საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასისთვის მზადებას აგრძელებს
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასისთვის მზადებას აგრძელებს
05.07.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის ფინალური ეტაპისთვის ემზადება, რომელიც 22-26 ივლისს ავსტრალიაში გაიმართება. სიდნეიში საერთო ჯამში მსოფლიოს 8 გუნდი მოიყრის თავს, რომელთა შორის საქართველომ, მონტენეგროსთან ერთად, მეორე დივიზიონიდან მოახერხა ფინალურ ტურნირზე მოხვედრა. პირველი დივიზიონიდან, თასის მოსაგებად ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი, უნგრეთი და ხორვატია იბრძოლებენ. მერვე გუნდი კი, ტურნირის მასპინძელი, ავსტრალიის ნაკრები იქნება.


საქართველოში დაწყებული შეკრება, ჩვენმა ნაკრებმა 29 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით იტალიაში გააგრძელა. მისი დასრულების შემდეგ კი, უნგრეთში გაემგზავრა და OTP წყალბურთის თასის გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა. ოთხთა ტურნირში, მასპინძელი უნგრეთისა და საქართველოს ნაკრებების გარდა, სერბეთისა და ნიდერლანდების წყალბურთელთა ეროვნული ნაკრებები  მონაწილეობდნენ. სწორედ, სერბეთთან და ნიდერლანდებთან გამართა ჩვენმა ნაკრებმა პირველი ორი შეხვედრა. სერბეთთან, ჩვენი გუნდი, დიდი ანგარიშით 21-10 დამარცხდა, დღის მეორე მატჩში ნიდერლანდებთან დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 15-14 წააგო.


დასკვნით შეხვედრაში, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ტურნირის მასპინძელ უნგრეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 24-17 (5-4, 7-4, 5-4, 7-5) დამარცხდა.


ჩვენმა გუნდმა დასკვნითი შეხვედრა შემდეგი შემადგენლობით ჩაატარა: გიორგი გვეტაძე, საბა ტყეშელაშვილი, სანდრო ადეიშვილი (1), ნიკა შუშიაშვილი (4), ანდრია ბითაძე (5), გიორგი კირიაკიდი, ხვიჩა ჯახაია, ბესარიონ ახვლედიანი (5), გიორგი მესხი, გიორგი მაგრაქველიძე, ლუკა ჩიქოვანი, დრაგოლუბ როგაჩი (2), ბექა კაპანაძე, საბა მაჭავარიანი.  


აღსანიშნავია, რომ უნგრელებმა ყველა შეხვედრა მოიგეს და ტურნირის გამარჯვებულებიც გახდნენ. მეორე ადგილი სერბეთმა, მესამე ნიდერლანდებმა, ჩვენ კი, ქულის გარეშე დავამთავრეთ ტურნირი. თუმცა, მოსამზადებელ ეტაპზე მთავარია კონკრეტული შეჯიბრისთვის მოემზადო.


სიდნეიში, მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები პირველ შეხვედრას იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. 1/4 ფინალში წარმატების შემთხვევაში ჩვენი გუნდი, 1/2 ფინალში გადაინაცვლებს. თუმცა მარცხის შემთხვევაშიც, ტურნირის დებულების თანახმად, ყველა ადგილი გათამაშდება.