თბილისის „იბერია 1999“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეა
თბილისის „იბერია 1999“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეა
14.07.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თბილისის „იბერია 1999"-მა დღეს, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში, ფრედ, 2-2 ითამაშა და ორი შეხვედრის ჯამში, ესტონური „ფლორა" 5-4 დაამარცხა, რაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ ანდრი დემჩენკოს ქართული კლუბი გათამაშების მომდევნო ეტაპზე გასულიყო. მომდევნო ეტაპზე კი, „იბერია 1999", ფეხბურთის ქართული მოყვარულთათვის საკმაოდ კარგად ნაცნობ სლოვაკურ კლუბს, ბრატისლავას „სლოვანს" დაუპირისპირდება.


„სლოვანის" თამაში ჯერ არ გვინახავს და გაგვირჩევია. ამ ეტაპზე, რაც ვიცი ისაა, რომ „სლოვანი" არის სლოვაკეთის მრავალგზის ჩემპიონი, რომლის მწვრთნელიც ქართველებისთვისაც კარგად ნაცნობი ვლადიმირ ვაისი იყო. თუმცა, ახლა მწვრთნელი შეეცვალათ და მათ იაია ტურე წვრთნის. ის „ბარსელონაში" და „მანჩესტერ სიტიში" თამაშობდა, აქედან გამომდინარე შესაძლოა ვიფიქროთ, თუ სტილის ფეხბურთი შესაძლოა გვეთამაშონ. ერთია ფაქტი, რომ „სლოვანი" არ არის „ფლორა" და შესაბამისად, რთული თამაში გველის", - იტყვის ანდრი დემჩენკო თამაშის დასრულების შემდეგ.


შესაძლოა „სლოვანი" „ფლორა" არ არის, თუმცა, დღეს ქართულ გუნდს, „ფლორასთანაც" საკმაოდ გაუჭირდათ. განსაკუთრებით მეორე ტაიმში და ამის შესახებ მატჩის შემდეგ, გიორგი ჯინჯოლავამაც ილაპარაკა.


„მეორე ტაიმში ჩავარდნის პრობლემა გამოჩნდა. ამ მიმართულებით სამუშაო გვაქვს,  მაგრამ დამტკიცდა, რომ თანამედროვე ფეხბურთში არ არსებობს გუნდი, რომელსაც ჩამოწერ და მოგებული თამაშის შემდეგ, საპასუხოს მარტივად მოიგებ. ყველა ქვეყანა ვითარდება და აქვს პრეტენზია ფეხბურთის თამაშზე. ჩვენ რა შეცდომებიც დავუშვით ვიმუშავებთ და ვეცდებით, შემდეგ ეტაპზე არ გავიმეოროთ", - ამბობს ჯინჯოლავა.


დღეს, მიხეილ მესხზე გამართული შეხვედრა ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო. ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, თავიდან სტუმრებს, შემდეგ კი, მასპინძლებს - მაგალითად, ვახო ბედოშვილს, რომელსაც პირველ ათწუთეულში ორჯერ შეეძლო „ფლორას" კარის აღება. თუმცა, მისმა ამ და კიდევ ქართული კლუბის სხვა აქტიურობამ შედეგად ესტონური კლუბის კარისკენ დანიშნული საჯარიმო დარტყმა იყო, რომელიც მე-13 წუთზე გიორგი კუციამ პირდაპირ მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, იქ კი, გოლით ნიკა სიხარულაშვილმა გაიტანა. 36-ე წუთზე ნიკოლოზ დადიანის გადაცემას, კარგი გაგრძელება მოუნახა ზვიად ნაჭყებიამ, რომელიც საბოლოოდ, სიხარულაშვილის დუბლით დასრულდა. საინტერესოა, რომ პირველ ტაიმშიც და შემდეგ მეორეშიც, თუნდაც, მეორე ტაიმის მიწურულს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე,  ამირან ძაგანიას რომ გაეტანა, თამაში მშვიდად დასრულდებოდა, თუმცა, ძაგანიამ მეკარეს ვერ გადააცილა ბურთი. სამაგიეროდ, მეორე ტაიმში, განსაკუთრებით მიწურულს თბილისელებმა ბევრი შეცდომა დაუშვეს და სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ უბრალოდ ამ დღეს, იღბალი ჩვენს მხარეს იყო.  


„იგებ თუ აგებ, უნდა ითამაშო 90 წუთი და შემდეგ დამატებული დროც. ბურთის დაჭერა უნდა მოახერხო. მოწინააღმდეგეს, თავად გადავეცით ინიციატივა. იმის მაგივრად, რომ გვეთამაშა, ბურთი გაგვეკონტროლებინა, ბურთს ვიგერიებდით. ყველა გუნდი, როდესაც ასე დაიწყებს მოგერიებას, ყოველთვის შენს კარში გოლით დასრულდება", - ამბობს დემჩენკო.


თუმცა, ჩვენი აზრით, დღევანდელ შეხვედრაში იყო კიდევ ერთი მომენტი, ალბანელ მსაჯთა ბრიგადა, რომელიც ხშირად არაადექვატურ გადაწყვეტილებას იღებდა. ბუნებრივია, ეს ქართული გუნდის შეცდომებს არ ამართლებს და ვერც მსაჯები გაიტანენ გასატან გოლებს, თუმცა, ის რომ ქართული გუნდი მეორე რაიმში აირია, ჩვენი მოსაზრებით, ესტონელთა კარში გატანილი მესამე გოლია, რომელიც მოგვიანებით VAR-მა გააუქმა. 47-ე წუთზე გიორგი კუციას გადაცემით გოლი ამჯერად, ზვიად ნაჭყებიამ გაიტანა. თუმცა, მალევე გოლი გაუქმდა. ვიდეო რეფერის ოთახში გოლის მომენტი გიორგი მაკარიძის მიერ თამაშში შემოყვანიდან განიხილეს, სადაც, სიჭინავა, დარტყმის მომენტში მეტოქის ნახევრიდან საკუთარზე ამოდიოდა, შესაბამისად, ალბათ, ბურთი, რომ რომელიმე სხვა იბერიელს მიეღო და შემდეგ, კუციას და ბოლოს სიჭინავას დაესრულებინა, გოლი ჩაითვლებოდა. ასეა თუ ისე, გოლი გაუქმდა. რამდენიმე მომენტში, შესაძლო იყო, „ფლორას" კარში პენალტი დანიშნულიყო, თუმცა, არც მინდორზე მსაჯებს და არც VAR-ის ოთახში, ამის გადახედვის აუცილებლობა არ დაუნახავთ, თუმცა, 84-ე წუთზე პენალტი ჩვენს კარში დაინიშნა - ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, ესტონელმა კარგად გაყიდა მომენტი, მაშინ, როცა ანგარიში 2-1 იყო. შესაბამისად, მეტოქეს, თამაშის დამატებით დროში გადაყვანის დრო რჩებოდა. ისე, ზოგადად, ესტონელები, კინკლაობაშიც კი, ქართული ხასიათის გათვალისწინებით, ჩვენი ფეხბურთელების გამოწვევას ცდილობდნენ, თუმცა, საბედნიეროდ კინკლაობა კინკლაობად დარჩა და ჩხუბში არ გადაიზარდა. თუმცა, ალბანელმა მსაჯმა, ყვითელი ბარათები, ქართული გუნდისთვის არ დაინანა.


ასეა თუ ისე, შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა, ორი შეხვედრის ჯამში კი, მომდევნო ეტაპზე ქართული გუნდია. ისიც ფაქტია, რომ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბი ბოლო 7 წელია არ გასულა. ბოლოს კი, ეს, სწორედ „იბერიამ" („საბურთალომ") გააკეთა. კლუბის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ „სლოვანთან" თამაშისთვის ქართულ გუნდს ანდრია ბართიშვილი დაემატება, რომელმაც ბოლო ვარჯიშზე კოჭი დაიზიანა, თუმცა, ფეხბურთელის გამოჯანმრთელების პროცესი დინამიკაში კარგია. რაც შეეხება გუნდს, ტაქტიკაზე, ბუნებრივი დღეს არც არაფერს იტყოდნენ, თუმცა, „სლოვანთან" მატჩში ქართული გუნდი ბურთის კონტროლს და მოწინააღმდეგის პრესინგს გეგმავს.



სკ "იბერია 1999"-ის ფოტო