თეიმურაზ ორჯონიკიძე კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
თეიმურაზ ორჯონიკიძე კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
01.07.2026
ავტორი: ხელბურთის ფედერაცია

საქართველოს ნაკრების კაპიტანი თეიმურაზ ორჯონიკიძე ირაკლი კბილაშვილის თანაგუნდელი გახდა. ქართველი ხელბურთელი, რომელიც 2023 წლიდან ჩრდილოეთ მაკედონიის „ოჰრიდში" თამაშობდა, რუმინეთის ჩემპიონატის კლუბ „პოტაისა ტურდას" ღირსებას დაიცავს (რუმინულმა კლუბმა ეროვნული ლიგის 2025/26 წლების სეზონი მეხუთე ადგილზე დაასრულა).


„მოხარულები ვართ წარმოგიდგინოთ თეიმურაზ ორჯონიკიძე, რომელიც ახალი სეზონისთვის ჩვენს გუნდს უერთდება! თეიმურაზი შემოგვიერთდა „ოჰრიდიდან" (GRK Ohrid), რომელიც ორი სეზონის წინ ევროპის თასზე ჩვენი მეტოქე იყო. სხვადასხვა დროს მას ასევე უთამაშია ისეთ გუნდებში, როგორებიცაა „ევროფარმი", „ფერენცვაროში", „რეშიცა", „კოკსი" და „ოროშჰაზა". საქართველოს ნაკრებში მან 62 მატჩი ჩაატარა და თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდთან ერთად ფინალურ ტურნირებშიც მიიღო მონაწილეობა", - გულშემატკივრებს ახალწვეულს ასე წარუდგენს „ტურდას" ოფიციალური გვერდი.


„გუნდის შესახებ ბევრი კარგი რამ მსმენია ირაკლი კბილაშვილისგან. ძალიან მიხარია, რომ ტურდაში ჩამოვედი. ვიცოდი, რომ ეს უძველესი და დიდი ისტორიის მქონე ქალაქია, - „პოტაისა ტურდაში" გადასვლას ეხმაურება თეიმურაზ ორჯონიკიძე. - გუნდი სტაბილურია და რუმინეთში მუდმივად წამყვან პოზიციებზე ასრულებს სეზონს. „პოტაისას" უზარმაზარი პოტენციალი აქვს და მინდა, აქ მედლები და ტიტულები მოვიგო.


„ტურდას" წინააღმდეგ მითამაშია და ვიცი, რამდენად რთულია NOVA PG Arena-ზე მეტოქის რანგში ყოფნა. გულშემატკივრებს მინდა ვუთხრა, რომ რაც შეიძლება მრავალრიცხოვნად მოვიდნენ დარბაზში და ერთად ბევრი მატჩი მოვიგოთ".


აქვე დავძინოთ, რომ თეიმურაზ ორჯონიკიძემ შარშან მაისში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ თბილისურ მატჩში, მძიმე ტრავმა მიიღო. სასიხარულოა, რომ ქართველმა ხელბურთელმა სარეაბილიტაციო პერიოდი უკვე დაასრულა და მოედანს უბრუნდება. საქართველოს ნაკრებს შემოდგომიდან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი თამაშები ეწყება, ორჯონიკიძის გამოცდილება კი ასეთი პასუხისმგებლიანი შეხვედრებისთვის უდიდეს ძალას ნიშნავს.