ქალთა ლიგის პირველი ეტაპი დასრულდა და მოკლე შესვენება გამოცხადდა
ქალთა ლიგის პირველი ეტაპი დასრულდა და მოკლე შესვენება გამოცხადდა
28.06.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, ქალთა ლიგის 2026 წლის პირველი ეტაპი დასრულდა. რეგულარული ჩემპიონატი ბოლო, მე-18 ტურის შემდეგ, საბოლოოდ გაირკვა ის ოთხი გუნდი, რომლებიც მედლებისთვის გააგრძელებენ ბრძოლას: „ნიკე ლუსო", „ლანჩხუთი", „ბათუმი" და „კვარტალი". სატურნირო ცხრილის ქვედა 6 გუნდი („მართვე", „ვერე", „თეთრიწყარო", „დინამო სოხუმი", „ელიტა" და „რაჭა 2020") კი, ძლიერთა ლიგაში დასარჩენად იბრძოლებენ. თუმცა, მანამდე იყო დღევანდელი ტური, რომელიც საკმაოდ საინტერესოდ დასრულდა.


მარნეულის ცენტრალურ სტადიონზე „თეთრიწყარომ" „ბათუმს" უმასპინძლა და შესაძლოა, ბევრისთვის მოულოდნელად, 2-0 დაამარცხა. მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში 53-ე წუთზე, ბარბარე ბერუაშვილმა გახსნა. 88-ე წუთზე კი, დიანა ბაქრაძემ მეორე გოლი გაიტანა და ამ შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.


„ელიტამ" ბოლო ტურში იმდენი გაიტანა, რაც ორ წრეში არ გაუტანია. თბილისში, სფფ-ის გლდანის საფეხბურთო ცენტრში, სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე მყოფ „რაჭა 2020"-თან დაპირისპირებაში ანგარიში მე-6 წუთზე ანი კვახაჯელიძემ გახსნა ანგარიში. ამას დაემატა ნატა კვირკვაიას დუბლი (8', 45') და პირველი ტაიმი მასპინძლებმა 3-0 მოიგეს. მეორე ტაიმის სტარტზე რაჭველთა კარში დანიშნული 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა ია ინაშვილმა, მომდევნო ორი გოლი კი, კვლავ კვირკვაიას (56', 80') ანგარიშზეა, რომელმაც მიმდინარე სეზონში პირველი პოკერი შეასრულა. აქვე გეტყვით, რომ კვირკვაიამ, რომეომაც სეზონი „ვერეში" დაიწყო, რეგულარული ჩემპიონატის დასასრულს, „ელიტაში" გადმობარგდა. საბოლოო ანგარიში კი, 81-წ წუთზე, ელენე კერესელიძემ გაიტანა. „ელიტამ" 7-0 მოიგო.


საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა შევედრა თბილისში, სფფ-ის ნუცუბიძის პლატოს საფეხბურთო ცენტრში, სადაც „კვარტალმა" „ვერეს" უმასპინძლა და 2-3 დამარცხდა. თბილისური დერბის პირველი ნახევარი, მასპინძლებმა 2-0 მოიგეს. გოლები ანანო მიქაბერიძემ და ანანო წიქარიძემ გაიტანეს. თუმცა, მეორე ტაიმი, „კვარტალისთვის" არასასიამოვნოდ განვითარდა და ნინო ბერიძის ჰეთ-თრიქის  (49', 62', 73'-პ) შემდეგ, საბოლოოდ დამარცხდა. მიუხედავად ამისა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, „კვარტალმა" მოახერხა სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილის შენარჩუნება და მედლებისთვის ბრძოლას გააგრძელებს.


მოულოდნელად დაიწყო შეხვედრა გვიმბალაურში, სადაც სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში „ლანჩხუთმა" „მართვეს" უმასპინძლა. ანგარიში 22-ე წუთზე, სტუმრებმა, თამარ მარუაშვილის გოლით გახსნეს. ნათია დანელიას, 9 წუთი დასჭირდა გასათანაბრებლად, კიდევ ორ წუთში (33') კი, მისი დუბლით, მასპინძლები წინ გავიდნენ. მე-40 წუთზე ეთერ სულაშვილმა გაიტანა და „ლანჩხუთმაც" პირველი ტაიმი 3-1 მოიგო. მეორე ტაიმში, 61-ე წუთზე, ლია სიჭინავას გოლით გურულებმა კიდევ გაზარდეს უპირატესობა. 85-ე წუთზე კი, ნათია დანელიამ ჰეთ-თრიკი შეასრულა და საერთო ჯამში, რეგულარული ჩემპიონატი 37 გოლით დაასრულა, რაც, ქალთა ლიგაში, გათამაშების ამ ეტაპზე, საუკეთესო მაჩვენებელია.


თბილისში, სფფ-ის დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „ნიკე-ლუსომ" სოხუმის „დინამოს" უმასპინძლა და 8-0 დაამარცხა. როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი მასპინძელთა კარნახით წარიმართა. ანგარიში, კლუბის ლეგიონერმა თაიზამ  (15', 33', 62', 86') გახსნა, რომელმაც საბოლოოდ, პოკერი შეასრულა. თითო გოლი, ელენე ბოლქვაძემ (35'), კესო მეტონიძემ (45'), იამურ იალვაჩმა (67') და ირინა ხაბურზანიამ (83') გაიტანეს. „ნიკე-ლუსო" 51 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეშია.


ბუნებრივია, ზედა და ქვედა ჯგუფების შესახებ, დაწვრილებით მოგვიანებით ვილაპარაკებთ. მანამდე კი, გეტყვით, რომ ქალთა ლიგაზე შესვენება გამოცხადდა. ამ პერიოდში, არ დაისვენებს, მხოლოდ, „ნიკე-ლუსო", რომელიც 1 ივლისიდან ქალთა შორის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპისთვის შეუდგება მზადებას.