მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მერვედფინალისტი ცნობილია
მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მერვედფინალისტი ცნობილია
04.07.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი საკმაოდ კურიოზულად გრძელდება. უფრო ზუსტად, გრძელდება კურიოზული მსაჯობით, როგორც მინდორზე, ასევე VAR-ის ოთახიდან.


„VAR-ის დანერგვის დღიდან ვიძახდი, რომ არ მომწონდა. შესაძლოა, ბევრი რამისთვის სასარგებლო ტექნოლოგიაა, თუმცა, ხშირად, არასწორად ან, შერჩევითად გამოიყენებენ. VAR-ი მაშინ უნდა ამოქმედდეს, როცა შეცდომა 200-პროცენტიანია. პორტუგალიის ადგილას ჩვენ რომ ვყოფილიყავით, VAR-ი თამაშში არ ჩაერეოდა", - ამბობს ლუკა მოდრიჩი, პორტუგალიასთან დასრულებული თამაშის შემდეგ, რომელიც მისმა ხორვატიის ნაკრებმა 2-1 წააგო. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად თამაშის დეტალებს არ ვუღრმავდებით, უნდა ვთქვათ, რომ გაუქმებული გოლებით, ეს შეხვედრა მინიმუმ ფრე უნდა დასრულებულიყო, რამეთუ ძირითად დროში ერთი გოლი პორტუგალიელებს, ორი კი ხორვატებს არ ჩაუთვალეს - VAR-მა თამაშგარე დააფიქსირა.


ამ შეხვედრაში იყო კიდევ ერთი ინტრიგა, დიდი ალბათობით მოწინააღმდეგე გუნდებში მყოფი ყოფილი თანაგუნდელებიდან ერთისთვის, კრიშტიანუ რონალდუსთვის ან ლუკა მოდრიჩისთვის ეს მატჩი საბოლოო უნდა ყოფილიყო სანაკრებო კარიერაში თუ არა მსოფლიო ჩემპიონატზე მაინც, რადგან 2030 წელს, როდესაც მომდევნო მუნდიალი ჩატარდება, მაგალითად, ლუკა უკვე 44 წლის იქნება, რონალდუ ერთით მეტის. საბოლოოდ, ბოლო მატჩი მოდრიჩისთვის გამოდგა.


„ლუკამ განსაკუთრებით კარგად ითამაშა დღეს მეორე ტაიმში და კიდევ ერთხელ ჩვენი წამყვანი მოთამაშე იყო. მან აჩვენა ხარისხი და ხასიათი და რა თქმა უნდა, ის ბოლომდე ხორვატიის ლიდერი იყო", -  ამბობს თამაშის დასრულების შემდეგ, ზლატკო დალიჩი, ხორვატთა მთავრი მწვრთნელი.


ზოგადად, მსაჯების მიერ დაშვებულ შეცდომებზე და კონკრეტული გუნდების მიმართ გარკვეულ სიმპათიებზე ან დავალებებზე „ზევიდან", ჩვენ წინა სტატიაშიც გაკვრით აღვნიშნეთ. ამიტომ, მეტს ამ ეტაპზე აღარ შევჩერდებით, მითუმეტეს, რომ ძალიან იმედიანად ვართ, მსაჯთა ცოდვები" ამ მუნდიალზე ბოლო არ იყო. და ვიდრე, უშუალოდ, 1/8 ფინალურ წყვილებს და მათ სათამაშო განრიგს გაგაცნობთ, კიდევ ორ თამაშზე შევჩერდები. თამაშზე, რის გამოც გვიყვარს ფეხბურთი - მოულოდნელი შედეგით და აქედან გამოწვეული მთელი დრამატიზმით. 


უპირველესად, მხედველობაში,  ბელგიისა და სენეგალის დაპირისპირება გვაქვს, სადაც ბელგიელებმა 86-ე წუთზე ლუკაკუს გოლით ანგარიში შეამცირეს, 89-ე წუთზე  იური ტილემანსის გოლოთ საერთოდაც თამაშში დაბრუნდნენ და დამატებით დროში იმავე ტილემანსის ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანით, პენალტების სერიამდე მოახერხეს გათამაშების მომდევნო ეტაპის საგზურის მოგება, სადაც მუნდიალის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყნის, აშშ-ს ნაკრებს დაუპირისპირდებიან.


და რა თქმა უნდა სადაც კრიშტიანუ და ლუკას ამბები გავიხსენეთ, არც მესი უნდა დაგვავიწყდეს, რომელიც ამ სათამაშო დღემდე გოლეადორთა ჩამონათვალს ლიდერობდა. მისი გუნდი 1/16 ფინალში კაბო-ვერდეს დაუპირისპირდა. იმ კაბო-ვერდეს, რომლის სახელიც ბევრმა იმ დღეს გაიგო, როდესაც გაირკვა, რომ 2025 წლის 8 ივნისს, საქართველოს ნაკრებს უნდა შეხვედროდა. თამაში, მაშინ ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა, ჩვენმა გუნდმა რეალურად მეორე შემადგენლობით ფრედ, 1-1 ითამაშა. აი, ჰარდ როკი სტადიონზე (მაიამი გარდენსი) კი, ძირითადი დროში ფრედ, 1-1 და პირველ დამატებით ტაიმში ასევე 1-1 დაფიქსირებული შედეგის შემდეგ, მეორე დამატებით ტაიმში 111-ე წუთზე ბორხესის მიერ გატანილი ავტოგოლის წყალობით გაიმარჯვა 3-2 და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა.


მაშ ასე, 4 ივლისიდან, ანუ უკვე დღეიდან  1/8 ფინალები იწყება:  


4 ივლისი

21:00 კანადა-მაროკო

01:00 პარაგვაი-საფრანგეთი

5 ივლისი

23:59 ბრაზილია-ნორვეგია

6 ივლისი

04:00 მექსიკა-ინგლისი

23:00 ესპანეთი-პორტუგალია

7 ივლისი

04:00 აშშ-ბელგია

20:00 არგენტინა - ეგვიპტე

8 ივლისი

00:00 შვეიცარია - კოლუმბია