
გავა წლები და 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც პირველად სამ ქვეყანაში - აშშ-ში კანადასა და მექსიკაში ტარდება, სკანდალური მსოფლიო ჩემპიონატის სახელით მოინათლება. გავა წლები და მსოფლიო სპორტული და საფეხბურთო საზოგადოება, ცივ გონებაზე და ღრმა ანალიზის საფუძველზე იმსჯელებს ყველა იმ შეცდომაზე და მანკიერ მხარეებზე, რომელზე ლაპარაკსაც ჯერ-ჯერობით ერიდებიან. უბრალოდ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ყველაფერი, სპორტის ისეთ ლამაზ, თვითმყოფად და უნიკალურად სახალხო-სახეობას, როგორიც ფეხბურთია დაღს არ დაასვამს...
ამჯერად, ლაპარაკი მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, ამერიკელი ფეხბურთელის ფოლარინ ბალოგუნის მიმართ, ბოსნია და ჰერცეგოვინას მატჩის დროს ნაჩვენები წითელი ბარათია, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტის უშუალო ჩართულობისა და თხოვნა-რეკომენდაციის შემდეგ, ფიფა-მ ადგა და გააუქმა.
უეფა-მ დღეს, „უფროსი" ორგანოს ფიფა-ს შოკისმომგვრელი და მოულოდნელი გადაწყვეტილება სასტიკად გააპროტესტა. ევროპული ფეხბურთის მთავარ ოფისში მიაჩნიათ, რომ ბალოგუნისთვის, ავტომატური დისკვალიფიკაციის გაუქმება, „უპრეცედენტოდ გაუგებარი და გაუმართლებელი" გადაწყვეტილებაა. ფიფა-მ, როგორც ირკვევა აშშ-ს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირს, 25 წლის ფეხბურთელს სანქცია გადაუვადა (!).
უეფა აცხადებს, რომ დისკვალიფიკაციის გაუქმების ამ მცდელობით, ფიფა-მ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა.
„გუშინდელი გადაწყვეტილება, რომელმაც ფოლარინ ბალოგუნს წითელი ბარათის გამო დაკისრებული სტანდარტული ერთმატჩიანი აკრძალვა გაუუქმა და ერთწლიანი გამოსაცდელი ვადით ჩაანაცვლა, ყოველგვარ ზღვარს სცდება.
ფეხბურთის და სხვა სპორტული სახეობების ფუნდამენტი სამართლიანი და თანასწორი კონკურენციის უზრუნველმყოფელ წესებშია. მართალია, რიგი წესები შეიძლება სხვადასხვანაირად იქნას გაგებული, მაგრამ ეს კონკრეტული შემთხვევა ამ კატეგორიას არ მიეკუთვნება. მოედნიდან გაძევებისას მინიმუმ ერთი თამაშის გამოტოვება სავალდებულოა და არ მოითხოვს დამატებით განხილვას ან რაიმე ორგანოს სუბიექტურ ნებართვას. ეს ნორმა დებულებაში ზუსტად არის ასახული და გამონაკლისებს გამორიცხავს. მით უფრო მიუღებელია ეს ნაბიჯი ახლა, როცა ჩემპიონატის ფარგლებში სხვა მოთამაშეებმა იდენტური დარღვევებისთვის თავიანთი სასჯელი უკვე მოიხადეს.
როდესაც მარეგულირებელი ორგანოები თავადვე აღარ იცავენ წესების უზენაესობასა და თანასწორობას, ირღვევა სპორტული პრინციპები, ჩემპიონატის პრესტიჟი და სანდოობა კი ეჭვქვეშ დგება. გარდა ამისა, მსგავსი პრეცედენტის დაშვება ნიშნავს, რომ მომავალში ყველა ანალოგიურ სიტუაციაში იგივე მიდგომა უნდა გამოვიყენოთ, რაც უშუალოდ ტურნირს უზარმაზარ ზიანს მიაყენებს.
ფეხბურთის გლობალური პოპულარობა და მის მიმართ ნდობა ზუსტად იმას ეფუძნება, რომ მას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ერთი და იგივე კანონებით თამაშობენ. მსოფლიო ჩემპიონატი არ არის იზოლირებული მოვლენა და იქ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ტალღისებურად, დადებითად ან უარყოფითად, აისახება მთელ საფეხბურთო სამყაროზე.
ჩვენ აღშფოთებულები და გაკვირვებულები ვართ ამ არალოგიკური, დაუსაბუთებელი და სრულიად უპრეცედენტო ნაბიჯით", - ნათქვამია უეფა-ს მიერ გამოქვეყნებულ წერილში.
დღემდე, მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატზე 188 წითელი ბარათია ნაჩვენები და მათ შორის მხოლოდ ერთი, ამერიკელი ბალოგუნი გადაურჩა სასჯელს, რაც ბევრი კითხვას ბადებს. მსოფლიო ფეხბურთს, მსგავსი ისტორია ახსოვს და ის 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატსა და ლეგენდარულ გარინჩას უკავშირდება, რომელიც ჩილეში გაიმართა და მაშინ, ჩემპიონი ბრაზილია გახდა. იმ დროს, წითელ ბარათზე ავტომატური დისკვალიფიკაცია ჯერ არ იყო პრაქტიკაში დანერგილი და მიუხედავად ამისა, ამბავმა ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
ტომას ტუხელს ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, მისი გუნდის ფეხბურთელის მიმართ ნაჩვენები წითელი ბარათის შესახებაც შეეკითხნენ - ჯარელ კუანსას შეგახსენებთ, რომ ინგლისი-მექსიკის (3-2) დაპირისპირებისას უჩვენეს წითელი ბარათი, ინგლისს კი, შაბათს, ნორვეგიასთან უწევს 1/4 ფინალი, გერმანელმა გარკვევით უპასუხა:
„სად გადის ზღვარი? გვაქვს თუ არა აპელაციის უფლება თუ, ყვითელი ბარათი არ არის ყვითელი? ვთვლით, რომ ეს არ არის წითელი ბარათი თუ, ვინ თვლის ასე? სად იწყება ეს ყველაფერი და სად სრულდება? მე ეს მაინტერესებს და არ მაქვს პასუხი. ბალოგუნს, ისევე როგორც ჯარელ კუანსას წითელი ბარათი VAR-ის ჩარევის შემდეგ მისცეს. მათთვის წითელი ბარათის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს ვიდეო რეფერის ოთახში, VAR-ზე მომუშავე სამმა მსაჯმა, რაც მერე თავად შეხვედრის მთავარმა არბიტრმა გადაამოწმა და დაასკვნა, რომ ფეხბურთელი წითელ ბარათს იმსახურებდა. ვინ უნდა შეცვალოს ეს გადაწყვეტილებები და რის საფუძველზე? და რამდენად შორს წავა ეს ამბავი? ჩემთვის ძალიან უცნაურია. ჩვენ უბრალოდ, გვინდა რომ გადაწყვეტილებები იყოს თანმიმდევრული.
პირველივე წუთებზე დეკლან რაისის წინააღმდეგ ყვითელი... ასე, გაუთავებლად შეგვიძლია ვიდავოთ? ვთვლი, რომ არ იყო ყვითელი, დაგვიბრუნებენ? ოლისეს ყვითელს, რომელიც არ იყო ყვითელი, დაუბრუნებენ საფრანგეთის ნაკრებს? სად არის ბოლო, სად უნდა დასრულდეს? წესები არ ვიცი, ის ადამიანი არ ვარ, ვისაც ამ სახის კითხვები უნდა დაუსვათ. მოვიცდი და ვნახავ, როგორ დასრულდება", - ამბობს ტუხელი.
ბელგიის სამეფო ფეხბურთის ასოციაცია, სავარაუდოდ უახლოეს საათებში დამატებით განცხადებას გააკეთებს. ფიფა-ს ამ გადაწყვეტილებით, საქმე სუფთა საფეხბურთო დავას უკვე გასცდა. ბელგიას აქვს აპელაციის უფლება. ასე რომ ბელგიის ფეხბურთის ასოციაციას დღეს კიდევ ჰქონდა ფიფა-ს ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად დრო. თუკი, ფიფა თავის პოზიციაზე დარჩება, საქმეში სპორტული არბიტრაჟი CAS-ა ჩაერთვება (ადმინისტრაციული ტრიბუნალი - საგანგებო განყოფილება, რომელიც ოპერატიულად და დამოუკიდებლად განიხილავს აპელაციას).
„არ ვიცოდი, რომ მსოფლიო ჩემპიონატი 5 ივლისს იცვლის დროს და ტარდება 1 აპრილს და რომ ეს არის მასხარების დღე. ჩვენ ვიცავთ არა რომელიმე ეროვნულ ნაკრებს ან ფედერაციას, არამედ ვიცავთ ფეხბურთს", - ამბობს რუდი გარსია, ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
CBS News-მა, რომელიც BBC-ს ამერიკული პარტნიორია, ევროპულ გამოცემას დაუდასტურა, რომ ხუთშაბათს, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ბალოგუნის საკითხთან დაკავშირებით, ფიფა-ს პრეზიდენტს ჯანი ინფანტინოს სატელეფონო ზარით დაუკავშირდა და ფეხბურთელის დისკვალიფიკაცია განიხილა. კვირას კი, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფიფა-ს მადლობა გადაუხადა „უდიდესი უსამართლობის გამოსწორების" გამო.
RBFA-მ ბელგიის საფეხბურთო ასოციაცია გაოცებას ვერ მალავს რომ ბალოგუნის დისკვალიფიკაცია არ შეეხება. დღეს, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ პრევომ განაცხადა, რომ „თუკი, მართლა სატელეფონო ზარი გახდა ასეთი გაუგებარი გადაწყვეტილების მიზეზი, ეს იქნება ფეხბურთისა და სპორტის ძირითადი წესების დარღვევის უდიდესი დარღვევა".
ფიფა-ს ყოფილი პრეზიდენტი BBC-ის სტატიის მიხედვით, ასევე აღშფოთებულია, წარსულში მის მიერ მართული ამჟამინდელი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით. „ფეხბურთი, არასდროს უნდა იქცეს, პოლიტიკური ძალაუფლების მოედნად. წითელი ბარათები არ უქმდება პოლიტიკური სატელეფონო ზარების შემდეგ. ისინი უქმდება წესებით, მტკიცებულებებითა და დამოუკიდებელი ორგანიზაციის მიერ. ", - წერს X-ში ბლატერი. შეგახსენებთ, რომ ბლატერი 2016 წელს კორუფციული სკანდალის შემდეგ, სწორედ ჯანი ინფანტინომ ჩაანაცვლა.
ბლატერის მოსაზრებას ეთანხმება მიშელ პლატინიც, რომელიც ფიფა-ს სავარაუდო მახინაციების გამო, კორუფციული ბრალდებისგან შარშან გაამართლეს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდია უეფა და ფიფა, რიგი გადაწყვეტილებების გამო (რომელსაც ძირითადად ფიფა იღებს - სარედაქციო მინიშნება), ხშირად კონფლიქტურ სიტუაციაში არიან. ეს ვითარება კიდევ უფრო მას შემდეგ გამძაფრდა, რაც აშშ-მ მსოფლიო ჩემპიონატზე სამსაჯოდ არ შეუშვა ომარ არტანუ. ფეხბურთის მოყვარულებს გემახსოვრებათ, რომ უეფა-მ სომალელი მსაჯის მიმართ, რომელიც არც კი არის უეფა-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენელი, სტიმულისთვის და მხარდასაჭერად, პსჟ-სა და „ასტონ ვილას" უეფა-ს სუპერ თასის მატჩის მსაჯობა მიანდო, რომელიც 12 აგვისტოს გაიმართება.
აი, ასეთი ამბებია მსოფლიო ჩემპიონატზე და ვგონებთ, ეს დასასრული ჯერ კიდევ არ არის.
სტატია მომზადებულია BBC-სა და UEFA-ს მასალებზე დაყრდნობით





ჩვენ








