
დღეს ბათუმში ქვიშის ფეხბურთში ევროპის ლიგის B დივიზიონის გათამაშება დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ნორვეგიის ნაკრები 3-6 (მატჩის ტექნიკური ჩანაწერი) დაამარცხა და ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა.
მოგეხსენებათ, საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებები ტურნირის ჯგუფური ეტაპის სასტარტო შეხვედრაში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და შეხვედრის ბოლო წამზე გატანილი გოლის წყალობით, ნორვეგიელებმა 1-2 გაიმარჯვეს. ამჯერად კი, ჩვენებმა პირველი მატჩის გამოცდილებაც გაიზიარეს და აშკარად, მატჩიდან მატჩამდე თამაშსაც მოიმატეს. პირველი პერიოდი საქართველოს ნაკრებმა 0-3 მოიგო. გოლები სპარტაკ ლომიძემ, საბა მესხმა და გიორგი ქურდაძემ გაიტანეს.
მეორე მონაკვეთი ფრედ, 2-2 დასრულდა. ამჯერად ჩვენი გუნდიდან გიორგი დიაკვნიშვილმა და ზვიად შამილაძე, გაიტანეს. ბოლო მონაკვეთის წინ, საერთო ანგარიში 2-5 იყო, თუმცა, სამბურთიანი სხვაობაც მატჩის მოგების გარანტიას არ იძლეოდა, შესაბამისად, ჩვენებს, ბოლო მონაკვეთში მაქსიმალურად კონცენტრირებულად გვმართებდა თამაში, მითუმეტეს, რომ ნორვეგიელებმა მესამე ტაიმის დასაწყისში ერთი ბურთის შემცირება მოახერხეს და ორ ბურთში მოგვიახლოვდნენ. თუმცა, შეხვედრის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე, შამილაძემ დუბლი გაიფორმა, რაც ამ შეხვედრის მოგების გარანტი გახდა.
ევროპის ლიგის გამარჯვებული კი, მეზობელი აზერბაიჯანის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ლიეტუვა 4-0 დაამარცხა და ოქროს მედლები მოიგო. ტურნირის დასრულების შემდეგ, სპეციალურ პრიზებით ტურნირის MVP-იდ საბირ საჰიბი დაასახელეს აზერბაიჯანის ნაკრებიდან. მისი თანაგუნდელი ელჩინ გასიმოვი საუკეთესო მეკარედ დასახელდა. 7 გატანილი გოლით კი, გათამაშების ბომბარდირი ტომს გრისლისი (ლატვია) გახდა.
ფოტო: © სფფ





ჩვენ








