ლაშა გუჯეჯიანი საქართველოს ნაკრებიდან წავიდა
ლაშა გუჯეჯიანი საქართველოს ნაკრებიდან წავიდა
24.07.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ჯუდოში მსოფლიო ჩემპიონატამდე ორი თვით ადრე ქართული გუნდი მთავარი მწვრთნელის გარეშე რჩება. რამდენიმე წუთის წინ ლაშა გუჯეჯიანმა სოციალურ ქსელში გუნდიდან წასვლის შესახებ სტატუსი გამოაქვეყნა.


„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიცია.


ეს ნაბიჯი მარტივი არ ყოფილა, თუმცა ვიგრძენი, რომ იმ საქმისადმი, რომელსაც წლების განმავლობაში სრული პასუხისმგებლობითა და ერთგულებით ვემსახურებოდი, საჭირო მოტივაცია აღარ მაქვს.


მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ჩემს თითოეულ ძიუდოისტს, ვისთან ერთადაც წლების განმავლობაში ვიბრძოდი. ერთად გადავიტანეთ გამარჯვების სიხარული და მარცხის სიმძიმე, ერთად მოვიპოვეთ მედლები და არაერთხელ ავაფრიალეთ საქართველოს დროშა ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ტატამებზე. ეს მოგონებები და მიღწევები ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული სიამაყის საგანი იქნება.


განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ჩვენს ერთგულ გულშემატკივარს, რომლის მხარდაჭერას ყველა მნიშვნელოვან ბრძოლაში ვგრძნობდით.


სადაც არ უნდა ვიყო და რასაც არ უნდა ვაკეთებდე მომავალში, ყოველთვის დავრჩები საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ გულშემატკივრად!


ცხოვრებაში ყველა დასასრულს ახალი დასაწყისი მოჰყვება. დღეს ვასრულებ ჩემს საქმიანობას ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში კვლავ მექნება შესაძლებლობა, ქართული ძიუდოს განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანო",  -  წერს ლაშა გუჯეჯიანი.


ლაშა გუჯეჯიანის ხელმძღვანელობით საქართველოში საკმაოდ საინტერესო პროექტი „გამოწვევა 2020" ამუშავდა. ამ პროექტის წყალობით, ქვეყნის მასშტაბით, ჯუდოში ბევრი ახალი სახე გამოჩნდა. ქართველი მწვრთნელი რამდენჯერმე ჯუდოს საერთაშორისო ფედერაციამ IJF-მაც გამოარჩია. მისი ხელმღვანელობით, მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ ლაშა შავდათუაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე და გიორგი სარდალაშვილი. საკმაოდ შთამბეჭდავი იყო ბოლო ორი ოლიმპიური თამაშები. 2021 წელს, ტოკიოში საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროსა და სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა, რითაც არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში მეოთხე ადგილი დაიკავა. 2024 წელს კი, პარიზში,  ქართველმა ძიუდოისტებმა ერთ ოქროსა და ორ ვერცხლს მოუყარეს თავი და ასევე მეოთხე ადგილი დაიკავეს. ორივე შემთხვევაში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური გახდა.


ჩვენი ინფორმაციით ლაშა სამწვრთნელო კარიერის გაგრძელებას უცხოეთში აპირებს. ამ ეტაპზე საქართველოს ძიუდოს ფედერაცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არანაირ განცხადებას არ ავრცელებს.