აპოლონის" წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე სტუმარი გუნდის გამარჯვებით, 0-4 დასრულა, ასე რომ ქართული გუნდი, საპასუხო მატჩის წინ საკმაოდ რთული ამოცანის წინაშე დგას,
„ვეცდებით მოედანზე მაქსიმალურად მომზადებულები და ენერგიულები გავიდეთ. ხუთ დღეში სამი მატჩის ჩატარება მარტივი არ არის, თანაც ასეთ ძლიერ მეტოქესთან, განსაკუთრებით მაშინ, როცა წინა შეხვედრაში დიდი დრო ათი ფეხბურთელით მოგვიწია თამაში. თუმცა, ყველაფერს გავაკეთებთ გუნდისთვის, საკუთარი თავისთვის და ჩვენი გულშემატკივრებისთვის, რომ საუკეთესო მატჩი ჩავატაროთ.
გუნდში კარგი განწყობაა. ბოლო ორი დღის განმავლობაში რამდენადაც შესაძლებელი იყო, ვიმუშავეთ იმ შეცდომებზე, რომლებიც წინა შეხვედრაში დავუშვით. რა თქმა უნდა, გასაუმჯობესებელი ბევრი გვაქვს. ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ხვალ კარგი თამაში ვაჩვენოთ, მაქსიმალურად კარგი შედეგი დავაფიქსიროთ და ამით არა მხოლოდ ჩვენს გუნდს, არამედ საქართველოსაც დავეხმაროთ ქვეყნის საკლუბო რეიტინგისთვის მნიშვნელოვანი ქულების მოპოვებით", - ამბობს კლუბისთვის გაკეთებულ კომენტარში დიამანტის ვავალისი, გორელთა მთავარი მწვრთნელი ლიმასოლში დასრულებული ვარჯიშის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ კონფერენს ლიგის თამაშს შემდეგ, გორის „დილამ", დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი ჩაატარა და მომდევნო ეტაპზე გასვლა მოახერხა. ამჯერად, გუნდს, საპასუხო შეხვედრა კვიპროსულ კლუბთან მცირე დანაკლისით მოუწევს, თუმცა, დაღლილობისა და ამ დანაკარგის მიუხედავად, კლუბი მზადაა გულშემატკივრის თვალში მცირე რეაბილიტაცია მოახერხოს.
„საბოლოოდ ეს მოხდება. ჩვენ ყველა განსაკუთრებით ენერგიულად ვართ. მე, როგორც მწვრთნელი და ყველა მოთამაშე, სტაფი, ყველა ამ გუნდში თამაშს მოუთმენლად ელიან. ისეთი ისტორიის მქონე კლუბი, როგორიც ჩვენია ვიმსახურებთ ევროპის ერთ-ერთი ტურნირზე თამაშს, რაც შეიძლება ხშირად. ახლა პირველი მიზანია დავასრულოთ დაწყებული სამუშაო, მერე ვაჩვენოთ თამაშის კარგი ხარისხი, გამოვიყენოთ მომენტები, გავაგრძელოთ მოგებები და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მზად ვიყოთ, იმისთვის, რაც ხვალის შემდეგ მოხდება.
არ ვაპირებ სამომავლო მოლოდინებთან დაკავშირებით ლაპარაკს. ამ ჯერზე ჩენს წინაშე არის გორის „დილა". მოწინააღმდეგის მიმართ დიდ პატივისცემას გამოვხატავთ და ხვალ მათ წინააღმდეგ სათამაშოდ გავალთ ისე, თითქოს ანგარიში არის 0-0. ნამდვილად არ ვიცი, „დილა" როგორ ითამაშებს. მე უფრო მეტი დრო ჩვენი სათამაშო სტილის დასახვეწად დავხარჯე, იმ პრინციპებზე სამუშაოდ, თუ როგორ შეიძლება გავხდეთ უკეთესი გუნდი. ჩვენ შევეცდებით ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ. ისევე, როგორც ეს პირველი შეხვედრისას გავაკეთეთ. აქ არ არსებობს იოლი მეტოქე. პირველ თამაშში კომფორტულად გამოვიყურებოდით, რადგან ფეხბურთელებმა წინასწარ გავლილი დავალებები შეასრულეს. ამიტომ ხვალაც ვეცდებით თამაშს უფრო სერიოზულად მივუდგეთ", - ამბობს კვიპროსელთა გუნდის თავკაცი, ლოსადა ერნანი.
ბუნებრივია, ვისაც ახსოვს ქართველი ლეგიონერების თამაშები კვიპროსზე, მას აუცილებლად ემახსოვრება, რომ კუნძულზე, სანაკრებო ფეხბურთისგან განსხვავებით, საკლუბო ფეხბურთს მრავლად ჰყავს ქომაგი, ასე, რომ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, პირველ რაუნდში მიღწეული წარმატების მიუხედავად, კვიპროსელები ხვალინდელ მატჩში სავსე ტრიბუნების მხარდაჭერასაც ელიან.
ფოტო: (c) "დილა" გორი





ჩვენ








