
ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რაგბის ახალი ტურნირის - ერთა თასის გახსნით მატჩში, ურუგვაის მონტევიდეოში დაძაბულ ბრძოლაში 41-34 სძლია და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.
მთავარი მწვრთნელის, პიერ-ანრი ბრონკანის სადებიუტო შეხვედრა დაძაბული გამოდგა. მასპინძელმა ურუგვაიმ, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-15 ადგილს იკავებდა, დიდი ბრძოლა გაგვიმართა და ბოლო წუთამდე არ გატყდა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვებული საქართველო დარჩა და 4 ქულასთან ერთად, 4 ლელოს გატანისთვის ბონუს-ქულაც ჩაიწერა.
თამაში „ჩარუას" ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა. „ლოს ტეროსთან" მატჩში ბორჯღალოსნების კვართით პირველი კეპი მოიხვეჭა ფრთა რომა მახათაძემ, რომელსაც ძალიან კარგი თამაში ჰქონდა. 50-ე კეპი მოიხვეჭა შერკინების შემკვრელმა თორნიკე ჯალაღონიამ და ეს მოვლენა გატანილი ლელოთი აღნიშნა. ხოლო მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე, გუნდს 3-წლიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა.
ეს იყო საქართველოსა და ურუგვაის მე-8 შერკინება და საქართველომ ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა - პირველად მონტევიდეოში. „ტეროსმა" პირველ მატჩში, 2003 წლის მსოფლიო თასზე და 2004 წელს მონტევიდეოში გაიმარჯვა, მას შემდეგ კი, შინ თუ ნეიტრალურ მოედანზე, მოგებული მუდამ საქართველო რჩებოდა.
როგორც უკვე ვთქვით, 22 წლის შემდეგ ბორჯღალოსნებსა და ურუგვაის შორის მონტევიდეოში გამართული შეხვედრა დაძაბული გამოდგა. მასპინძლებმა აგრესიული თამაში შემოგვთავაზეს. ისინი გვაწუხებდნენ რაქში და ჯარიმის ზღვარზე ირჯებოდნენ, თუმცა ბრონკანის შეგირდებმა სიმშვიდე შეინარჩუნეს და დასახულ მიზანს მიაღწიეს.
4 ლელოს გატანისა და 7-ქულაზე ნაკლები სხვაობით მარცხისთვის, ურუგვაის 2 ბონუს ქულა შეხვდა. მსოფლიო რაგბის ერთა თასის პირველი ტურის დანარჩენი შეხვედრები ასე დასრულდა:
სამოა - ჰონკონგი 66-19
ჩილე - რუმინეთი 48-31
ტონგა - ზიმბაბვე 36-26
კანადა - ესპანეთი 42-42
აშშ - პორტუგალია 30-29.
სამხრეთ ამერიკულ ტურნეზე მყოფი ბორჯღალოსნები, ახლა ჩილეში გადაინაცვლებენ, სადაც 11 ივლისს, ჩვენი დროით 23 საათზე, ვინა დელ მარიში სამოას შეერკინებიან.





ჩვენ








