მანუელ ნოიერმა დღეს გერმანიის ნაკრების მაისურით ბოლო შეხვედრა ჩაატარა
მანუელ ნოიერმა დღეს გერმანიის ნაკრების მაისურით ბოლო შეხვედრა ჩაატარა
30.06.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მანუელ ნოიერმა დაადასტურა, რომ მან, პარაგვაის წინააღმდეგ ბოლოჯერ მოირგო გერმანიის ეროვნული ნაკრების მაისური. ამის შესახებ, 40 წლის ლეგენდარულ მეკარეს, პარაგვაისთან, მსოფლიო ჩემპიონატის 1/16 ფინალში წაგებული 11 მეტრიანების სერიის შემდეგ შეეკითხა ARD-ს კორესპონდენტი, რაზეც „მანუმ" მოკლედ უპასუხა „დიახ".


ფეხბურთის გულშემატკივარს ემახსოვრება, რომ ერთი პერიოდი მანუელ ნოიერს სანაკრებო კარიერის დანებების შესახებ განცხადება ჰქონდა გაკეთებული და რეალურად, არც ჩანდა ნაკრებში, თუმცა, 2024 წელს, გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის დროს, ლეგენდამ დაბრუნება გადაწყვიტა. ამჯერად კი, რთული წარმოსადგენია, რომ გერმანიის ნაკრების აწ უკვე ყოფილმა მეკარემ, რომელმაც პენალტების სერიაში მოგერიებული 11-მეტრიანით გუნდი თამაშში დატოვა, აზრი შეიცვალოს.


მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონი, მსოფლიოში ამ თაობის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ ითვლება. მას, საკუთარი გუნდის მაისურით 128 შეხვედრა აქვს მოგებული, ამ შედეგით კი, ის, გერმანიის ფეხბურთის ისტორიაში მეხუთე ადგილზეა.


შეგახსენებთ, რომ ოკეანის გადაღმა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, 1/16 ფინალში მუნდიალის ერთ-ერთი ფავორიტი გერმანიის ეროვნული ნაკრები, პარაგვაისთან პენალტების სერიაში დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ მაროკოელმა მსაჯმა, VAR-ის მითითებით, 102-ე წუთზე ჯონათან ტას მიერ გატანილი გოლი არ ჩათვალა. ჯალალ ჯეიდმა თითქმის მთელი თამაში, არაფრად ჩააგდო უხეში თამაში 63-ე წუთზე შეცვლაზე შემოსული ჯამალ მუსიალას წინააღმდეგ. გერმანელთა 23 წლის ფეხბურთელის ბურთთან შეხება, მის მიმართ წესების დარღვევით სრულდებოდა, თუმცა, საბოლოოდ, ყვითელი ბარათი, სწორედ ჯამალს მისცეს, რომელმაც რაღაც მომენტში თავი ვეღარ გააკონტროლა.


რაც შეეხება არჩათვლილ გოლს, თამაშშის დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელდა იურგენ კლოპის კომენტარი სადაც, კლოპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „თუ გოლი არ იყო ჩასათვლელი, მაშინ „არსენალი" ინგლისის ჩემპიონი არ უნდა იყოს. მათ მიერ გატანილი გოლების 60%, ასეთია"-ო.


ჩვენის მხრივ დავამატებთ, რომ მსაჯებისა და VAR-ის ოთახის ეს გადაწყვეტილება, რაც ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე დაბალი კვალიფიკაციის მსაჯობის დონეზე მიუთითებს (რიგ შემთხვევებში), საკმაოდ მიკერძოებულსა და თითიდან გამოწოვილ სენსაციებზეა გათვლილი. იმედია, ფიფა ამ საკითხზე მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მაინც დაფიქრდება და მომავალი ტურნირებისთვის, უფრო კვალიფიცირებულ მსაჯებზე  გააკეთებს არჩევანს.


მანამდე კი, უეფა-ს წევრი ქვეყნებიდან ასპარეზობას გერმანიასთან ერთად, 1/16 ფინალის ეტაპიდან ასევე პენალტების სერიაში ნიდერლანდებიც გამოეთიშა. გათამაშების მომდევნო ეტაპზე გასულები არიან: კანადა, ბრაზილია, პარაგვაი, მაროკო.


დღეს, 21:00 საათიდან 1/16 ფინალები კოტ-დ'ივუარისა და ნორვეგიის მატჩით გაგრძელდება.