ქართული გუნდისთვის დატვირთული დღე ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატზე
ქართული გუნდისთვის დატვირთული დღე ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატზე
24.07.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უნგრეთში, იუნიორთა და 23-წლამდეთა შორის  მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას აგრძელებენ ქართველი სპორტსმენები. დღეს ჩვენი გუნდი ხუთივე წარმომადგენელმა ორივე ასაკობრივ კატეგორიაში, 200 მეტრიან დისტანციაზე სცადეს ბედი. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა ყველა წარმომადგენემა მომდევნო ეტაპზე გადასვლა მოახერხა და ალბათ, როგორც მოსალოდნელი იყო, ალექსანდრე წივწივაძემ (C1 / 200 მ)საკვალიფიკაციო გაცურვაში 39.287 (+0.938) დრო დააფიქსირა და მეორე ადგილით, პირდაპირ ფინალ A-ში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.  ხვალ, ალექსანდრე 500 მეტრიანი დისტანციის 1/2 ფინალშიც გამოვა დისტანციაზე.


მანანა პეტრიაშვილი (C1) 47.540 (+2.324) დრო აჩვენა, გაცურვაში V ადგილი დაიკავა და 1/2 ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. 23-წლამდეთა კატეგორიაში ნიკოლოზ ოდიშელიძე (K1) შესარჩევ ეტაპზე 37.972 (+3.047) დრო აჩვენა და VII ადგილი დაიკავა, რაც 1/2 ფინალში გასასვლელად საკმარისი გამოდგა.


იუნიორებს შორის, საბა მალანიამ (C1) დღეს კიდევ ერთ დისტანციაზე სცადა ძალები და 200 მეტრიანი მანძილი 42.985 (+3.298) დაფარა და V ადგილი დაიკავა და კიდევ ერთ 1/2 ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ საბა ხვალ 1000 მეტრიან დისტანციაზე B ფინალში იასპარეზებს. მოგვიანებით კი ძალებს 500 მეტრიან 1/2 ფინალში სცდის და ფინალში გადასვლას შეეცდება.


იუნიორებს შორის სტაბილურად ასპარეზობს ვლადისლავ კაპინოსი (K1) , რომელმაც შესარჩევ ეტაპზე დისტანცია 37.946 (+1.418) დაფარა და III ადგილით, 1/2 ფინალში აგრძელებს ასპარეზობას.


თუმცა, საღამოს სტარტებამდე  ქართველმა ნიჩბოსნებმა 23 ივლისს დაწყებული ასპარეზობა სხვა დისტანციებზე გააგრძელეს.


მანანა პეტრიაშვილი 23-წლამდეთა შორის C1 500 მეტრზე 1/2 ფინალში იასპარეზა და სამწუხაროდ, ფინალში გადასვლა ვერ მოახერხა. ჩვენი გუნდის წევრმა გაცურვაში 2:17.356 (+9.060) დააფიქსირა, რაც მე-7 შედეგი იყო, ეს კი არ აღმოჩნდა საკმარისი ფინალში გადასასვლელად. შეგახსენებთ, რომ 23-წლამდეთა ჩემპიონატზე მანანა ორ დისტანციაზე იყო რეგისტრირებული.


როგორ უკვე აღვნიშნეთ, C1 კლასში 1000 მეტრიანი დისტანციის 1/2 ფინალში იასპარეზა საბა მალანიამ, რომელმაც 4:19.991 (+17.532) წუთი დააფიქსირა და იუნიორთა შორის ხვალ, B ფინალში იასპარეზებს.  აქვე შეგახსენებთ, რომ ხვალ საბას, ამავე კლასში, 500 მეტრიან დისტანციაზეც მოუწევს 1/2  ფინალში ასპარეზობა.


500 მეტრიან დისტანციაზე, 1/2 ფინალში იასპარეზა და ასევე იუნიორებს შორის K1 კლასში B ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა  ვლადისლავ კაპინოსმა, რომელმაც დღევანდელ გაცურვაში 1:43.094 (+2.444) წუთი დააფიქსირა, მე-4 ადგილზე გავიდა გაცურვაში.


ასე, რომ დღევანდელის მსგავსად, ჩვენი გუნდისთვის, ხვალინდელი დღეც, საკმაოდ დატვირთულია.