
ქალთა საფეხბურთო კლუბი „ნიკე-ლუსო" უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საასპარეზოდ ემზადება. ქალთა შორის საქართველოს ჩემპიონი პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს და მეოთხე ჯგუფში იასპარეზებს პოლონურ „სოსნოვიეცისთან", ჩრდილო მაკედონიურ „სკოპიესთან" და ირლანდიურ „ატლონთაუნი" ერთად. გათამაშების ფორმატის მიხედვით, მინი-ტურნირებში, ჯგუფებში სადაც ოთხ-ოთხი გუნდია, თავდაპირველად 1/2 ფინალები გაიმართება. შესაბამისად, გაგა კირკიტაძის გუნდის მეტოქე კი, აღნიშნული მინი-ტურნირის მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი, პოლონურ „სოსნოვიეცი" იქნება.
„ჩვენთვის განსაკუთრებული მომენტია ახლა ამ ეტაპზე, გამომდინარე იქიდან, რომ უკვე დავიწყეთ მზადება ჩემპიონთა ლიგისთვის. თამაშები, მოგეხსენებათ, ჩატარდება პოლონეთში. გვესმის ის, რომ ოთხი ქვეყნის ჩემპიონი იკრიბება და როგორი რთული მატჩები გველოდება. თუმცა, ვფიქრობ, თუ ჩვენ ყველაფერს გავიღებთ, გამოვალთ და ლაღად ვითამაშებთ ფეხბურთს, გავითავისებთ იმას, თუ რა კლუბში ვართ, ჩვენს სამშობლოს, საქართველოს წარმოვადგენთ. პირველი აქცენტი, ყოველთვის ასე ვაკეთებ, მნიშვნელოვანია კონკრეტულად ერთი თამაში. თამაშიდან თამაშამდე მომზადება. შესაბამისად, ჩვენი ფოკუსი გასწორებულია სრულად პოლონეთის ჩემპიონზე. საკმაოდ კარგი გუნდია, თუმცა, ვთვლი, რომ შეგვიძლია ეს ყველაფერი დავძლიოთ თუ, რა თქმა უნდა, ვითამაშებთ იმ ფეხბურთს, რაზეც წელიწადნახევარია ვშრომობთ. ვფიქრობ, თამაშის შემდეგ, თუ ერთმანეთს თვალებში შევხედავთ, ვიტყვით, რომ ყველაფერი გავაკეთე, ყველანაირად დავიხარჯე, დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ ეტაპებზე უფრო და უფრო ძლიერები ვიქნებით", - ამბობს გაგა კირკიტაძე, „ნიკე-ლუსოს" მთავარი მწვრთნელი, რომლის კლუბმაც ქალთა ლიგის რეგულარული სეზონი პირველი ადგილით დაასრულა და აგვისტოს ბოლოდან, უკვე ქვეყნის ტიტულის მოსაგებად და შესაბამისად, მის შესანარჩუნებლად იბრძოლებს.
ქალთა ლიგაში გამოცხადებული შესვენების მიუხედავად, „ნიკე-ლუსოს" ფეხბურთელებმა მხოლოდ სამი დღით შეისვენეს და უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდისთვის მზადებას შეუდგნენ. ვიდრე 19 ივლისს, „ნიკე-ლუსო" პოლონეთში გაემგზავრება, გაგა კირკიტაძის გაწვრთნილმა გუნდმა შეკრების ნაწილი სომხეთში გაიარა, გამართა ორი სპარინგ შეხვედრაც, თუმცა, კლუბის სტრატეგიიდან გამომდინარე თამაშები დახურული იყო და შესაბამისად, არც ინფორმაციას ხდება საჯარო. სხვათა შორის, გოგონებმა თიმ-ბილდინგის ერთ-ერთ პოპულარულ ხერხსაც მიმართეს, განსაკუთრებით ცხელ ზაფხულში და იჯომარდეს კიდეც - ამ გზას, კონსერვატორული ქართული კაცთა კლუბების გარდა, მთელს მსოფლიოში მიმართავენ...
„რეგულარული სეზონი წარმატებით დავასრულეთ, მაგრამ ჯერ კიდევ წინ გვაქვს თამაშები და ვეცდები, რომ ისევ ჩემპიონები გავხდეთ. თუმცა, ამ ეტაპისთვის მთავარი ჩემპიონთა ლიგა არის. ძლიერი ჯგუფი შეგვხდა, მაგრამ ჩვენ, მაქსიმალურად ვეცდებით კარგი შედეგი ვაჩვენოთ, რადგან ჩვენი ქვეყანა და ჩვენი გუნდი ვასახელოთ", - ამბობს სალომე გასვიანი, „ნიკე-ლუსოსა" და საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი.
„რეგულარული სეზონი ნაყოფიერი გამოვიდა. მიზანი რაც იყო, პირველ ადგილზე დავასრულეთ და ვეცდებით, იგივე გავიმეოროთ, რაც წინა წელს და კვლავ გავხდეთ ჩემპიონები. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, აქ, ჩვენი მიზანი არის, რომ ჯგუფიდან გავიდეთ და ამისთვის, მაქსიმუმს გავაკეთებთ", - ამბობს გვანცა ქადაგიშვილი, „ნიკე-ლუსოსა" და საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი.
ჩვენი ინფორმაციით, სრული დატვირთვის ვარჯიშობს კლუბისა და ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი თეონა ბაქრაძე, რომელსაც ორივე ასპარეზზე ტრავმის გამო, დიდი დრო გაუცდა. კლუბის ინფორმაციით, მათ განკარგულებაში მყოფი, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა.
„ჩვენ გვყავს ძლიერი გუნდი. დავიმატეთ ახალი ფეხბურთელებიც და მოლოდინში ვართ, სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის დამატების. ხელმძღვანელობა, ყველაფერს აკეთებს, რათა გუნდი ჩემპიონთა ლიგის თამაშებს ძალიან კარგ მდგომარეობაში და მზადყოფნაში შეხვდეს. შეკრება დავიწყეთ და ყველაფერი კეთდება, რომ კონკრეტული თამაშებისთვის მზად ვიყოთ. იმედი მაქვს, რომ პირველ ეტაპს აუცილებლად, წარმატებით გადავლახავთ,"- ამბობს ლევან მჭედლიძე, კლუბის მენეჯერი.
ამ მომენტისთვის, ქალთა შორის, საქართველოს ჩემპიონმა გუნდმა ჩვენი ნაკრების ცენტრალური მცველი, მარიამ კალანდაძე დაიმატა, რომელიც „პანათინაიკოსში" გატარებული სეზონის შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა და ამჯერად, „ნიკე-ლუსოს" ფორმას მოირგებს. ისევე როგორც კლუბის ახალი ლეგიონერი 23 წლის შემტევი ქეით გოდენი, რომელსაც საკმაოდ სოლიდური სათამაშო გამოცდილება აქვს „არსენალის", „საუთჰემპტონის" ქალთა ასაკობრივ კლუბებში, ასევე „ჩარლტონ ატლეტიკში" და ბოლოს, ავსტრალიის პრემიერლიგაში.
ჩვენი ინფორმაციით, უახლოეს ხანში საბოლოოდ გაირკვევა დაემატება თუ არა ქართულ კლუბს ერთი, პორტუგალიის ნაკრების, ხოლო მეორე „ლივერპულის" აკადემიის ფეხბურთელი.
ამასობაში კი, უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის თამაშები კარზე მოგვადგა. გაგა კირკიტაძის გაწვრთნილი „ნიკე-ლუსო" პოლონურ „სოსნოვიეცს" 22 ივლისს, თბილისის დროით, 20:00 საათზე დაუპირისპირდება.
ამის შემდეგ, ქართული კლუბი, შედეგიდან გამომდინარე ან პირველი, ან მესამე ადგილისთვის ითამაშებს. უეფა-ს ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, 25 ივლისს, 13:00 საათზე მესამე ადგილისთვის, ხოლო 20:00 საათზე პირველი ადგილისთვის შეხვედრები ჩატარდება. იმედი გვაქვს, ჩვენ 20:00 საათიდან მოგვიწევს ნერვიულობა.
იმ შემთხვევაში თუ ჩვენი გუნდი, ჯგუფს მოიგებს, 5 და 8 აგვისტოს, უკვე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთვება სადაც, სავარაუდო მეტოქეების ვინაობა უკვე ცნობილია. მაგალითად ცნობილია, რომ ჩვენი ჯგუფის გამარჯვებული გუნდი, ალბანურ „ვლაზნიას" დაუპირისპირდება. ამავე ჯგუფში მოუწევს ასპარეზობა პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან მე-5 ჯგუფის (ტალინის „ფლორასა" (ესტონეთი), „მგარი იუნაიტედს" (მალტა) და „სპარტაკ მიავა" (სლოვაკეთი)) გამარჯვებული, რომელიც კვიპროსული ლარნაკას „აპოლონს" შეხვდება მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2 ფინალში. იქაც, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მსგავსად, 1/2 ფინალში გამარჯვებულები ფინალს ითამაშებენ და გამარჯვებული ფლეი-ოფში გადავა.
ფოტო: ქსკ „ნიკე-ლუსო"





ჩვენ








