საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა სიდნეიში სასტარტო შეხვედრა იტალიასთან წააგო
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა სიდნეიში სასტარტო შეხვედრა იტალიასთან წააგო
23.07.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს სიდნეიში სტარტი აიღო წყალბურთში, მსოფლიო თასის ფინალურმა ეტაპმა, რომელში მონაწილე რვა გუნდს შორის, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებიც არის. შეგახსენებთ, რომ ტურნირზე, მასპინძელი ავსტრალიის გარდა, I დივიზიონის ხუთი ნაკრები - ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთის, უნგრეთის, ხორვატიის და II დივიზიონიდან მონტენეგროსა და საქართველოს ნაკრებები ითამაშებენ.  


სიდნეის ოლიმპიურ საწყლოსნო ცენტრში დღეს, პირველი იტალიისა და საქართველოს ნაკრებებმა ითამაშეს. აღსანიშნავია, რომ თამაშში, რომელიც თბილისის დროით დილის 9 საათზე დაიწყო, იტალიელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა, თამაშში გარდატეხის შანსი ქართულ გუნდსაც ჰქონდა, მაგალითად, წაგებული პირველი მეოთხედის (4-2), როდესაც მეორე მეოთხედი ფრედ 3-3 ითამაშეს და რეალურად, მოახერხეს პირველი ტაიმის მხოლოდ ორბურთიანი სხვაობით, 7-5 წაგება.


„ბრძოლა იყო ძალიან მაგარი და იყო მომენტები, როდესაც თამაშში შეიძლებოდა გარდატეხის შეტანა, მაგრამ რაღაც პატარა დეტალები დაგვაკლდა სავარაუდოდ. თუმცა, მოვემზადებით ხვალინდელი თამაშისთვის. არ დავზოგავთ თავს და დიდი იმედი მაქვს, რომ ხვალინდელი თამაში უკვე, ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება", - ამბობს ანდრია ბითაძე.


როგორც უკვე გითხარით, იტალიელებმა პირველი წუთებიდან მოიპოვეს კონტროლი და ანგარიშში 4-0 წაიყვანეს. საქართველოს ნაკრები ყველანაირად ეცადა თამაშში დაბრუნებას  და დადვანის წყალობით მოახერხა კიდევაც მეორე მეოთხედში ანგარიში ორბურთიანი შუალედის შენარჩუნება. თუმცა, მე-14 წუთზე ჩვენ გუნდს დადვანის ჩანაცვლება მოუხდა, მის გარეშე დარჩენილ საქართველოს ნაკრებს კი ამოცანა გაურთულდა.


თუმცა, იტალიელებმა მესამე მეოთხედიდან მოუმატეს და ნელ-ნელა უპირატესობა გაზარდეს. მესამე მეოთხედი 6-3, ბოლო, მეოთხე კი, 5-4 დასრულდა. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა, მსოფლიო თასის ფინალურ ტურნირზე, სასტარტო შეხვედრა 18-12, ექვსი ბურთის სხვაობით წააგო.


„პირველი თამაში იყო. საკმაოდ ბევრი შეცდომები გვგქონდა, მაგრამ ვეცდებით, რომ ეს შეცდომები შემდეგი თამაშებისთვის გამოვასწოროთ. დღევანდელი საკმაოდ რთული თამაში იყო, რადგან ამ გუნდში ბევრი ოლიმპიელი თამაშობს, არაერთგზის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონებიც არიან", - ამბობს  ბესო ახვლედიანი.


საქართველოს ნაკრებიდან დღეს გოლები სანდრო ადეიშვილმა (3), ვატო დადვანმა (3), დუშან ვასიჩმა (2), ბესო ახვლედიანმა (2), ანდრია ბითაძემ (1) და როგაჩმა (1) გატანეს.


ამ მარცხის მიუხედავად, ტურნირის ფორმატიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკები მასპარეზობას მე-5-მე-8 ადგილებისთვის აგრძელებს. მომდევნო შეხვედრას ჩვენი ნაკრები ხვალ, 24 ივლისს, თბილისის დროით 10:45 საათზე, მონტენეგროს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.



ფოტო: სსსფ / თამარ ყულუმბეგაშვილი