
ქუთაისის „ტორპედო" საქართველოს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერ თასის გამარჯვებულია. ფინალურ შეხვედრაში ქუთაისელებმა თბილისში, მიხელ მესხზე „იბერია 1999" დაამარცხეს. აქვე გეტყვით, რომ თბილისური შეხვედრის პარალელურად, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, მესამე ადგილისთვის გორის „დილა" და „დინამო თბილისი" დაუპირისპირდნენ.
თბილისში, ანგარიში მე-5 წუთზე კომნენ ანდრიჩის გოლით გაიხსნა. 34-ე წუთზე გიორგი არაბიძემ ტორპედოელები ორი ბურთიანი სხვაობით დააწინაურა. თუმცა, 37-ე წუთზე ვახო ბედოშვილმა, 1/2 ფინალში „დინამო თბილისის" კარში გატანილი გოლის შემდეგ, დღეს „ტორპედოსაც" გაუტანა. უკრაინელი სპეციალისტის ანდრი დემჩენკოს გაწვრთნილმა „იბერია 1999"-მა ანგარიში 75-ე წუთზე გაათანაბრეს - ნიკოლოზ დადიანის გოლის წყალობით, თამაში პენალტების სერიამდე მივიდა. შეგახსენებთ, რომ სათასო შეხვედრებისგან განსხვავებით, სუპერ თასზე, ფრედ დასრულებული შეხვედრის შემთხვევაში, პირდაპირ დამატებითი დრო ინიშნება. პენალტების სერიაში, საფეხბურთო იღბალი, ქუთაისელების მხარეს იყო, თუმცა, არც ოთო გოშაძეს უნდა დავუკარგოთ წვლილი, რომელიც სუპერთასის შეხვედრებში ჩვენი აზრით, ერთ-ერთი გამორჩეული იყო. საბოლოოდ, სერია 5-6 დასრულდა „ტორპედოს" სასარგებლოდ, რომელიც სუპერ თასს, კლუბის ისტორიაში მეორე დაეუფლა.
გორშიც, მთავარი მოქმედი პირი მეკარე იყო - „დინამო თბილისის" 22 წლის კარის მცველი მიშო მაქაცარია, რომელმაც გადამწყვეტი პენალტის აღება მოახერხა. თუმცა, მანამდე იყო, საკმაოდ გრძელი თამაში, სადაც სტუმრები, რომლებიც ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელებით თამაშობდნენ უკეთესად გამოიყურებოდნენ. 1/2 ფინალის მსგავსად, თბილისელებმა ვერც გორის „დილას" გაუტანეს თამაშიდან. ეს დეტალი, ალბათ, ის თავისტკივილია, რომელიც ქეცბაიას და მის გუნდს, კარზე მომდგარი ევროტურნირების წინ, გამოსასწორებელი აქვს. ძირითადი დრო ფრედ, 0-0 დასრულდა და აქაც, თბილისური მატჩის მსგავსად, 11-მეტრიანები დაინიშნა. დინამოელებს, მეხუთე დარტყმა აღარ დასჭირვებიათ, რადგან გორელებმა მესამე კარს ააცილეს, ბოლო, მეხუთე კი, მიშო მაქაცარიამ აიღო. სერია, „დინამო თბილისმა" 2-4 მოიგო და მესამე ადგილის მფლობელი გახდა. შეგახსენებთ, რომ მომავალ კვირაში ქართული გუნდების ნაწილი უეფა-ს ევროტურნირებზე დაიწყებს ასპარეზობას.





ჩვენ








