
მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება, მის ირგვლივ კი სკანდალები მატულობს, მიუხედავად იმისა, რომ 1/2 ფინალური ეტაპის ორ სათამაშო დღის შემდეგ, არაფერი „კრიმინალური" მომხდარა, 2026 წლის ჩემპიონატზე ბევრს იკამათებენ, ილაპარაკებენ და ალბათ, წლების შემდეგ, უფრო ახდიან ფარდას რა ხდებოდა კულუარებში. მანამდე კი, თბილისიდან, ტელევიზორთა მიმჯდარი, ამის გარკვევა საკმაოდ რთულია.
საკამოდ სკანდალური 2018 და 2022 წლების მსოფლიო ჩემპიონატების შემდეგ, რომელი რუსეთსა და კატარში გაიმართა, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი შანს აძლევდა ყველას კონცენტრირებული ფეხბურთზე ყოფილიყო. თუმცა, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი უფრო დიდი კამათის საფუძველს იძლევა.
ბილეთების ასტრონომიულად მაღალი ფასი, რიგ შემთხვევაში სასამართლოებამდე მისული კორუფციული სქემა, ფიფა-ს კრიტიკა სასტუმროების ჯავშნებთან და სატრანსპორტო ფასებთან დაკავშირებით, ეს უკვე გაცხადებული სკანდალებია.
„ყოველ საათში ახალი ისტორიაა, ახალი ისტორია ფანებზე, რომელიც უარყავი, მოთამაშეებზე, ოფიციალურ პირებზე, ჟურნალისტებზე და ახლა მსაჯებზე, რომლებიც უარყავი", - წერს იან რაიტი, „არსენალი" ყოფილი ფეხბურთელი პირად ინსტაგრამ გვერდზე.
და ვიდრე საზოგადოებაში, ჯერ კიდევ ერ მინელებულა ეგვიპტესა და არგენტინას მატჩის გარშემო მითქმა-მოთქმა და ეგვიპტელთა უდიდესი უკმაყოფილება ფრანსუა ლეტექსიეს და VAR-ის მუშაობის გამო (62-ე წუთზე ეგვიპტის მიერ გატანილი გოლი გაუქმდა, ეპიზოდის საწყის მომენტში მათ მიერ წესების დარღვევის გამო, თუმცა, არგენტინელთა მიერ გატანილი გამარჯვების გოლის შემდეგ, VAR-მა, თითქმის იდენტური დარღვევა არ მიიჩნია დარღვევად, რადგან თუ ამას გააკეთებდა, მაშინ ერთი, რომ არგენტინის გოლს გააუქმებდა და მერე, მათ კარში პენალტის დაება მოუწევდა). მოკლედ, ეგვიპტემ კი იჩივლა, თუმცა ინფანტინოს ფიფა-ში მსაჯების ბოსმა, კოლინამ ფრანგი მსაჯის გადაწყვეტილებები დაიცვა და ეგვიპტურმა „ქარავანმაც" სახლისკენ გასწია, არგენტინა კი, ინგლისელებთან დამსახურებულად მოგებული თამაშის შემდეგ, ზედიზედ მეორედ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ითამაშებს.
თუმცა, რაც არ უნდა წერონ და ილაპარაკონ ინგლისელებმა ფაქტია, რომ არგენტინასთან ჩატარებული 1/2 ფინალში, გატანილი გოლის შემდეგ, ეს კი, ენტონი გორდონმა 55-ე წუთზე გააკეთა და ინგლისის ნაკრები დააწინაურა, ტუხელის გაწვრთნილი გუნდი „გაჩერდა." არგენტინა კი გამოცოცხლდა. უკვე მატჩის შემდეგ ბრიტანული პრესა წერდა, რომ ტუხელმა შეცვლები და დაცვაზე გადართვა იჩქარა. ინგლისმა დაცვის გაძლიერება დაიწყო, არგენტინა კი ბურთს 88%-ით დაეუფლა, ამასთან საკმაოდ სახიფათოდაც ურტყამდა, თუ არ ვცდები, ორჯერ ძელმა იხსნა ინგლისელები. ელემენტარული იყო, რომ ადრე თუ გვიან, ინგლისელთა „ციხე" დაეცემოდა, უბრალოდ დროის ამბავი იყო. საინტერესოა, რომ განსაკუთრებით ფლეი-ოფებში არგენტინის თამაშიდან გამომდინარე, ინგლისელთა სამწვრთნელო შტაბმა არ გათვალა, ან არ შეიმჩნია, რომ არგენტინამ მეორე ტაიმის მეორე ნახევარი ითამაშა.
არგენტინის კარში, მესის გოლის შემდეგ, მესიმ მარჯვენა ფლანგზე გადაინაცვლა და იქ დაიწყო... მხოლოდ 37 წუთში, 9 დრიბლინგი და ორი საგოლე გადაცემა. მეტოქის საჯარიმოში ვეტერანი, შვიდჯერ შეეხო ბურთს, რაც ინგლისის მთელი ნაკრების მიერ გაკეთებულის ტოლია. შემქნა ოთხი საგოლე მომენტი. მოკლედ, მისი სტატისტიკა მთელს სათქმელს წაიღებს, ასე, რომ იმით შემოვიფარგლოთ, რომ ბოლო 15 წუთი მესის პირადი შოუ იყო.
არის თუ არა მესის ფაქტორი - არის და ამას ვერც გავექცევით. ფაქტია, რომ ბოლო ორი ჩემპიონატია, არგენტინა მესის დაგიპნოზირებულ გარემოში თამაშობს. ახლა უკვე ყველამ დაიწყო ფიქრი, კვლავ გამოვა თუ არა ლეო მომდევნო, 2030 წლის მსოფლიოზე სათამაშოდ... მაშინ, როდესაც 35 წლის ასაკში მესიმ, როგორც იქნა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და თასსაც მიეფერა, ყველა ჩათვალა, რომ ეს დედამიწაზე ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოსული „უცხოპლანეტელის" ბოლო თამაში იყო მსოფლიო ჩემპიონატზე. თუმცა, გავიდა ოთხი წელი და ლეო კვლავ საქმეშია, არ მიწყენენ მესის ფანები, ცოტა შენელებული, მაგრამ ფეხის ფრჩხილიდან თმის ღერამდე, ჯერ კიდევ ამოუცნობი, რამეთუ, წინასწარ ვერც ვერავინ განჭვრეტს რას უნდა ელოდეს მისგან. 39 წლის ასაკში მესიმ, ინგლისი, ბელინგემებით, კეინებით, საკებით, რაისებითა და სტოუნზებით კუთხეში დააყენა - დატუქსვით უფრო მედიამ და ალბათ, კიდევ უფრო ტუხელი დაიტუქსა თავისი გადაწყვეტილებების გამო. თუმცა, ასეა თუ ისე, არგენტინამ 1-2 გაიმარჯვა და გათამაშების ფინალში გავიდა.
ფინალში კი, რომელიც 19 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება, არგენტინა ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ, პირადად ჩემთვის მოულოდნელად, უფერულ 1/2 ფინალში, თითქმის, მსოფლიო ჩემპიონად შერაცხულ საფრანგეთის ნაკრები, მთელი თავისი ვარსკვლავური და ჩვენთვის საკმაოდ ბევრი „ახლოს ნაცნობი" ფეხბურთელით დაამარცხა 0-2. თან, „ცალკარას" ეთამაშა, რადგან ფრანგები ვერაფერს აკეთებდნენ. ასეთი საფრანგეთის ნაკრების შემყურეს, რომელმაც მიმდინარე მსოფლიოზე, აღნიშნული 1/2 ფინალის გარდა, საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ტვინს ერთი აზრი მიღრღნიდა - ეს (საფრანგეთის ნაკრები), რომ პსჟ იყოს და ასე, უსულოდ გამოიყურებოდეს, მეგულებოდა კაცი, რომელიც გუნდს ამ სულს ჩაჰბერავდა. თუმცა, კვარაცხელია, ფრანგი არაა და ოქროს ბურთისთვის რბოლაში, ზუსტად ახლა, მსოფლიო ჩემპიონატზე არ ყოფნა, რომ უშლის ხელს, ქართველია. ასე, რომ ვინ იცის, თუ მესიმ კვლავ გადაწყვიტა აქტიურ ფეხბურთში დარჩეს, ხვიჩამ კი, კიდევ უფრო მოუმატა და მას ფეხი ჩვენმა ნაკრებმაც აუბა, იქნებ, 2030-ში „კვარას" და მესის თამაშიც ვიხილოთ, კუკურეიები ცოტა ხანი გვეყოფა.





ჩვენ








