
დღეს, თბილისსა და გორში, სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერ თასის გათამაშება დაიწყო. ტურნირის დებულების თანახმად, 2025 წლის ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი, ასევე პირველი ოთხეულის კიდევ ორი წარმომადგენელი 1/2 ფინალური ეტაპიდან იწყებენ ასპარეზობას. გამარჯვებულების სუპერ თასისთვის აგრძელებენ ბრძოლას, დამარცხებულები კი მე-3 ადგილისთვის.
პირველი 1/2 ფინალური შეხვედრა მიხეილ მესხზე გაიმართა. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „იბერია 1999"-მა „დინამო თბილისს" უმასპინძლა და მე-12 წუთზე ვახო ბედოშვილის გატანილი გოლის წყალობით გაიმარჯვა, 1-0. არადა, მთელი თამაში ბურთი დინამოელებმა გააკონტროლეს, კარის მიმართულებითაც უფრო მეტჯერ დაარტყეს (მხოლოდ ძირითადად კარის ზევით, ტრიბუნებზე - ასე, შორს ვერ "გავფრინდებით") და ხარიხასაც გაარტყეს. თუმცა, გოლი ვერ გაიტანეს. შესაბამისად ფინალში „იბერია 1999" გავიდა.
1/2 ნახევარფინალი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. „დილამ" „ტორპედოს" უმასპინძლა და 0-1 დამარცხდა. ნაკლებად სანახაობრივი პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში 73-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილმა გაიტანა. ამის შემდეგ, მასპინძლებს სამჯერ ჰქონდათ რეალური საგოლე შანსი, თუმცა, ქუთაისელთა კარში დამაჯერებლად იდგა ოთო გოშაძე.
ამრიგად, საქართველოს სუპერ თასის ფინალში თბილისის „იბერია 1999" ქუთაისის „ტორპედოს" დაუპირისპირდება. მესამე ადგილს კი, „დილა" და „დინამო თბილისი" გაითამაშებენ. თამაშები 1 ივლისს გაიმართება.





ჩვენ








