პარაგვაის ანტიფეხბურთი, უზბეკი მსაჯის სიბრმავე და მომდევნო ეტაპზე გასული საფრანგეთის ნაკრები
პარაგვაის ანტიფეხბურთი, უზბეკი მსაჯის სიბრმავე და მომდევნო ეტაპზე გასული საფრანგეთის ნაკრები
05.07.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მაშ ასე, 4,  ივლისიდან მსოფლიო ჩემიონატის სტადიონებზე და მასპინძელ ქვეყნებში ვითარება კიდევ უფრო იძაბება, რა თქმა უნდა, საფეხბურთო თვალსაზრისით - მატულობს ტემპერატურა და თან, დაღლილობაც, რომელიც გრძელი საკლუბო, განსაკუთრებით ევროპული სეზონებისა და წლევანდელი მუნდიალის ფორმატიდან გამომდინარე, გაწელილი და მასშტაბურობით გამოწვეული მიზეზების გამო, უფრო ნათელი ხდება.


ყოველივე ამის ფონზე კი, მსოფლიო ჩემპიონატის გათამაშების ამ ეტაპზე შემორჩა გუნდი, რომელიც არ მოვერიდები და ვიტყვი, ბინძური ხერხით ცდილობა მსოფლიო ჩემპიონატზე უფრო „შორს" გასულიყო. და რატომაც არა, როდესაც ჯგუფურ ეტაპზე გაუვიდათ ბინძური თამაში, თურქეთის საკმაოდ ძლიერ გუნდთან და არდა გიულერი „ათრიეს" ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. შემდეგ, გაუვიდათ გერმანიის ნაკრებთანაც, როცა არდას ბედი, ჯამალ მუსიალამ გაიზიარა და ბოლოს, როდესაც, 23 წლის გერმანელმა ეს ყველაფერი გააპროტესტა, თავად მიიღო ყვითელი ბარათი. ეს პარაგვაული „ისტორია", ამით არ დასრულებულა და გათამაშების მომდევნო ეტაპზე, ანუ დღეს გამთენიისას უკვე ნაცადი ხერხით საფრანგეთის წინააღმდეგ გადაწყვიტა ემოქმედა - ამჯერად სამიზნე კილიან მბაპე იყო, რომელსაც უმოწყალოდ ურტყეს, თუმცა, უზბეკი მსაჯი ილგიზ ტანტაშევი, უბრალოდ „ბრმა" იყო.


პარაგვაისა და საფრანგეთის 1/8 ფინალური შეხვედრა, რომელიც 70-ე წუთზე კილიან მბაპეს გატანილი 11-მეტრიანის წყალობით ევროპული კლუბის გამარჯვებით დასრულდა, იმდენად არა საფეხბურთოდ ჯანსაღ გარემოში წარიმართა, რომ ფეხბურთის თემატიკა დაგვავიწყდა და უბრალოდ ალბათ, ყველა თუ არა, ბევრი დაგვაფიქრა, პარაგვაის მსგავსი ბინძური გუნდები, რატომ უნდა თამაშობდნენ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, სადაც მათ შორის ფიფა-ც სხვა ღირებულებებს ქადაგებს. მათი შემყურე, იმაზეც კი დავეჭვდით, ფინალური ეტაპის საგზურისთვის რა ბინძურად იარეს!


მოგეხსენებთ, საფრანგეთის ეროვნული ნაკრები, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ყველასგან განსხვავებული გუნდია და დამსახურებულად გავიდა გათამაშების ამ ეტაპზეც, თუმცა, პარაგვაისთან დეშამის გუნდს, დასჭირდა ახალი ხრიკების მოგონება რათა, მთავარი მიზნისკენ გზა გაეგრძელებინა. საფრანგეთის ნაკრები ამ დღეს, იბრძოდა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, „ქუჩის" პარაგვაისთან და მატჩის მომსახურე მსაჯთა ბრიგადასთან.


ახლა არ დავკონკრეტდებით, რომელ ფრანგ ფეხბურთელს სად რა დაუშავეს. ფაქტია, რომ უზბეკი, ყვითელ ბარათებს პირიქით არიგებდა, გააყვითლა ბარკოლა, კონე, ოლისე. ის კი არა, მატჩის დასრულებამდე 20 წუთით ადრე, ალბათ, რომ არ დაეძახა VAR-ს, დეზირე დუეს საჯარიმო მოედანში წაქცევა, დიეგო გომესს, ისევე შერჩებოდა ხახვივით, როგორც ამ მატჩში, ყველა უხეში დარღვევა პარაგვაელებს.


„პარაგვაელმა ფეხბურთელებმა საშინლად წარმოაჩინეს თავი. ეს რომ ჩემი გუნდი ყოფილიყო, უბრალოდ, გამოვათრევდი მიედნიდან" - ამბობს BBC-სთან ინტერვიუში ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე ჯო ჰარტო. სხვათა შორის, ერთადერთი, ვინც პარაგვაის ნაკრებიდან ჩვენი სიმპათია დაიმსახურა, მეკარე ორლანდო გილია, რომელის საბოლოოდ ამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და თანაგუნდელების მსგავსად, ბინძურ თამაშში არ ერთვებოდა.


 „ეს იყო პაზორი. დაცვაში საკმაოდ კარგად თამაშობს გუნდი და ასეთი გამოხტომები არ იყო საჭირო",  - ამბობს მიკა რიჩარდსი, კომენტარში რომელსაც BBC ავრცელებს.


„პარაგვაელები, ფრანგების პროვოკაციაზე წამოკიდებას შეეცადნენ, ხელს ჰკრავდნენ, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი, რომ მათ ყვითელი მიეღოთ", - ამბობს პეტ ნევინი, შოტლანდიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ვინგერი BBC-ის ეთერში.


„ჩვენც ვიცით „ბინძური თამაში". მათ ეგონათ, რომ სმოკინგებით მოვიდოდით, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით. ასეთ თამაშშიც კი, მათზე უკეთესები ვიყავით. ეს მათი თამაშის სტილია. ეს მათი სათამაშო სტილია. არ არსებობს სწორი და არასწორი გზა გამარჯვების მისაღწევად. მათ სცადეს, მაგრამ ჩვენ მოვიგეთ", - ამბობს კილიან მბაპე თამაშის შემდეგ.


ფინალური სასტვენის შემდეგაც კი, პარაგვაელები უხამს საქციელს აგრძელებდნენ. ისინიო გარს შემოერტყნენ მსაჯს, რომელმაც მთელი თამაშში მათი გუნდის მე-12 მოთამაშეობა ითავა. მიუხედავად ამისა, მბაპემ, პარაგვაის კარში გატანილი გოლის წყალობით, 7 გოლი დააგროვა და მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მესის გაუთანაბრდა. თუმცა, ცოცხლა ცხრილში, ის ამ მომენტში „ოქროს ბუცის" პრეტენდენტთა ჩამონათვალში პირველ ადგილზეა. რადგან კილიანზე ჩამოვარდა ლაპარაკი, ვთქვათ, რომ მისი დღევანდელი გოლი, აღმოჩნდა 150-ე ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატებზე, რომელიც საფრანგეთის ნაკრებს აქვს გატანილი. ამ სტატისტიკით, გატანილი გოლები გვაქვს მხედველობაში, ბრაზილიის, გერმანიისა და არგენტინის შემდეგ, საფრანგეთი მსოფლიოში მეოთხეა.


„ჩვენ ვიცოდით როგორი მატჩის გველოდა. მიმაჩნია, რომ ჩვენთვის კარგი გამოცდილება იყო ასეთი (პარაგვაისთან თამაში - სარედაქციო შენიშვნა) მატჩი და ისიც, თუ როგორ გავუმკლავდით. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ არ ვართ გუნდი, რომელსაც მხოლოდ შემტევი ფეხბურთის თამაში შეუძლია. ყველა გუნდი თვის სიძლიერეს იყენებს - არ არსებობს სწორი და არასწორი გზა გამარჯვების მისაღწევად. ერთადერთი რაც სწორია, გამარჯვებაა. ახლა უკვე მაროკოზე გავასწორებთ ფოკუსს. ჩვენ მართლა ვემზადებით მათთან საბრძოლველად, რადგან ვიცით, რომ ძალიან კარგი გუნდია", - ამბობს მბაპე მატჩის დასრულების შემდეგ.


„არ იყო მარტივი. იყო მოწინააღმდეგე გუნდის მხრიდან, ბევრი შეურაცყოფა, რომლის გარეშეც შეიძლებოდა თამაში. ალბათ, მატჩის მიწურულს ჩვენი შანსი, რომ გამოგვეყენებინა, მატჩის უფრო კომფორტული ფინიში გამოვიდოდა. პარაგვაი, გამოიყენა ყველა ხრიკი. ეს არ იყო იმ კატეგორიის ფეხბურთი, რომლის ხილვაც გულშემატკივარს მოეწონებოდა, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ შეგვენარჩუნებინა კონცენტრაცია, რის გაკეთებაც არ იყო მარტივი. ფიზიკურად ძლიერი გუნდია და თავს კარგად იცავდნენ. ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. სამხრეთ ამერიკულ გუნდებთან თამაში ყოველთვის რთულია, მაგრამ მე ჩემი მოთამაშეების გაწეული სამუშაოთი კმაყოფილი ვარ. ჩვენ მეოთხედფინალში ვართ და ამით უნდა ვისიამოვნოთ", - ამბობს დიდიე დეშამი, საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.


ახლა ფრანგები 1/4 ფინალში „ბოსტონ სთედიუმზე" აშრაფ ჰაკიმის მაროკოს ნაკრებს დაუპირისპირდებიან, რომელმაც თავის მხრივ, დღეს, მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი, კანადის ნაკრები 0-3 დაამარცხა და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა.


მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება, გრძელდება სკანდალური ამბებით და გადაწყვეტილებებით, განსაკუთრებით, არ შევცდებით თუ ვიტყვით, უეფა-ს წევრი ქვეყნების მიმართ. ასე რომ მივყვეთ მოვლენებს და ვნახოთ, მუნდიალის ბოლოს, რა დაგვიგროვდება სათქმელად.



სტატია გამოყენებულია FIFA-სა და BBC-ის სტატიები და ფოტოები