„დინამო თბილისი“ ევროპის კონფერენს ლიგას ლუქსემბურგიდან იწყებს
„დინამო თბილისი“ ევროპის კონფერენს ლიგას ლუქსემბურგიდან იწყებს
07.07.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

9 ივლისს, ქართული გუნდები უეფა-ს ევროტურნირებზე იწყებენ ასპარეზობას. ევროპის კონფერენს ლიგის პირველი ეტაპის მატჩს სტუმრად, ლუქსემბურგში გამართავს „დინამო თბილისი", რომელიც მომავალი ასპარეზობის ადგილას ხვალ დილით გაემგზავრება.


საქართველოს სლავა მეტრეველის სუპერთასის მესამე ადგილისთვის გამართული მატჩის შემდეგ, დინამოელთა რიგები ირაკლი სირაძემ და როდრიგო რამოსმა დატოვეს. კლუბის ინფორმაციით, ქართველ ფორვარდთან ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა, ხოლო პორტუგალიელ ნახევარმცველთან არსებული კონტრაქტი ამოიწურა. აქვე შეგახსენებთ, რომ კლუბი დატოვეს საბა ხარებაშვილმა, დონკორმა, იორომაც. ისევე როგორც გიორგი ზარიამ და გიორგი ხარებაშვილმა.  


კლუბში არის შევსებაც - მაგალითად, „დინამო თბილისში" დაბრუნდა ლევან ხარაბაძე, მათ გარდა თემურ ქეცბაიამ კვიპროსიდან 29 წლის მცველი პარის ფსალტისი, გვინეის ნაკრების 23 წლის ფორვარდი ალგასიმ ბა და 29 წლის ფრანგი შემტევი ნახევარმცველი - მაქსიმ ტეიშეირა დაიმატა.


უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგის ორ-მატჩიანი დაპირისპირების პირველი რაუნდი 9 ივლისს, თბილისის დროით 21:15 საათზე დაიწყება.  Stade Achille Hammerel-ზე „მონდორფი" „დინამო თბილისს უმასპინძლებს. შეხვედრას ფარერის კუნძულების მსაჯთა (ჰაინი ვიდოი, იორლიფ იურჰუსი და იოგვან ბრეკმანი, მეოთხე მსაჯი კი აკი ჰანსენი) ბრიგადა მოემსახურება.


ერთი საინტერესო დეტალი, ევროტურნირებზე ლუქსემბურგულ გუნდს 1996 წელს დაუპირისპირდნენ. უეფა-ს თასის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „გრევენმახერთან" საბოლოოდ გამარჯვებული ქართული გუნდი გამოვიდა. პირველი შეხვედრა თბილისურმა კლუბმა სახლში 4-0 მოიგო, მომდევნოში კი, ფრედ, 2-2 ითამაშა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. მაშინ, ქართული გუნდიდან გოლები ალექსანდრე იაშვილმა (2), კახი გოგიჩაიშვილმა, გიორგი დემეტრაძემ, საპასუხო მატჩში კი, გოირგი კიკნაძემ და როინ კერძევაძემ გაიტანეს. იმ წელს, თბილისურ შეხვედრაში მონაწილეობა, ამჟამინდელი „დინამო თბილისის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, გელა ინალიშვილმა მიიღო.


რაც შეეხება „მონდორფს" გუნდში ადგილობრივების გარდა პორტუგალიელი, ფრანგი, ალჟირელი, მალელი, ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკელი, გუადალუპელი და გაიანელი ლეგიონერები ასპარეზობენ. გუნდს კი, 46 წლის გერმანელი სპეციალისტი, მარტინ ფორკელი წვრთნის.


საპასუხო შეხვედრა თბილისში 16 ივლისს ჩატარდება.