
დღეს უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ადგილისთვის საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „ნიკე-ლუსო" „სკოპიეს" დაუპირისპირდა და 2-0 (იხილეთ მატჩის ტექსტური ჩანაწერი) დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ კაცთა საკვალიფიკაციო ეტაპებისგან განსხვავებით, ქალთა გათამაშებაში საკვალიფიკაციო ეტაპი ორი მინი-ტურნირის სახით ტარდება. პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის ორი საუკეთესო გუნდი, მეორე საკვალიფიკაციო მინი-ტურნირში ინაცვლებს. იქ, ორი საუკეთესო კი, საბოლოო მიზნისთვის აგრძელებს ბრძოლას. თუმცა, ჩვენი გუნდი, დღევანდელი გამარჯვების მიუხედავად გათამაშებას გამოეთიშა.
გაგა კირკიტაძემ, რომლის გუნდმაც საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2 ფინალში მარცხი იწვნია მინი-ტურნირის მასპინძელი „სოსნოვიეცისგან", თან საკმაოდ უხერხული და ქართული კლუბისთვის უჩვეულო ანგარიშით 7-1, დღევანდელ შეხვედრაში მოახერხა მობილიზება. თუმცა, მობილიზების გარდა, მესამე ადგილისთვის თამაში ჩვენმა გუნდმა სასტარტო შემადგელობაში მთელი რიგი ცვლილებებით დაიწყო. უპირველესად შეცვალა მეკარე და თათია გაბუნიას ნაცვლად, კარი უკრაინელ ალბინა ფომჩენოს მიანდო. ამას გარდა, არინა სიტნიკავას, მიდეროს, თაიზასა და ახალწვეული მაიას ნაცვლად, სასტარტო შემადგენლობაში ათამაშა სალომე გასვიანი, გვანცა ქადაგიშვილი, კესო მეტონიძე და ემილი ბროუ.
თამაში კი, ქართული გუნდის უპირატესობით წარიმართა და თითო ტაიმში, თითო გატანილი გოლით დასრულდა. 37-ე წუთზე საქართველოს ქალთა ლიგის 2025 წლის სეზონის გოლეადორმა კესო მეტონიძემ გაიტანა, რომელიც პირველ თამაშში შეცვლაზე შემოვიდა და ამასთან, სადებიუტო თამაშში, რომელსაც ქართული გუნდი აგებდა, ბოლომდე ვერ მოახდინა თავის რეალიზება. მეორე ტაიმში კი, ირინა ხაბურზანიამ თუკი, 52-ე წუთზე ხარიხა შეაზანზარა, 59-ე წუთზე უკვე გოლი გაიტანა. მეორე ტაიმის ბოლო ოცწუთეულში გოლების გატანის შესაძლებლობა ჰქონდათ გოდენსა და თაიზასაც, თუმცა, მათი მცდელობები ოდნავ ასცდა მიზანს.
დღევანდელი გამარჯვებით, ქართულმა კლუბმა სარეიტინგო ქულები დაიმატა, თუმცა, ამასთან ერთად, ალბათ ისიც მნიშვნელოვანი იყო, რომ საკლუბო ტურნირებზე თამაშის გამოცდილება მიიღეს მაგალითად ჩვენი ქალთა ასაკობრივი ნაკრების წევრებმა, ანასტასია ბუჩუკურმა და თეკლა ბერიძემ.
აქვე გეტყვით, რომ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიც მსგავსი მინი-ტურნირის სახით გაიმართება. თუმცა, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპისგან განსხვავებით, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მესამეადგილოსანი უეფა-ს მიერ ახლად დაარსებულ მეორე ქალთა ტურნირზე გადაინაცვლებს. ასე, რომ მომავალში, თუკი, რომელიმე ქართული ქალთა კლუბი პირველ საკვალიფიკაციო ეტაპს გადალახავს, მას კიდევ ერთ ტურნირზე მოხვედრის შანსი გაუჩნდება.
ფოტო: ქსკ „ნიკე-ლუსო"





ჩვენ








