მაღალი პრესინგი, ბურთის გაკონტროლება - ანდრი დემჩენკოს აზრით „სლოვანთან“ თამაშის მოსალოდნელი სცენარი
მაღალი პრესინგი, ბურთის გაკონტროლება - ანდრი დემჩენკოს აზრით „სლოვანთან“ თამაშის მოსალოდნელი სცენარი
20.07.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრში, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „იბერია 1999"-მა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრის წინ, ბოლო ვარჯიში ჩაატარა. მოგვიანებით, მიხელ მესხზე გამართულ პრეს-კონფერენციაზე, კლუბის ფეხბურთელი გიორგი ჯინჯოლავა იტყვის, რომ თამაშის სირთულიდან გამომდინარე ქართული გუნდი ყველანაირად შეეცდება ფეხბურთის ქართველი ქომაგის ოცნება აახდინოს - გადალახოს ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპი და მინიმუმ კონფერენს ლიგის ჯგუფში თამაშის უფლება გაინაღდოს.


„ჩვენ, პირველი ეტაპი გადავლახეთ. ბუნებრივია, შანსი ნებისმიერ გუნდთან არის. ჩვენთან არის პირველი თამაში და ვთვლით, რომ იმაზე მეტი შანსი გვქვს ვიდრე ფიქრობთ და დარწმუნებული ვარ, „სლოვანისთვის" ასე მარტივი თამაში არ იქნება. პასუხისმგებლობა ამ ეტაპის გააზრებული გვაქვს და ვეცდებით გადავლახოთ ეს ეტაპი და გავხდეთ გუნდი ვინც ჯგუფში შესვლას მოახერხებს. ფიზიკურად, ცოტა დროა თამაშიდან თამაშამდე. რა თქმა უნდა, თეორიულად გავიარეთ, წინა მატჩს შეცდომები და ვეცდებით აღარ განმეორდეს", - ამბობს ჯინჯოლავა.


პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში, ქართულმა გუნდმა მოგვიანებით, თავადაც აღიარა, რომ მეორე ტაიმი ჩააგდო, გამომდინარე აქედან, ქართული მედიისთვის საინტერესო იყო, მოასწრო თუ არა გუნდმა „ფლორასთან" დაშვებული შეცდომების გაანალიზება.


„ფიზიკური დაღლილობის გამო ჩვენ არ ჩაგვიგდია ის თამაში. ჩვენ უბრალოდ, დავკარგეთ თამაშის ტემპი. როდესაც დაცვაში ჩაჯდები და დაიწყებ ბურთის მოგერიებას, გოლს აუცილებლად გაუშვებ", - ამბობს ანდრი დემჩენკო, თუმცა, ქართული კლუბის უკრაინელმა მწვრთნელმა ამ გარემოებას 14 ივლისსაც გაუსვა ხაზი.


აღსანიშნავია, რომ მცირე ტრავმის შემდეგ, გუნდს დაუბრუნდა ანდრია ბართიშვილი. თუმცა, იბერიელებს ხვალინდელ მატჩში არმელ ზოური, რომელმაც გუნდი დატოვა აღარ ეყოლებათ. შესაბამისად, ქართული მედიის დაინტერესდა, თუ ვინ ჩაანაცვლებდა მას.


„ამის გამო, დიდად არ ვნერვიულობ, რადგან გუნდში არის ორი ფეხბურთელი, ქობულაძე და კუცია, რომელსაც ორივე ფლანგზე აქვს თამაშის გამოცდილება და ზოგადად, ორივე მშვენიერი ფეხბურთელია. კუცია, უნივერსალია და მას შეუძლია. რაც შეეხება ბართიშვილს კრეატიულია, ვფიქრობ, შეუძლია დახმარება", - ამბობს ანდრი დემჩენკო.  


პირველი ეტაპის გადალახვის შემდეგ, ქართული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ იმ მომენტისთვის მას ყურადღება „ფლორაზე" ჰქონდა გადატანილი და სხვა გუნდების თამაშით არ დაინტერესებულა. მომავალ მეტოქეზე კი, ძირითადად ის იცოდა, რომ ვლადიმირ ვაისის შემდეგ, ახალ მწვრთნელად, იაია ტურე ჰყავდა და მისი „კავშირებიდან" გამომდინარე, რთული მისახვედრი არ უნდა ყოფილიყო, თუ რა სტილის ფეხბურთს შესთავაზებს „სლოვანი" ქართულ კლუბს.


„ვნახეთ თამაშები, ბოლო დღეებში რამდენიმე ამხანაგური ითამაშეს. „პაფოსთან" გამართულ ბოლო თამაშს ვუყურეთ. ტურე გუნდის მწვრთნელად მხოლოდ ერთ თვეა მუშაობს. კარგად მესმის მისი. მესმის, როგორი რთულია ასეთ მოკლე პერიოდში გაიარო ადაპტაცია. ამას, საკუთრი გამოცდილებით გეუბნებით. მისი ხელმძღვანელობით, პირველი თამაშები არ იყო, ხარისხიანი. თუმცა, ის თამაშობდა „ბარსელონაში", „მანჩესტერ სიტიში",  სანამ პეპთან არ დაეძაბა ურთიერთობა. ვფიქრობ, „პაფოსთან" მისმა გუნდმა აჩვენა ის ძალა და სტილი, რომელსაც ტურე ცდილობს დაამკვიდროს... ნაცნობი სიტუაციაა - ამხანაგური თამაშები არ გაძლევენ გუნდის მდგომარეობაზე სრულ ინფორმაციას. აი, ბოლო თამაშით შეიძლება მიახლოებით გაარკვიო რა შეიძლება შემოგვთავაზონ - მაღალი პრესინგი, ბურთის გაკონტროლება და კონტრშეტევას არ დაელოდებიან", - ამბობს დემჩენკო.


ერთი საინტერესო დეტალი, რაზეც უკრაინელმა დღეს ყურადღება გაამახვილა - განსხვავება ეროვნულ ჩემპიონატში და უეფა-ს ეგიდით გამართულ მატჩებში მსაჯობასთან დაკავშირებით - ისე, როგორც „უსტვენენ საქართველოში", ევროპაში თამაშები არ ჩერდება. ამიტომ ბიჭები გავაფრთხილე, მსაჯებს არ ეკამათონ, რადგან ამაზე, მკაცრად რეაგირებენო, ამბობს დემჩენკო.


„ვიცი, რომ საქართველოს საკლუბო ფეხბურთისთვის ისტორიული შანსია მოხვდეს რომელიმე ევროტურნირის ჯგუფში, რადგან ქართული კლუბები ხშირად ვერ ხვდებიან ჯგუფში. ამ ბიჭებს შეუძლიათ ამის გაკეთება. პატივს ვცემთ მეტოქეს, მაგრამ ჩვენ ამ ეტაპის გადალახვას ვგეგმავთ", - ამბობს დემჩენკო, რომლის გუნდიც ხვალ, 21 ივლისს, თბილისის დროით 20:00 საათზე მიხელ მესხზე, უეფა-ს 2026-2027 წლების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვას შეეცდება.