
დღეს, ევროტურნირებზე დაიწყო ასპარეზობა ქართული საფეხბურთო ლეგიონის კიდევ ორმა წარმომადგენელმა.
ხორვატიაში, უეფა-ს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის სასტარტო შეხვედრაში სპლიტის პოლიუდის სტადიონზე, ადგილობრივმა „ჰაიდუკ სპლიტა", სლოვაკური „ჟილინა" 2-0 დაამარცხა. მოგეხსენებათ, „ჟილინას" ღირსებას, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი ალექსანდრე ნარიმანიძე იცავს. ქართველმა მცველმა, ტრადიციულად, სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრული შეხვედრა ჩაატარა. ანგარიში კი, მასპინძლებმა 22-ე წუთზე ბრაიკოვჩის გოლით გახსნეს. 49-ე წუთზე ბრაიკოვიჩმა საგოლე გადაცემაც მიითვალა და გუნდის ესპანელ ლეგიონერს, დალისონ დე ალმეიდას გაატანინა. ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 16 ივლისს, ქართველი ფეხბურთის მოყვარულთათვის კარგად ნაცნობ „ჟილინას" სტადიონზე, თბილისის დროით, 22:30 საათზე გაიმართება.
უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლითი შეხვედრა ჰქონდა ლაშა ოდიშარიას ლატვიურ რფს-ს. ქართველის გუნდი, ჩრდ. ირლანდიაში „გლენდორანს" ეთამაშა და 1-2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა ზენო იბსენ როსის გოლით 38-ე წუთზე ანგარიში გახსნეს. თუმცა, სტუმრებმა ტაიმის ბოლო წუთზე, მარტინს კიგურსის გოლით გაათანაბრეს, 70-ე წუთზე კი, მისივე დუბლით, საჭირო გამარჯვებაც მოიპოვეს. რაც შეეხება ოდიშარიას, ქართველმა სათადარიგო სკამიდან დაიწყო და მოედანზე 61-ე წუთზე გამოჩნდა. ამ წყვილის საპასუხო შეხვედრა ასევე 16 ივლისს, თბილისის დროით, 20:30 საათზე გაიმართება.
აქვე გეტყვით, რომ გათამაშების მომდევნო ეტაპიდან, ევროტურნირებში კიდევ, რამდენიმე ქართველი ლეგიონერის გუნდი ჩაერთვება.





ჩვენ








