
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა საქართველოში მიმდინარე მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ურუგვაი 56-3 დაამარცხა და ა ჯგუფი მესამე ადგილზე დაასრულა, რითაც ტურნირზე მე-9 ადგილის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
„ავჭალაზე" გამართულ შეხვედრაში ვიტო კოლელიშვილის შეგირდები სრულად დომინირებდნენ და მეტოქეს 8 უპასუხო ლელო გაუტანეს, საიდანაც სამი გუნდის კაპიტნის, ლუკა ნარსიას ანგარიშზეა. ძლიერი თქეშის მიუხედავად, სამიზნემ არ უმტყუნა ნიკოლოზ ხალვაშს, რომელმაც 100%-იანი მაჩვენებელი შეინარჩუნა და რვავე გარდასახვა უზადოდ შეასრულა.
საქართველო მეტოქეს ჯაბნიდა ჯანში და კონტაქტის არეში, რასაც მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, თან ერთვოდა ხელით ბურთაობა თუ ინდივიდუალური გარღვევები. მატჩის დაწყებისთანავე ავჭალაში გაწვიმდა. ნალექი იმდენად უხვი იყო, რომ ბურთს მოედანზე მოძრაობა უჭირდა, რამაც თამაშის მსვლელობას დაღი დაასვა, თუმცა ობიექტურად უფრო ძლიერმა გუნდმა შესაფერისი ანგარიშით გაიმარჯვა.

მატჩის დებიუტში დაშვებული რამდენიმე შეცდომის შემდეგ, ურუგვაი ჯარიმით დაწინაურდა. თამაში რომ განახლდა უკვე მეტოქეს დავაშვებინეთ შეცდომა, რაქიდან მოულოდნელად გაბრიელ რაზმაძემ შეუტია, ერთი მბოჭავი ხელის კვრით, მეორე კი კონტაქტით ჩამოიცილა და ლელო ძელებსშუა დაამიწა. ამას რამდენიმე კარგი ხელდახელ შეტევა მოყვა. მეტოქე 5-მეტრიანთან დაჯარიმდა, ბურთის გათამაშებას მორკინალების სამი მიძალება მოჰყვა და თემურ ძოძუაშვილმა ბურთი ძელებსშუა დაამიწა.
ორიოდე წუთში ფრთაზე ხაზი ლუკა ტაბატაძემ გაჭრა, სისწრაფე აკრიფა, ცრუ მოძრაობებით მცველები დააბნია და ლელომდე ირბინა, ტაიმის ბოლოს კი ლუკა ნარსიამ მოლი ლელოთი დააგვირგვინა და ჩვენს გუნდს ბონუს-ქულა ნაადრევად მოუპოვა, 28-3.

მეორე ტაიმში მოედანი კიდევ უფრო დამძიმდა, თუმცა საქართველო კვლავ უპირატესობას ფლობდა და 46-ე წუთზე ნარსიამ თავისი მეორე ძალისმიერი ლელო შეიტანა. 63-ე წუთზე 5-მეტრიანში მოგებული დერეფნის შემდეგ სწრაფად ავკინძეთ ფაზები და თავისი წილი ლელო საბა ნოზაძემ მიითვალა. ორიოდე წუთში ლელო დათა ახვლედიანმა მიითვალა, ხოლო საბოლოო წერტილი კვლავ ნარსიამ დასვა, 56-3.
ვიტო კოლელიშვილი: "განვლილი ორი თამაშის შემდეგ ამ გამარჯვების მოპოვება მნიშვნელოვანი იყო და ძალიან გახარებული ვარ. გამოსწორებული გვქონდა დისციპლინა და ამინდის მიუხედავად სტატიკაში ბურთსაც ვაკონტროლებდით. ველოდებით შემდეგ თამაშს. ხვალ ქუთაისში გავემგზავრებით და გავაგრძელებთ მზადებას".
ლუკა ნარსია: "წვიმის მიუხედავად ჩვენი თამაში ვითამაშეთ, ყველაფერი გამოგვივიდა და შედეგიც სახეზეა. ვეცდებით მაქსიმუმი ვაჩვენოთ მომდევნო თამაშებშიც. ჩემი სამი ლელო გუნდის დამსახურებაა და არა მხოლოდ ჩემი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შემდეგი თამაშები ჩემს ქალაქში, ქუთაისში გვექნება. თუმცა არ აქვს მნიშვნელობა სად ვითამაშებთ, ქართველები ყველგან ერთნაირად გვიყვარს და ყველგან ვეცდებით მათ გახარებას".

ა ჯგუფის დასკვნითი ტურის კიდევ ერთ მატჩში, ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობა წყდებოდა. უელსი სამხრეთ აფრიკასთან ორი გარდასახული ლელოთი დაწინაურდა, თუმცა მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა 10 წუთის შემდეგ მოახერხა ინიციატივის დაუფლება და შესვენებამდე 4 საპასუხო ლელო მიითვალა, 26-14. უელსელებმა ბოლომდე იბრძოლეს და შესვენების შემდეგ კიდევ სამი ლელო გაიტანეს, თუმცა სამხრეთ აფრიკამ კვლავ ოთხი ლელო მიითვალა და დამაჯერებლად, 52-33 გაიმარჯვა.
შედეგად, სამხრეთ აფრიკა თასის ნახევარფინალში ქულათა მაქსიმუმით (15) გავიდა და თასის ნახევარფინალს 13 ივლისს "ავჭალაზე" ითამაშებს. უელსი 10 ქულით მეორე ადგილზე დარჩა და ასევე "ავჭალაზე", 12 ივლისს მე-5 ადგილის ნახევარფინალი უწევს.
საქართველოს მსგავსად ქუთაისში მიდის ურუგვაი, რომელიც 12 ივლისს "აია არენაზე" მე-13 ადგილის ნახევარფინალურ შეხვედრას გამართავს.

2026 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატი
ჯგუფური ეტაპი. ა ჯგუფი. III ტური. 7 ივლისი
თბილისი (საქართველო). "ავჭალა".
საქართველო - ურუგვაი 56-3 (28-3)
საქართველო
ხაზი: 15. ნიკოლოზ ხალვაში, 14. ლუკა ტაბატაძე, 13. დათა ახვლედიანი, 12. დავით ბარბაქაძე, 11. საბა ნატროშვილი, 10. მათე მახარაძე, 9. თემურ ძოძუაშვილი;
შერკინება: 1. ნიკოლოზ ბალანჩივაძე, 2. დავით არჩვაძე, 3. გაბრიელ რაზმაძე, 4. გიორგი მეფარიშვილი, 5. ანდრია ბილანიშვილი, 6. ირაკლი ყოლბაია, 7. ლუკა ნარსია (კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი.
მარქაფა: 16. გიორგი აღნიაშვილი, 17. გიორგი ტურაშვილი, 18. საბა ნოზაძე, 19. ნიკოლოზ ჩხორთოლია, 20. გიორგი არძენაძე; 21. გიორგი ხონელიძე, 22. დემეტრე დევდარიანი, 23. დათა არობელიძე.
8 ლელო: რაზმაძე, ძოძუაშვილი, ტაბატაძე, ნარსია (3), ნოზაძე, ახვლედიანი
8 გარდასახვა: ხალვაში





ჩვენ








