
სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო დღე 2 ივლისი თბილისში აღნიშნეს. აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში, ქართული მედიის ის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, ვისაც კონკრეტულ მომენტში „საქმე" არ ჰქონდა. გალადაჯილდოებას „მსოფლიოს ჯუდოს ხმა" გიორგი ჭანიშვილი უძღვებოდა. საპატიო სტუმართაგან კი, ევროპის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი მარკ ვენტულაკის გარდა, ქართული სპორტის ოფიციოზი და სპორტის სხვადასხვა სახეობათა ფედერაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. დარბაზში იყვნენ მოქმედი სპორტსმენებიც, მაგალითად, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები გიორგი დიხამინჯია და ერეკლე არსენაშვილი.
ტრადიციულად, 2 ივლისს, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის თაოსნობით, ექვს ნომინაციაში გაიცა პრემიები. პირველად ამ ექვსი ნომინაციიდან პირველად, ლეგენდარული ჯამლეტ ხუხაშვილის სახელობის პრემია წელს პირველად გაიცა. მისი მფლობელი კი, ლაშა დვალიშვილს გახდა.
კოტე მახარაძის სახელობის პრემია, რომელიც საუკეთესო კომენტატორს გადაეცემა, ამჯერად დიმა ობოლაძეს ერგო.
ნოდარ გუგუშვილის სახელობის პრემია წლის საუკეთესო გამოცემისთვის ვაჟა დანელიას მიენიჭა.
ეროსი მანჯგალაძის სახელობის პრემიით საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები მერაბ მამულაშვილი და ნინო გაბელია დაჯილდოვდნენ.
ინტერნეტსივრცეში საინტერესო პროექტებისთვის ზაალ გიგინეიშვილის სახელობის პრემია ბასკი სხირტლაძეს, მამუკა კუკულაძეს და დიმა შარიქაძეს გადაეცათ, საინტერესო პოდკასტებისთვის.
გურამ თიკანაძის სახელობის პრემიის ლაურეატი გამორჩეული და ვეტერანი სპორტული ფოტოხელოვანი ვარლამ გენგიური გახდა.
ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიხეილ კაკაბაძის სახელობის პრემიით სპორტულ ჟურნალისტიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ბიძინა ბარათაშვილი გამოარჩიეს, რომელიც პრიზი სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ გადასცა და ერთი სიურპრიზიც დაუმატა - ქართული სპორტული მედიისა და სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ბიძინა ბარათაშვილს სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა. სიმბოლურია, რომ სპორტის რაინდების ათვლა, ბიძინასგან დაიწყო.
ამ მთავარი ნომინაციების გარდა, სსჟა-ს გალადაჯილდოვებაზე სხვდასხვა, მათ შორის ფულადი პრიზები მედიის სხვადასხვა წარმომადგენლებს გადაეცათ. გათამაშდა ლატარეაც, სადაც ერთ-ერთი პრიზი, სპორტული მწარმოებელი „მაკრონის" ფულადი ვაუჩერი ჩვენი ვებ-პორტალის TSFF.Ge-ს წარმომადგენელსაც გადაეცა.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილის ბოლო აკორდი კი, ქართული სპორტის ორი ლეგენდარული წარმომადგენელი ნონა გაფრინდაშვილი და ალექსანდრე მეტრეველი საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციაში ოფიციალურად გააწევრიანეს.





ჩვენ








