სარდალაშვილმა ოქროს, მოსიაშვილმა კი, ბრინჯაოს მედლები მოიგეს
სარდალაშვილმა ოქროს, მოსიაშვილმა კი, ბრინჯაოს მედლები მოიგეს
18.07.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ბოსნია და ჰერცოგოვინაში მიმდინარე ევროპის ღია პირველობა, ჯუდოს ტურნირების იმ კატეგორიისაა, სადაც ბევრი ახალი სახე ჩნდება, თუმცა, მათ გვერდით არიან ხოლმე გამოცდილი ჯუდოკებიც, რომლებიც მსგავს ტურნირებს ხშირად, სავარჯიშოდ იყენებენ, ამასთან IJF-ის სარეიტინგო ქულებსაც იუმჯობესებენ. სარაევოში მიმდინარე ტურნირზე რომელიც დღეს, 18 ივლისს დაიწყო და ხვალ, 19 ივლისს დასრულდება, საქართველო ოთხი (-66 კგ გიორგი სარდალაშვილი, -73 კგ  თორნიკე მოსიაშვილი, -81 კგ ირაკლი ბეროშვილი, -90 კგ ლუკა მაისურაძე) სპორტსმენით არის წარმოდგენილი.


EJU-მ, ევროპის ჯუდოს გაერთიანებამ, ტურნირის შესახებ საინფორმაციო სტატიაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ხმაურიან" სახეებს შორის ქართულ გუნდს ჰყავს -66 კგ წონით კატეგორიაში 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონი (სარედაქციო - რომელიც იმ ჩემპიონატზე  -60 კგ-ში ასპარეზობდა) გიორგი სარდალაშვილი, -90კგ-ში კი, ასევე მსოფლიოს ჩემპიონი, 2023 წლისა და მოქმედი ევროპის ჩემპიონი ლუკა მაისურაძე.


ლუკას, ხვალ მოუწევს ასპარეზობა. მანამდე კი, დღეს, -66 კგ წონით კატეგორიაში, ერთი სულის მოთქმით გაიარა ბადე სარდალაშვილმა, რომელიც 1/2 ფინალში ხორვატი დანი კლაკარი იპონით ისე სწრაფად (15 წამში) დაამარცხა, რომ JUDO.Tv-ის პლატფორმაზე ერთი ტატამიდან, მეორეზე გადართვისას ბრძოლა უკვე დასრულებული დაგვხვდა. ფინალში ქართველი გერმანელ პატრიკ ვაისერს შეხვდა, იპონით დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. ზოგადად უნდა ითქვას, რომ „სარდალა" ამ წონას უკვე გაუშინაურდა.


დამაჯერებლად იასპარეზა -73 კგ წონით კატეგორიაში თორნიკე მოსიაშვილმაც, მიუხედავად იმისა, რომ 1/4 ფინალში ორი უყურადღებობა იტალიელ ესპოზიტოსთან მარცხად დაუჯდა, მაინც მოახერხა რეპეჟაშიდან მედალი მოეგო. ბრინჯაოს ფინალში სერბი   ფილიპ იოვანოვიჩი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. წონა კი, სწორედ, ესპოზიტომ მოიგო, ამასთან იტალიურ ფინალში.


როგორც უკვე გითხარით, ხვალ ევროპის ღია პირველობის დასკვნითი დღეა. ტატამზე საქართველოს ორი წარმომადგენელი ლუკა მაისურაძე და ირაკლი ბეროშვილი იასპარეზებენ.